LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ ყოფილ გუნდს მოუგო

69

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მე-12 გამარჯვება მიითვალეს. “მეომრებმა” ეს ოკლენდში, გვარიან ბრძოლაში მოახერხეს. კალიფორნიას ესტუმრა ფაჩულიას ყოფილი გუნდი “ატლანტა”, რომელმაც ზაზას მერე ალ ჰორფორდიც დაათრეიდა და ამ სეზონის წინ “ჰიუსტონიდან” წამოიყვანა ნბა-ს ყველაზე მასიური და სახელიანი ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. “სუპერმენისა” და სხვა ყოჩაღი ატლანტელების მეოხებით, ოკლენდელებმა გვარიანად ინერვიულეს, მაგრამ ისე არ გატყდნენ, რომ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შინაურ არენაზე შეეწყვუტათ.

თამაში თანაბარი იყო, მასპინძლებმა ვერ გატეხეს “ატლანტა”, რომელსაც მარჯვედ მიუძღვოდა სანაკრებო დონეზე ფაჩულიას მომავალი მეტოქე – ფერადკანიანი გერმანელი დენის შროდერი. “გოლდენ სტეიტი” მესამე პერიოდის უმეტესობას აგებდა, ხოლო ბოლო პერიოდი ოკლენდელებმა ერთქულიანი ჩამორჩენით დაიწყეს.

გადამწყვეტ 12-წუთეულში “გოლდენ სტეიტის” ლიდერების – კევინ დურანტისა და სტეფ კარის მექულეობით მასპინძლებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვება მოახერხეს, რაც გუნდური თამაშითა და დრეიმონდ გრინის გონივრული თამაშით ბოლომდე შეინარჩუნეს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ატლანტელი “სულერმენი” ხანგრძლივად იმყოფებოდა თამაშში, ქართველი ცენტრი მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა. ზაზამ თავი არავის დააჩაგვრინა და იმ დროში, რაც პარკეტზე იყო, საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ოკლენდელთა 27-მა ნომერმა 2-დან ორივე ორიანი ჩააგდო და 4 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.
გამარჯვებულთაგან 25-25 ქულით სტეფ კარი და კევინ დურანტი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა 14 მოხსნაც მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ატლანტელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო შროდერი, ხოლო დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზე 14 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.

zaza-18-atlant

ამ მოგებით ოკლენდელებმა დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარეს და ახლა 16-ის წილ 2 მარცხი გააჩნიათ. შემდეგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 2 დეკემბერს, ისევ შინ, „ჰიუსტონთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები