“ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში.”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჰოსპიტალში მოხვედრილი კორონავირუსით ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის.
კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3034 ახალი შემთხვევა
„ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. რაც შეხეება ასაკობრივ სტრუქტურას – გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალება ერთეულია. მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც. საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის დროული მომართვა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნებია სახეზე, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება კლინიკებში“,- განაცხადა გაბუნიამ.
