აბა, თუ გამოიცნობთ, წვიმის სუსხს ხალხი რითი მიმსუბუქებს? – ღომით და ხარჩოთი, ხალხნო…ნეტა ამ თანადგომას გადავურჩებოდე, – აღნიშნულის შესახებ დათო სიმონია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს გვიზიარებს.
„მე-7 დღე ზაჰესის იზოლატორთან.
ისევ ბევრი ხალხი იყო. ძალიან მცხვენია, ყველა სტუმარს თანაბარ ყურადღებას რომ ვერ ვაქცევ. შორიდან მოდიან, წვიმაში მიდგანან და ზოგს წესიერადაც ვერ ვეცნობი. ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ყველას სახე მახსოვს და სადაც გნახავთ, იქ ჩაგიკრავთ.
აბა, თუ გამოიცნობთ, წვიმის სუსხს ხალხი რითი მიმსუბუქებს? – ღომით და ხარჩოთი, ხალხნო. ზაჰესში, ქუჩაში, იზოლატორის წინ შემიძლია ცხელ-ცხელ ღომს ხარჩო მოვასხა და გავთბე. ნეტა ამ თანადგომას გადავურჩებოდე.
გადით საზმაუსთან და მერე რუსთაველზე. ცივა, მაგრამ გასათბობად ან ბრაზი გამოიყენეთ, ან – მზრუნველობა. გემოვნების მიხედვით“, – წერს დათო სიმონია.
დათო სიმონია მეშვიდე დღეა პროტესტის ნიშნად ზაჰესის იზოლატორთანაა. 14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა რესტორან „ბაბილოსთან” დაკავებულ ზვიად რობაქიძეს 10 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა. სიმონია ამბობს, რომ იზოლატორთან მეგობრის პატიმრობის დასრულებამდე დარჩება.