LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ ყველაზე მეტი მოხსნა და პასებით კარის აჯობა (ვიდეო)

37

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა. ქართველი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიულად გაისარჯა ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში და “გოლდენ სტეიტის” მორიგ გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

ოკლენდელებმა “ჩიკაგო” 119:112 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-14 გასვლითი მატჩი მოიგეს. ეს შედეგი ნბა-ს ისტორიაში მესამეა, ხოლო რეკორდი “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ეკუთვნის, რომელმაც 1971-72 წლების სეზონში მიჯრით 16 გასვლითი შეხვედრა მოიგო.

მატჩის გმირი გახდა კლეი ტომპსონი, რომელმაც მატჩის მიწურულს, ჩამორჩენის შემცირებით ეგზალტირებულ ჩიკაგოელებს 2 ორქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 38 ქულას უწია. 30 ქულა მოინაგრა სტეფ კარიმ, კევინ დიურანტი კი 19 ქულას “დასჯერდა”.

რაც შეეხება ზაზას: ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთით გაატარა. ფაჩულიას 11 მოხსნა მატჩში საუკეთესო იყო, ხოლო 5 პასით მან ამ შეხვედრაში სტეფ კარის აჯობა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან სამივე ორქულიანიც ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 11 მოხსნით, 5 პასით დაასრულა. ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში “გოლდენ სტეიტმა” 31 ქულით აჯობა “ჩიკაგოს”. ამ მაჩვენებელში ფაჩულია მხოლოდ კევონ ლუნის (+33) ჩამორჩა.

ჩიკაგოში გამარჯვებით “გოლდენ სტეიტმა” ლიგის ლიდერობა გაიმყარა და სადღეისოდ 37 მოგების წილ 9 მარცხი გააჩნია. მორიგი მატჩი ზაზას გუნდს კვლავ გასვლაზე აქვს – 21 იანვარს დასავლეთის ერთ-ერთ ბობოლა “როკეტსს” ჰიუსტონში დაუპირისპირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები