თაკო ჩარკვიანი იუბილარია.
საკუთარ დაბადების დღეს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
„დედამ მითხრა ბავშვობაში (სამი წლის ვიყავი მგონი), შენ რომ დაიბადე, მამაშენი მთელი ღამე კლინიკაში იყო კობის ქუჩაზე სამშობიაროში, ვუთხარით კარგად ვართ, ექიმებმაც უთხრეს, მაგრამ ვერაფრით ვაიძულეთ სახლში წასულიყოო, რომ მეგონა რომ წავიდა, დილით შევიტყვე მთელი ღამე გაუთენებია, რამე არ გაუჭირდეთო. ჰოდა, მას შემდეგ, ყოველ წელს – 22 სექტემბერს ჯანუკის ვახსენებდი: აბა მომიყევი როგორ მითენებდი კობის ქუჩაზე თქო. გამიღიმებდა და მეტყოდა, კი, ნაღდად ეგრე იყო თაკუჩ და მერე, მე, კოია გომართელმა, დოდო აბაშიძემ, თენგიზ კეკელიძემ, ოთარ ჭილაძემ, ნოდარ ჩხეიძემ, ედიშერ ყიფიანმა, ბუჭუტა მდივანმა, გივი სამსონაძემ, ტარიელ ჭანტურიამ, ზურიკო ჩილაჩავამ, მოკლედ ბიჭებმა რა, თავზე დავიმხეთ ისე ვიქეიფეთ მთელი კვირა, დედაშენი მეუბნებოდა, გეფიცები უკან წავალ სამშობიაროშიო. მე კი, ამას რომ ყვებოდა იმ დროს ვაკვირდებოდი ხოლმე ჯანსუღს, რომ ჩამოთვლიდა მეგობრებს, რა სიყვარულით ჩაიცინებდა და ეშმაკური ღიმილი ეფინებოდა სახეზე, იქვე მიხვდებოდი რას ჩაიდენდნენ მისი „ბიჭები“ და როგორ მოილხენდნენ, დედაჩემი ახსენებდა გვარებს თუ ვინმე გამორჩებოდა და თან დააყოლებდა: ელდარ შენგელაია, არჩილ ასათიანი, იცი? დედაჩემის სახელი – თამარი, ჯანსუღმა დაგარქვაო მეტყოდა…
ახლა, აღარავის ვეკითხები-მა, როგორ იყო რომ მითენებდი? ვითომ არ ვიცოდი, ან არ მახსოვდა და მეათედ მოვაყოლებდი ამ ისტორიას…ვხედავდი რომ სიამოვნებდა. ახლა ზემოთ ჩამოთვლილთაგან არავინ არის ცოცხალი.
22-ია და არც მამუკას გამოგზავნილი ვარდები მომსვლია, არც დედაჩემის ხმაა სადმე-თაკო მოიწიე უნდა გაკოცო და ხელისცეცებით ტუჩებს მომადებდა, მე კისერში ჩავეხუტებოდი და ასე დიდხანს ვეწებებოდი, თბილი ბეღურასავით იყო, გატრუნულები ვიყავით ორივე, თითქოს მეშინოდა რომ ეს ბოლო ჩახუტება იქნებოდა, ვიცი რომ თავადაც ასე ფიქრობდა (ასე იყო ბოლო რამდენიმე წელი)
საოცარია, რომ ვიხსენებ, სამივეს ხმას ვიხსენებ პირველ რიგში, ხმის ტემბრი მახსოვს და მესმის, ხმა, სურნელი, ფერი, ღიმილი…აი ეს გამახსოვრდება, ეს არის ალბათ სული.
რაც გამახსოვრდება ეს არის სული-ენერგეტიკა.
22-ია და მე საოცარი ფერის, სიმხურვალის, ენერგეტიკის -სულის ადამიანებს ვიხსენებ და ბედნიერი ვარ ამით.
ჯანსუღი როგორც ამბობდა თავის ლექსში:
„მე ვტირი მაგრამ, სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი,“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
