LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო იცეკვებს ამ სიმღერაზე” – ლაშა ღლონტი ახალ კლიპს იღებს

2178
lashaglontibatuminews

მომღერალი ლაშა ღლონტი სიმღერაზე ,,აჭარული” პირველ კლიპს იღებს. გადაღებები მის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში მიმდინარეობს. სიმღერა ედუარდ გორგილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი ზურაბ გორგილაძეა. როგორ გაჩნდა კლიპის გადაღების იდეა, ვინ მონაწილეობენ კლიპში, სად მიმდინარეობს გადაღებები და როდის შედგება პრემიერა – ამ კითხვებზე ,,არ დაიდარდოს” მომღერალმა უპასუხა.

როგორ გაჩნდა კლიპის იდეა და რომელ სიმღერაზეა გადაღებული?

ეს იყო მე და ჩემი მეგობრის ერთობლივი იდეა, ბათუმში მაქვს საკუთარი მუსიკალური სტუდია ,,ლალე”, სადაც მუშაობენ უნიჭიერესი პედაგოგები. ერთ-ერთი პედაგოგის სიმღერა მომასმენინა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ლელა მითაიშვილმა, რომელიც ამ კლიპის პროდიუსერია. ეს კომპოზიტორი კი გახლავთ ედუარდ გორგილაძე. ამის შემდეგ კი გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ეს პროექტი. ტექსტის ავტორი გახლავთ ცნობილი ქართველი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც აჭარის შვილია.

ვინ იყვნენ კლიპის გადაღებაში ჩართულნი?

კლიპის გადაღებაში იღებდნენ მონაწილეობას ჩემი მეგობრები, ასევე დაგვეხმარა ბათუმის მერია. მინდოდა ეს ყველაფერი პანდემიამდე მომხდარიყო, თუმცა ამან შეგვიშალა ხელი და გადაგვიწია გეგმები. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური კლიპი, არის დრაივი და აბსოლუტურად სხვა მიმართულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო იცეკვებს ამ სიმღერაზე.

როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც კლიპს მშობლიურ ქალაქში იღებდით?

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ბათუმელს, რომლებიც გულით და სულით გვეხმარებოდნენ. პროექტს ჰქვია ლაშა ღლონტის ,,აჭარული”, როდესაც გაიგეს, რომ სიმღერაც იქნებოდა ბათუმზე, ძალიან ბედნიერები იყვნენ. იდეა იყო ასეთი, ვინც კლიპში იღებდა მონაწილეობას ყველა უნდა ყოფილიყო აჭარელი.

როგორ მიმდინარეობდა გადაღების პროცესი?

გადაღების პროცესიდან გავიხსენებდი იმას, რომ გამოვიყენეთ ბათუმური წვიმა, რეჟისორიან მსახიობიანად დავსველდით ყველა, წვიმამ კიდევ მეტი ხალისი შემოიტანა გადაღების პროცესში. კლიპი გადავიღეთ ბათუმის ისეთ ძველ უბნებში, რომელიც ყველასათვის უცნობია და ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა თვალით დაინახავენ ბათუმს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მსახიობს, მოცეკვავეს, ბათუმის მაცხოვრებელს და პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ორგანიზებაში.

სად და როდის იგეგმება კლიპის პრემიერა?

კლიპის პრემიერა შედგება სექტემბრის თვეში რუსთავი 2-ზე, გადაცემა ,,პროფილში”, რადგან ჩემი ყველა სიმღერის სატელევიზიო პრემიერა შედგა სწორედ ,,პროფილში” და შესაბამისად ახლაც არ ვღალატობ ამ ტრადიციას.

ჩვენი მსმენელი თქვენი სიმღერებით ყოველთვის განებივრებულია, შესაბამისად, როგორც ყოველთვის ალბათ ახლაც სიმღერის რადიო პრემიერა ჩვენს ეთერში შედგება…

რა თქმა უნდა სიმღერის პრემიერა თქვენს რადიო ჰოლდინგში შედგება, მე ვთანამშრომლობ რადიო ,,არ დაიდარდოსთან”. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ თქვენგან.

ზაფხულის კონცერტებზე და სამომავლო გეგმებზე, რომ ვისაუბროთ..

ზაფხული მაქვს ძალიან დატვირთული, რადგან პანდემიის პერიოდში რა კონცერტებიც გადამედო,  ტარდება ახლა, ოღონდ ღია ცის ქვეშ, ყველა რეკომენდაციის დაცვით. ასევე გადაიდო ძალიან ბევრი კონცერტი ქვეყნის გარეთ, ორი გერმანიაში, ორი ირლანდიაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისრაელში, მაგრამ უკვე დამიკავშირდნენ ნელ-ნელა სიტუაცია ლაგდება და მეც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები