LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე „ბასიანის“ საქმის მოსამართლის წინააღმდეგ

81

„გირჩის“ წევრი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც „რეპერების საქმეს“ და „ბასიანზე“ მომხდარ სისხლიან გარჩევას ერთმანეთს ადარებს და წერს, რომ ერთი და იგივე მოსამართლემ, რომელმაც რეპერ ბიჭებს ჩადებულ ნარკოტიკზე გირაო არ შეუფარდა, სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაო გამოიყენა.

ზურაბ ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიციამ, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, ერთ დღეს დააკავა ორი ახალგაზრდა ორივეს, სხეულზე ერთსა და იგივე ადგილას ‘აღმოაჩნდა’ ერთი და იგივე ფერისა და ფორმის რაღაც აბები, ორივეს შემთხვევაში ყველა ტიპის ექსპერტიზამ ორგანიზმში ვერ დაადგინა რაიმე სახის ნარკოტიკის არსებობის კვალი, ორივე უარყოფდა რაიმე სახის შემხებლობას ნარკოტიკებთან, საქმეზე მოწმეები იყვნენ მხოლოდ პოლიციელები. ერთადერთი, რაც ამ ორ ახალგაზრდას აერთიანებდა, იყო დაკავების წინა დღეს „იუთუბზე“ გავრცელებული კლიპი, რომელშიც ისინი დასცინოდნენ პოლიციის იმ ნაწილს, რომელიც სავსებით დამსახურებულად მოიხსენიება, როგორც ‘ძაღლობა’. ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანისთვის, რომელიც ესწრებოდა სასამართლო პროცესს, 100%-ით ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა პოლიციელების მხრიდან პრიმიტიულ შურისძიებაზე ნარკოტიკების ჩადების გზით. ერთ-ერთი დაკავებული (მეორეს შემთხვევა არ ვიცი, რადგან არ დავსწრებივარ მის სასამართლოს) სასამართლოსგან ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, პატიმრობიდან 50,000 ლარიან გირაოზე. მოსამართლე ბადრი შონიამ უარი განაცხადა გირაოზე და ახალგაზრდებს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა, ანუ გაუშვა ციხეში.

რამდენიმე თვეში, კლუბ „ბასიანის“ წინ, ღამით, ახალგაზრდამ ცივი იარაღით დაჭრა სამი ადამიანი – კლუბის დაცვის ორი წევრი და ერთი პოლიციელი, დაცვის ერთ წევრს თავზე ადევს ბევრი ნაკერი და მისი განცხადებით, რომ არა პოლიციელი, რომელმაც სცადა თავდამსხმელის გაკავება, რის შედეგადაც თავად დაიჭრა, ის დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე და იგივე მოსამართლემ, ბადრი შონიამ ეს ახალგაზრდა გაათავისუფლა 30,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

კითხვა:

მართლმსაჯულების რეფორმის რამდენმა ტალღამ უნდა გადაუაროს საქართველოს სასამართლოს რომ საღი აზრის მქონე მოქალაქისთვის გასაგები გახდეს სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს მოსამართლე ბადრი შონია გადაწყვეტილებების მიღების დროს?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები