LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას ეფექტური პასი და დამაჯერებელი გამარჯვება (ვიდეო)

50

“გოლდენ სტეიტ უორიორზმა” მორიგი მატჩი მოიგი, ზაზა ფაჩულიამ კი მორიგ მძლავრ ოპონენტთან დაპირისპირება წარმატებით ჩაატარა. ოკლენდელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის კერკეტ წარმომადგენელ “დეტროიტს” უმასპინძლეს, რომლის ლიდერიც გოლიათი ცენტრი ანდრე დრამონდი გახლავთ. შეხვედრა “გოლდენ სტეიტმა” დამაჯერებლად – 127:107 მოიგო, რაშიც ოკლენდელთა აღიარებულ ლიდერებთან ერთან სოლიდური წვლილი ქართველ ცენტრსაც ეკუთვნის.

ფაჩულიას სტეფ კარის, კევინ დიურანტისა და კლეი ტომპსონის დარად ქულები უხვად არ მოუხვეჭავს, თუმცა მისმა კარგმა დაცვამ ანდრე დრამონდს პროდუქტულობა შეუზღუდა, ხოლო ქართველის გონივრულმა ბლოკებმა ოკლენდელ მექულეებს სროლების განსახორციელებლად სივრცეები გაუთავისუფლა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბლოკისას, მატჩის მე-5 წუთზე დაშავდა დეტროიტელთა ძირითადი მსროლელი კენტავიუს პოუპი, რომელიც სტეფ კარის მისდევდა და გზად ჩამდგარ ზაზა ფაჩულიას მასიურ ტანს შეეჯახა. პოუპს მხარი დაუშავდა და მოედნიდან რომ გავიდა, აღარც დაბრუნებულა. კარიმ კი ის სროლაც ჩააგდო და ფაჩულიას ბლოკების შემწეობით შემდეგ კიდევ – არაერთიც.
ზაზა სასტარტო იყო, რისი აღნიშვნაც უკვე აღარცაა საჭირო, რადგან მას ამ სეზონში ყველა შეხვედრა ძირითად ხუთეულში აქვს ნათამაშები. ფაჩულიას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზარდა და თუკი ახალ წლამდე საშუალოდ 17 წუთს აძლევდნენ, იანვარში გამართულ 6 შეხვედრაში ის მოედანზე საშაუალოდ 23 წუთით გადის.

ქართველმა ცენტრმა დაცვაში სიჩაუქეს შეტევაში მოპოვებული 7 ქულა მიამატა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და დრამონდზე განხორციელებული 1 დაფარება მიითვალა. ზაზა 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ორჯერ დაკარგა. რაც შეეხებათ ოკლენდელ ბომბარდირებს, დიურანტმა 25 ქულა მოაგროვა, კარიმ – 24 და ტომპსონმა – 23. დეტროიტელმა ანდრე დრამონდმა კი შეხვედრა 12 ქულით, 10 მოხსნით და 6 დაკარგვით დაასრულა.

34 მოგებითა და 6 მარცხით “გოლდენ სტეიტი” ლიგის ლიდერობას განაგრძობს. მორიგი ჯახი ოკლენდელებს სარევანშო აქვთ – 17 იანვარს “კლივლენდს” მასპინძლობენ, რომელთანაც შარშანდელ ფინალში ტიტული, გასულ თვეში კი რეგულარული ჩემპიონატის მატჩი დათმეს (108:109).
აღსანიშნავია, ზაზას მორიგი ეფექტური ეპიზოდი: მატჩის მეორე მეოთხედში “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა 2 ქულა კევინ დურანტის ეფექტური პასის შემდეგ მიითვალა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=-uzsqAKter0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები