LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 25 წუთი და 8 ქულა “იუტასთან” წაგებულ მატჩში

40

რეგულარულ ჩემპიონატში პირველობაგანაღდებულმა და ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობის დამბევებელმა „გოლდენ სტეიტმა“ პლეი ოფის დაწყებამდე ბოლოსწინა მატჩი გამართა. უმოტივაციო ოკლენდელებმა, რომლებმაც კლეი ტომპსონი დაასვენეს და ტრავმამოშუშებულ კევინ დიურანტს ფორმაში შესასვლელად ასპარეზი დაუთმეს, „იუტა ჯაზთან“ დამარცხდნენ.

თანაბარ ბრძოლაში საბოლოოდ სტუმარმა იუტელებმა 105:99 იმარჯვეს, რითაც საკუთარი სატურნირო ვითარება გაიუმჯობესეს, ხოლო „გოლდენ სტეიტის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა დიურანტის მორიგი ორმაგი დუბლით. 40-დღიანი უქმობის შემდეგ ოკლენდელთა სუპერვარსკვლავი მოედანზე 2 დღის წინ ორმაგი დუბლით დაბრუნდა და ახლა „იუტასთან“ იგივე გაიმეორა. დიურანტმა 33 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითალა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მისთვის საშუალოდ გამოყოფილ დროზე მეტ ხანს ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა 25 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. „გოლდენ სტეიტში“ 28 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი, ხოლო ოკლენდელთა სათადარიგო ცენტრმა ჯავალ მაკგიმ 15 წუთში 11 ქულა მოაგროვა.

66 მოგებითა და 15 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ პირველ ადგილზეა და ასე დარჩება 13 აპრილის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 82-ე მატჩის შემდეგაც. ოკლენდს „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ესტუმრება და ეს იქნება მორიგი სარეპეტიციო მატჩი პლეი ოფის წინ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები