LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის ახალ ხელმძღვანელი ინვესტორებს პირველ ფინანსურ ანგარიშს წარუდგენს

138
ჯონ ტერნუსი

ჯონ ტერნუსი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში პირველ კონფერენციას გამართავს, რომელზეც კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრებს. ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით ელოდებიან კომპანიის პროგნოზს, რათა შეაფასონ, შეძლებს თუ არა ახალი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი მეხსიერების ჩიპებზე მზარდი დანახარჯების კომპენსირებას.

ტერნუსმა, რომელმაც სექტემბერში ტიმ კუკი შეცვალა და კომპანიის ხელმძღვანელობა გადაიბარა, უკვე უხელმძღვანელა Apple-ის რამდენიმე ახალი პროდუქტის წარდგენას. მათ შორისაა კომპანიის პირველი დასაკეცი ტელეფონი, ჭკვიანი სახლის მართვის მოწყობილობა და Apple-ის პირველი ლეპტოპები სენსორული ეკრანით. ყველა ეს პროდუქტი კომპანიის მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში გამოვიდა ბაზარზე.

ახალი პროდუქტების წარდგენა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მეხსიერების ჩიპების ფასი მკვეთრად იზრდება. ტიმ კუკმა ამ პროცესს „ასი წლის წყალდიდობა“ უწოდა, რითაც ფასების ზრდის მასშტაბსა და გავლენას გაუსვა ხაზი.

ინვესტორები Apple-ისგან სამი ძირითადი საკითხის შესახებ ელიან განმარტებებს: პირველია წლის ყველაზე მნიშვნელოვანი, სადღესასწაულო კვარტლის გაყიდვების პროგნოზი; მეორე – ტერნუსის პოზიცია ხელოვნური ინტელექტისა და განახლებული Siri-ის შესახებ; მესამე კი მეხსიერების ჩიპების გაძვირება, რამაც, ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა კომპანიის კვარტალური მოგების ზრდა ბოლო ექვსი კვარტლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამციროს.

Apple ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განსხვავებული სტრატეგია აირჩიოს და თავისი პროდუქტები კონკურენტებისგან გამიჯნოს. მაგალითად, Meta Platforms-ის Muse აგენტმა ბოლო კვირების განმავლობაში App Store-ის რეიტინგებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

კონკურენტები, მათ შორის OpenAI, რომელიც Apple-ს სავაჭრო საიდუმლოების სავარაუდო მითვისების გამო უჩივის, ასევე მუშაობენ ისეთი მოწყობილობების შექმნაზე, რომლებმაც შესაძლოა iPhone ჩაანაცვლონ, როგორც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მთავარი ციფრული მოწყობილობა.

Apple-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს კომპანიის მომსახურების ბიზნესის მომავალზეც. ამ მიმართულებით ზრდის ტემპის შენელება ინვესტორების შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ეს ბიზნესი სწრაფად ფართოვდებოდა.

„აგენტური ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ბოლო დროს განვითარებული ინოვაციები ბევრად უსწრებს იმას, რასაც ამჟამად Siri-ის AI-ვერსიაში ვხედავთ. თუმცა Apple-მა განაცხადა, რომ Siri-ის ხელოვნური ინტელექტის მთავარი აქცენტი ნდობასა და კონფიდენციალურობაზე იქნება“, – განაცხადა დენ მორგანმა, Synovus Trust-ის პორტფელის მმართველმა.

მორგანის თქმით, Apple თავის ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ჩვეულებრივ მომხმარებლებზე გათვლით ავითარებს და არა სილიკონის ველის ტექნოლოგიურ წრეებზე, სადაც OpenAI-ის მსგავსი კომპანიების ყველაზე მოწინავე AI-მოდელებს აქტიურად იყენებენ.

მისივე თქმით, ინვესტორებს ასევე აინტერესებთ, შეძლებს თუ არა Apple მოგების მიღებას მესამე მხარის ხელოვნური ინტელექტის აგენტების App Store-ის საშუალებით გავრცელებით და ამ სერვისებით მიღებული შემოსავლის ნაწილის მიღებით.

Apple-ის აქციების ფასი კონკურენტებს უსწრებს

ამ ეტაპზე Apple-ის გადაწყვეტილებამ, არ ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტიციების რბოლაში, კომპანიას გარკვეული უპირატესობა მოუტანა.

მისი აქციების ფასი მიმდინარე წელს დაახლოებით 27%-ით გაიზარდა, რაც უკეთესი შედეგია, ვიდრე Microsoft-ის, Alphabet-ის, Meta-სა და Amazon-ის შემთხვევაში. ინვესტორები სულ უფრო მეტად უფრთხიან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებულ მზარდ ხარჯებს და ისეთ კომპანიებს ეძებენ, რომლებსაც ამ მიმართულებით შედარებით ნაკლები ფინანსური ტვირთი აქვთ.

LSEG-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple-ის შემოსავალი ივლისი-სექტემბრის პერიოდში, რაც კომპანიის ფისკალური წლის მეოთხე კვარტალია, თითქმის 11%-ით გაიზრდება და 113.39 მილიარდ დოლარს მიაღწევს. წმინდა მოგების ზრდა კი დაახლოებით 6%-ით, 29.04 მილიარდ დოლარამდეა მოსალოდნელი.

iPhone-ების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, დაახლოებით 15%-ით გაიზრდება და 56.54 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ზრდის უფრო ნელი ტემპია წინა სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც iPhone-ის გაყიდვები დაახლოებით 22%-ით გაიზარდა.

ფინანსური შედეგები მოიცავს ახალი iPhone 18 Pro-ს გაყიდვების მხოლოდ ცხრა დღეს. რაც შეეხება iPhone Duo-ს, კომპანიის პირველ დასაკეც ტელეფონს, ის ბაზარზე 23 ოქტომბერს გამოვიდა და მისი გაყიდვები უკვე მომდევნო, სადღესასწაულო კვარტლის შედეგებზე აისახება.

ინვესტორები დასაკეცი iPhone-ის გაყიდვებსაც დააკვირდებიან

ინვესტორების ყურადღების ცენტრში იქნება ისიც, თუ როგორ იყიდება ახალი iPhone Duo, რომლის საწყისი ფასი აშშ-ში 1 999 დოლარია.

მოწყობილობის ზოგიერთმა მფლობელმა ეკრანის პრობლემების შესახებ განაცხადა, მათ შორის შიდა ეკრანზე ბზარებისა და ცენტრალური ნაკეცის გასწვრივ ხაზების გაჩენის თაობაზე. ამის საპასუხოდ Apple-მა დაზიანებული მოწყობილობების ჩანაცვლება შესთავაზა მომხმარებლებს.

მიუხედავად ამისა, iPhone Duo-ს ონლაინშეკვეთები გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში ამოიწურა.

კვლევითი კომპანია IDC-ის ანალიტიკოსი ნაბილა პოპალი ვარაუდობს, რომ ეკრანის პრობლემების მიუხედავად, iPhone Duo-ზე მოთხოვნა მიწოდებას კვლავ გადააჭარბებს. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს Apple დაზიანებული მოწყობილობების ჩანაცვლებას იმ პირობებში, როდესაც პროდუქტის მარაგები ისედაც შეზღუდულია.

Bank of America-ს შეფასებით, iPhone Duo-ს მყიდველებს შეკვეთის მიღებისთვის საშუალოდ 79 დღის ლოდინი უწევთ, ხოლო მიწოდება შესაძლოა იანვრამდე გაგრძელდეს.

წყარო: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები