„კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი ძალადობრივი მოწოდება და წახალისების არანაირი მუხტი აქ არ იყო. უბრალოდ ვუთხარი ადამიანს, რომელიც მაყენებდა პირად შეურაცხყოფას, როგორც თანაავტორს, მე მას ავუკრძალე“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როდესაც თქვა – „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში“.
ბექა ოდიშარია ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „არაფრის გატარებას არ აპირებენ და როდესაც ოპოზიციას თავს დაესხმებიან, საპასუხოდ ძალიან მძიმედ მიიღებენ“
„იმის ნაცვლად, რომ უხაროდეთ, პროგრესს რომ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად ცდილობენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმავნებლონ.
ჩემი განცხადება იყო მხოლოდ მორალური და ძალიან ძნელია შენს შვილებს ერთზე ესაუბრებოდე – შრომის, სწავლის, ცხოვრების წესის, ყველანაირი მაგალითს ევროპულს აძლევდე, მათაც უბიძგებდე, რომ ასეთი უნარ-ჩვევები გაიჩინონ და მათი ყურისთვის ეს ძალიან მძიმე მოსასმენია.
დედის გინებას, წყევლას, კრულვას და ტყუილს შევეჩვიეთ. ადამიანი, რომელიც კორუმპირებული ადამიანის ხელის ბიჭია და ფერი და ზნე იცვალა ერთ წუთში, როგორც კი რაღაც შემოსავალი გაუჩნდა, ახლა ის ადამიანი შენ რომ დაგდებს ბრალს პრორუსულობაში და ამას გეუბნება ადამიანი „ქურქუმალ ვაითი“, თუ რა ჰქვია.. თუ ეგ ადამიანი პროევროპელია და ჩვენ ვართ პრორუსები, ამ ქვეყანაზე სამართალი აღარ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველაფერს კარგად ხედავენ და ყველაფერს შეაფასებენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
