მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
სალომე სამადაშვილის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით, თუმცა საუბარმა არალეგიტიმურობაზე და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„ინაგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.
ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, 16 დეკემბერს, მათი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ თელავი განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.