LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 13 ქულა 19 წუთში

30

„გოლდენ სტეიტის“ მორიგი გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი წარმატებული მატჩი. 2017 წელს ოკლენდელებმა უკვე მეორე მატჩი მოიგეს და ქართველი ცენტრი ორჯერვე ასცდა 10-ქულიაან ზღვარს. „პორტლენდთან“ 125:117 მოგებულ მატჩში, ზაზამ 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.

მესამე პერიოდის დასრულებამდე 5:26 წუთით ადრე ფაჩულია მოდენიდან რომ გავიდა, თამაშში აღარ დაბრუნებულა. ქართველ ცენტრს, რომელიც ძირითადი ხუთეულის წევრია, დიდ ხანს არ ათამაშებენ, თორემ ის გაცილებით შედეგიანი იქნებოდა. ზაზას 19 წუთი დასჭირდა 13 ქულის მოსაგროვებლად. ის თავიდანვე აქტიურობდა და ბოძებულ შანსს, როცა პასს იღებდა, შეტევას ახმარდა. შედეგად, ზაზამ პირველ პერიოდში ნათამაშებ არასრულ 6 წუთში 6 ქულა მოაგროვა და მეორე პერიოდამდე მოედნიდან გავიდა.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ ზაზამ შეტევაში აქტიურობა განაგრძო, თუმცა დაცვასაც დიდ ყურადღებას უთმობდა და რაც მთავარია, ამ კომპონენტში საიმედოდ ირჯებოდა. მართალია, მან საბოლოოდ მხოლოდ 3 მოხსნა მიითვალა, თუმცა ფაჩულია კევინ დიურანტთან ერთად მატჩის საუკეთესო დამფარებელი გახდა. ორივე მათგანმა 3-3 დაფარება მიითვალეს.

ზაზა საკმაოდ მაღალი პროცენტულობით ესროდა: 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას, 3 მოხსნას და 3 დაფარებას ზაზამ თოთო ჩაჭრა-პასი მოაყოლა, ბურთი ერთხელ დაკარკა და ერთჯერაც დაჯარიმდა. საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც 35 ქულა მიითვლა. 30 ქულით დაასრულა შეხვედრა დიურანტმა, ხოლო კლეი ტომპსონმა ფაჩულიას მექულეობაში ბოლო წუთზე გადაასწრო, როცა ზუსტი ორიანით 14 ქულას უწია.

31 მოგებითა და 5 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ განაგრძობს ნბა-ს ლიდერობას. შემდეგი დაპირისპირება ოკლენდელებს ისევ შინ, 7 იანვარს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ შეუპოვარ გუნდ „მემფისთან“ ელით.

 

 

ფაჩულიას 11 ქულა და 9 მოხსნა 2017 წლის პირველ მატჩში

ზაზა ფაჩულიამ და „გოლდენ სტეიტმა“ 2017 წელი გამარჯვებით დაიწყეს. ოკლენდურმა გუნდმა წლის პირველი მატჩი „დენვერ ნაგეტსთან“ გამართა და 127:119 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი ზეშედეგიანად დაიწყო და „გოლდენ სტეიტის“ საწყისი 11 ქულიდან 7 მის ანგარიშზე იყო. ზაზამ საკუთარი ანგარიში ეგრედ წოდებული AND1-ით გახსნა. მან სტეფ კარის პასი მიიღო და ბურთი სერბი მეურვის, ნიკოლა იოკიჩის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, რასაც ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა. მორიგი ბურთი ზაზამ ჩატენა – ამჯერად დრეიმონდ გრინის პასი შეირგო. მესამედ კი ფაჩულიამ საკუთარი მასა გამოიყენა, მეურვე მოიშორა და მარჯვენა ჰუკით თამაშის მე-5 წუთისთვის მე-7 ქულა შეიმატა.
ფაჩულიას შემდეგ კიდევ მოუხდა მოედანზე გამოსვლა – მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდებში და მისმა სათამაშო დრომ მთლიანობაში 19 წუთი შეადგინა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 9 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 1 პასი მიითვალა. ზაზამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი გუნდის სარგებლიანობით. რაც თამაშში იმყოფებოდა, მისმა გუნდმა მეტოქეს 17 ქულით აჯობა. ამ მხრივ ზაზას შემდეგ დრეიმონდ გრინი მოდის (+11),რომელმაც სამმაგი დუბლი (15 ქულა, 13 პასი, 10 მოხსნა) მიითვალა, ხოლო უარესი შედეგი (-4) კევინ დიურანტს ჰქონდა.
მატჩის ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა 25 ქულით, 22 ქულა მოაგროვა სტეფ კარიმ, ხოლო კევინ დიურანტმა თავი 21 ქულას მოუყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები