LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზომბებზე სერიალი ნანკა კალატოზიშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გარეშე გაგრძელდება

1946

„ჯი-დი-ეს“-ის პროექტი „პარადოქსი“, პირველი ქართული სერიალი ზომბებზე, რომლის ავტორიც ჯაბა მელქაძე გახლავთ, გრძელდება. როგორც ჯაბა ამბობს, მეორე სეზონს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უკრაინელი მაყურებელიც, ოქტომბერში იხილავს. ქართველი ზომბებით უკრაინული ახალგაზრდული არხი NLO TV დაინტერესდა და მეორე სეზონი სრულიად ახალი პერსონაჟებით, მათ შორის უკრაინელი მსახიობების მონაწილეობითაც, ორი ტელევიზიის კოპროდუქციის შედეგად იქმნება. პირველ სეზონში მთავარ როლებს თორნიკე გოგრიჭიანი და ნანკა კალატოზიშვილი ასრულებდნენ. სერიალის მეორე სეზონი მათ გარეშე გაგრძელდება.

ჯაბა მელქაძე:

„პარადოქსი“ ჩვენი ტელევიზიისთვის ექსპერიმენტული პროექტი იყო. ხუთ სერიაში დავასრულეთ და ვნახეთ, რომ საქართველოშიც იყო შესაძლებელი ამ ტიპის სერიალის გადაღება. „ჯი-დი-ეს“-ი წელიწადში ორჯერ კანის ტელემარკეტში მონაწილეობს. იქ წარვადგინეთ „პარადოქსი“ და ჩვენდა გასაკვირად, მისით უკრაინული ახალგაზრდული არხი NLO TV დაინტერესდა, შეიძინეს და პირველი სეზონი გაუშვეს. რეიტინგით კმაყოფილი დარჩნენ და მათი დაფინანსებით და ჩვენი პროდაქშენით მეორე სეზონის გადაღება დავიწყეთ, თუმცა ძველი ამბის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ.

სერიალში დარჩება მხოლოდ პოსტაპოკალიპტური თემა და ზომბები და ამბავი ახალი პერსონაჟის გარშემო იტრიალებს. ახალგაზრდა, წარმატებული ექიმის როლს სპორტსმენი რატი წითელაძე განასახიერებს, რომელიც მაყურებელს ალბათ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობით ახსოვს. ასევე მთავარ როლებში არიან გიორგი მასხარაშვილი და ია სუხიტაშვილი. დაგვემატნენ უკრაინელი მსახიობებიც, ანასტასია შერემეტი და ალექს კომაროვსკი.

პრემიერა როდის იგეგმება?

20 ოქტომბერს შედგება მეორე სეზონის პირველი სერიის ჩვენება. მას ნახავს ქართველი და უკრაინელი მაყურებელიც, თუმცა სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

ერთი საინტერესო დეტალიც უნდა აღვნიშნოთ – პირველ სამ სერიაში მოქმედება ყაზბეგში ვითარდება. უკრაინელები ნახავენ, რამდენად კარგი ადგილებია საქართველოში კინოგადაღებებისთვის და ვფიქრობთ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები