ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე  „რუსთავი 2“- ის ეთერში,  პროექტის  „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი მიმდინარეობს, ყოველ ხუთშაბათს 17:00 საათზე კი რადიო „არ დაიდარდო, ნიჭიერის მონაწილეებს მასპინძლობს. ამჯერად, გადაცემის სტუმარი 13 წლის მომღერალი მარიტა ხვედელიძე გახლდათ, რომელიც მომღერალ ბიძასთან, ტატო გოდერძიშვილთან ერთად გვეწვია.

-ტატო, ნიჭიერის მსვლელობისას კადრში დაგინახე როგორ გულშემატკივრობდი მარიტას…

-მგონი, მარიტაზე მეტად განვიცდიდი და ვნერვიულობდი. ნამდვილად უნიჭიერესი გოგო გვყავს. ძალიან იშვიათია, როდესაც 13 წლის ბავშვი ასე პროფესიონალურად მღერის.

-მარიტა, მოგვიყევი შენს შესახებ, რა ასაკიდან მღერი?

-დაახლოებით, 4 წლის ასაკიდან დავიწყე სიმღერა. პირველი სიმღერა, რომელიც შევასრულე  ნოდარ ნიკოლაიშვილმა დამიწერა. უამრავი საკონცერტო ტურნე მქონია. ტატო ბიძაჩემია და ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. დუეტიც გვაქვს ერთად.

ტატო: მარიტას ნუგზარ კვაშალთან და ბესიკ კალანდაძესთანაც ჰქონდა დუეტი.

მარიტა: ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა წლების შემდეგ  გადავწყვიტე სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს. ვსწავლობ ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში. ახლა, როგორც იცით მონაწილეობას ვიღებ პროექტში „ნიჭიერი“ და სამომავლოდაც ვგეგმავ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას.

-როგორც ვხვდები კონკურსები გიზიდავს. შიშის და დაძაბულობის მომენტი არ გაქვს?

-ძალიან მიყვარს კონკურსები. ბუნებრივია, სიმღერის წინ ცოტათი ვღელავ, მაგრამ როდესაც სიმღერას ვიწყებ ბოლომდე შევდივარ როლში და მავიწყდება სად ვარ. ნიჭიერში მონაწილეობაც ჩემი და ბებიაჩემის ერთობლივი სურვილი და ინიციატივა იყო.

-რამდენად კმაყოფილი ხარ ხოლმე საკუთარი შესრულებით ?

-ზოგადად, ჩემი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ დადებით მხარეებსაც ვაქცევ ხოლმე ყურადღებას.

-ტატო, შენ როგორ შეაფასებ მარიტას ?

მინდა გითხრათ, ძალიან დიდი ბედნიერებაა ასეთი ნიჭიერი დის შვილის ყოლა, ყოველთვის გვაბედნიერებს და გვახალისებს მისი წარმატებები.  ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანია. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის ასევე კარგად სწავლობს. ყველაფერი კარგი შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე.

-მარიტა, ძირითადად რა ჟანრის სიმღერებს მოიცავს შენი რეპერტუარი?

-სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ვასრულებ, კონკრეტული განხრა არ მაქვს. მხიარული სიმღერებიც მომწონს და წყნარიც. თუმცა, ძირითადად წყნარ სიმღერებს ვასრულებ.

-გყავს საყვარელი შემსრულებელი?

-ჩემი საყვარელი მომღერლები არიან: უიტნი ჰიუსტონი, მიკლ ჯექსონი, ჯესი ჯეი და კრისტინა აგილერა.

-ქავერების შესრულება მოგწონს ?

მარიტა: -კი, ძალიან მომწონს.

ტატო: – ძალიან კარგადაც გამოსდის. მინდა აქვე ხაზი გავუსვა ძალიან მაგარ პროექტს, რომელიც მერაბ სეფაშვილთან ერთად ჩაწერა და რომელიც ახლა მზადების პროცესშია. სიმღერის კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი გია მაჭარაშვილი გახლავთ, ჩაიწერა ცირა ბზიშვილთან. საბოლოო ეტაპზე, რომ მივალთ, რა თქმა უნდა, პირველი თქვენი რადიოს მსმენელი შეაფასებს.

-მარიტა, პროექტში „ნიჭიერი“ თუ გყავს შენი ფავორიტი მონაწილე ?

-ბევრი ნომრით მოვიხიბლე, თუმცა გამორჩეულად მომწონს მომღერალი ანა უზნაძე და ძალიან მომწონს ილუზიონისტების ნომრებიც.

-ტატო შენ და მარიტა თუ აპირებთ დუეტის ჩაწერას?

-ალეკო ბერძენიშვილის სიმღერაზე ვაპირებთ დუეტის ჩაწერას. ეს სიმღერა ადრეც ჩავწერეთ, მაშინ მარიტა ძალიან პატარა იყო.

-მარიტა,სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევი…

-ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს, მაგრამ ერთ-ერთი, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება არის ის, რომ დავით დოიაშვილმა მის სპექტაკლში მიმიწვია. ეს კი ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ასევე ვგეგმავ სხვა პროექტებში მონაწილეობასაც, მათ შორის საზღვარ გარეთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მარიტა ხვედელიძე & ტატო გოდერძიშვილი – ალილო. Live

 

მარიტა ხვედელიძე & ტატო გოდერძიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები