საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, საქართველო მზად იქნება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის. როგორც პრეზიდენტმა, სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი, შესაბამისად საქართველოს პოლიტიკა ძალიან ნათელი და მტკიცეა.
“არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა. ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც. როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
