LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ“ – შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ორი პირი დააკავა

211
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები