“ჩვენი ექსპერტების ჯგუფი ამ ეტაპზე განიხილავს იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ამ მიმართულებით მსჯელობენ და მნიშვნელოვანია, რომ იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რათა ჯანდაცვის სექტორში საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ:
“ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში.
მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან. ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა გაბუნიამ.
