LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს პატიმრობა შეეფარდათ

131
დაურ ბუავა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

დღეს, სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, საბა ბოჭორიშვილის ადვოკატი მის მიმართ მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას, გივი გუდაძის ადვოკატი კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ არის და პროკურორის განცხადებით, მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

პროკურორ მარიამ ქორიძის თქმით, საუბარია ნარკოტიკულ დანაშაულზე და იმაზე, რომ ისინი აღნიშნულ საშუალებას მოიხმარენ. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი ფარულ ვიდეოჩანაწერზეც საუბრობს, სადაც მისივე თქმით, ბრალდებულები ვიდეოში აღწერენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულები თავად აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მათ დაიტოვეს, ნაწილი კი მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად გახდნენ, ერთი კი გარდაიცვალა.

„არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ის რაც უნდა გაეკეთებინათ, მითუმეტეს, რომ მეგობარს ეძახდნენ გარდაცვლილს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, შეეძლოთ, დაერეკათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ნარკოტიკი გადასცეს და ეთქვათ და გაეფრთხილებინათ.

ეს ყველაფერი დანაშაულთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ისინი თავადაც იღებდნენ და სხვებსაც უნაწილებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი თავისუფლებაში ყოფნით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე.

კითხვა მაქვს, რატომ არ შეატყობინეს დაურ ბუავას ან ქალბატონს, კლინიკაში მოხვედრისას ან კლინიკის დატოვების შემდეგ ეს ყველაფერი?

როდესაც გარდაცვალების შესახებ გაიგეს და კითხულობდნენ, რა მოუვიდათ, იქამდე რატომ არ იკითხეს?“ – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა საქმეზე ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, „მეთადონი“ მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6,27 გრამი „მეთადონი“ ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული.

რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

შეგახსენებთ, დაკავებულებიდან გივი გუდაძეს – ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბა ბოჭორიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა. აღნიშნული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები