LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი სიფრთხილით შეიძლება, ეს რეფორმა ჩავარდეს – რა შეიცვალა ავტომობილების ინსპექტირებაში

39

2018 წლის 1-ლი იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება – რეფორმის ამოქმედებამდე ერთი თვეა დარჩენილი, დეტალები კი უცნობია.

ინსპექტირებას პირველ ეტაპზე 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ასევე, ცნობილია, რომ რეგლამენტის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში, შემოწმების გავლა ყველა სახის ავტოტრანსპორტს მოუწევს, თუმცა, რიგითობა უცნობია.

“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენელი ეკა ლალიაშვილი “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ კანონის გარდამავალი დებულებებიდან მუხლის ამოღებით, ეკონომიკის სამინისტრო უფრო მოქნილი ხდება. მას შეუძლია რეფორმაში, ყოველ სამ თვეში ახალი ცვლილებები შეიტანოს. თუმცა ამ ცვლილებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.

“არ ვიცით ორი წლის განმავლობაში, როგორ მოხდება ამის გაკეთება. ტექნიკური რეგლამენტი 1 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს მთავრობამ – პრაქტიკულად რეფორმამდე ერთი თვით ადრე, არავითარი მონაცემები არ გვაქვს.

ეს გვაძლევს შიშის საფუძველს. შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტრო თავად არ არის ჩამოყალიბებული ამ ყველაფერზე, ან არის მეორე ვარიანტი: არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ეს ყველაფერი გაუზიაროს საზოგადოებას.

როდესაც ასეთი მასშტაბური რეფორმა კეთდება, წინასწარი კამპანიებია აუცილებელი.

ზედმეტი სიფრთხილით შეიძლება ეს რეფორმა ჩავარდეს და ისეთი არ გამოვიდეს, რისი მოლოდინიც რეალურად გვაქვს. გვეშინია არ დარჩეს ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის.

ინფორმაციის ვაკუუმი და კარჩაკეტილობაა. ამხელა რეფორმაა და არ ვიცით, როგორ კეთდება, ვისთვის კეთდება და ა.შ.” – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა “ფორტუნასთან”.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კერძო სექტორია, რადგან კერძო სექტორი ვერასდროს იქნება მზად, თუ მათ არ ექნებათ გარანტია, რომ მომხმარებელი ეყოლებათ.

“აუცილებელია დრო და გარანტიები იმისთვის, რომ კერძო სექტორი მზად იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არ გვქონდეს ცენტრები, სადაც ავტომობილები უნდა შემოწმდეს.

საერთოდ არ არის ასევე საუბარი, როგორ მოხდება ამ რეგლამენტის აღსრულება პოლიციის მიერ. ასევე, არ არის საუბარი თანამედროვე ტექნიკის ინტეგრაციაზე”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებაც, ეკონომიკის სამინისტროდან ამ კითხვებზე პასუხებს ელის.


თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები