LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემდეგი სიმღერა უკვე იქნება ნატო და ბიჭები, შემიტყუეს…“ – ნატო გელაშვილი აქტიურ შემოქმედებას შვილებთან ერთად უბრუნდება

5
natogelashvili14.11

თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტს“ ყველასთვის საყვარელი ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი შვილებთან, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად სტუმრობდა. გადაცემის ფარგლებში ნატოს შვილების პირველი სიმღერის „ისე ძლიერ შეგიყვარე“ პრემიერა შედგა.

ნატო, მახსოვს ერთობლივად დავიწყეთ თითქოს, როდესაც „არ დაიდარდო“ იხსნებოდა… სწორედ მაშინ იქმნებოდა უამრავი ჰიტი, რომელიც დღემდე ცოცხლობს , მოთხოვნადია, სმენადია და რადგან მე „არ დაიდარდოს” გახსნის დღიდან აქ ვარ, შენთან ასოცირდება ეს ყველაფერი…

„არ დაიდარდო” როდესაც გაიხსნა ყველაზე დიდი ნაწილი რეპერტუარის იყო ჩემი. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ აქტიურად იწერებოდა სიმღერები, ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებში მოგეხმარეთ და მივეხმარეთ ერთმანეთს. თქვენ რადიოში ხდებოდა ყველა ამბავი და ყველა პრემიერა და მგონი დღემდე ასეა. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ თქვენთან.

სანამ ახალ სიმღერაზე ვისაუბრებთ, რომელსაც შენი შვილები ასრულებენ, ვისაუბროთ სიახლეებზე, შესაძლოა პროექტის სახეც მიიღოს ამ წამოწყებამ?

დიდი ხანია ვაპირებდით, უბრალოდ რატომღაც ასე მოხდა. მე ჩამოვშორდი როგორც დედა და მსმენელს ჯერ ბიჭები გავაცანი, გზადაგზა კი გავაკეთებთ პროექტს „ნატო და ბიჭები”.

ლუკა:

საკმაოდ ფართო წრეს მოვედეთ არა სცენიდან, არამედ ქალაქიდან, სუფრიდან და ა.შ. ყველასგან აშკარად დადებითი ემოცია იყო, გამოხატავდნენ მოწონებას, ზოგმა იცოდა , რომ ნატოს შვილები ვიყავით, ზოგმა არა. დედა უყურებდა ამ ყველაფერს, დედაზე უკეთესი შემფასებელი კი მე პირადად საქართველოში არ მეგულება. თვითონაც როდესაც მიხვდა , რომ იმ დონეზე ვართ, რომ უკვე შეგვიძლია, გვითხრა, რომ შემიძლია ჩემი სიმღერაც მოგანდოთო. ურთულესია დედის სიმღერის მღერა, ამას სჭირდება სასწაული პროფესიონალიზმი, ტექნიკა, შინაგანი ემოცია, რაც ყველაზე მეტად აკლია დღევანდელობას. ვოკალური მონაცემებიც გვაქვს, გენეტიკით დაგვამადლა და რაღაც გამოგვივიდა, დანარჩენი ხალხმა შეაფასოს.

ნატო, ეს არის ახალი სიმღერა, რომელიც ბიჭებმა შეასრულეს?

ნატო:

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ეს იყო ყველაზე რთული მომენტი, თუ რა სიმღერით შეიძლებოდა ბიჭები პირველად გამოჩენილიყვნენ. არ მინდოდა გადამღერებული და საბოლოოდ გადავწყვიტე საკმაოდ რთული სიმღერა ემღერათ. მე მუსიკაში ვერც შვილს ვერ ვინდობ, ეს ცნობილია, რაც მუსიკას ეხება, იქ ჩემთვის დანდობა არ არსებობს, შვილი იქნება, შვილიშვილი თუ მეგობარი, უნდა მიიღო ის ხარისხი რაც გინდა. მე ბიჭებს ჩავუტარე ძალიან დიდი გამოცდა და ვთვლი რომ ჩააბარეს, სხვანაირად ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით.

„ისე ძლიერ შეგიყვარე“ რიგით პირველი სიმღერა გიორგის და ლუკას შესრულებით, რომელიც სპეციალურად მათთვის დაიწერა, რომელ სტუდიაში მოხდა სიმღერაზე მუშაობა ?

„სანო რეკორდსში” ჩაიწერა, უღრმესი მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობრებს, ბებერ ლომებს ვეძახი, ყველა ერთად ჩაება. ჩვენ დავარქვით ნათლობა ამ სიმღერას, ვინც შეეხო ყველა ამბობდა ნათლია ვარო, მე როგორც კომპოზიტორი ვიყავი მათი ნათლია, ნინო გულიაშვილი როგორც პიანისტი, ბორიკო შხიანის არანჟირებაა. დიდი სიყვარულია ამ სიმღერაში ჩადებული და თითოეული ადამიანის დიდი გულშემატკივრობოთ არის გაკეთებული, ისე რომ ბოლომდე პროფესიულ დონეზე ყოფილიყო ყველაფერი. მე ვთვლი, რომ როდესაც სერიოზულ ნაბიჯს დგამ , დიდი მნიშვნელობა აქვს რას მღერი, რამდენად დატვირთულს. ბიჭები მღერიან ქართული რეპერტუარის 90 პროცენტს , ორივეს უყვარს შინაგანად მუსიკა და მღერიან ბავშვობიდან, მაგრამ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგე. თვითონ მუსიკა იმდენად მაღალხარისხობრივია, არ შეიძლება მარტივად, აგდებულად მიუდგე… ბიჭებმა ყველა საფეხური გაიარეს, პირველად ეზიარნენ ყველაფერს, დებიუტია ასე შეიძლება ითქვას.

მომავალში აუცილებლად იქნება არსებული სიმღერების ახალი ვერსიები, მაგრამ უფრო მეტად იქნება ახალი სიმღერები. ჩემთვისაც სიახლეა, მუხტია, დიდი ხანი მქონდა პაუზა, ახლა დროა მე გავუკეთო და დავუტოვო ისე, რომ თავისი სიტყვა თქვან არა გადამღერებულით არამედ თავიანთი რეპერტუარით.

იქნება თუ არა მომავალში, ნატო გელაშვილის სოლო სიმღერები?

რა თქმა უნდა იქნება, ზოგადად ძნელია სიმღერისთვის დუეტის შექმნა, მე მოსმენისთანავე მივხვდები, რომ ეს არ არის ბიჭების სამღერი და არის ჩემი, ან თუნდაც სხვისი. ეს პროექტი არ ნიშნავს, რომ მე მხოლოდ ბიჭებს დავუწერ სიმღერებს და სხვას არა.

ლუკა:

ჩვენი მისია იყო, რომ დედა დაბრუნებულიყო შემოქმედებაში და ეს მისია შევასრულეთ.

ნატო:

შემდეგი სიმღერა უკვე იქნება ნატო და ბიჭები, შემიტყუეს…

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები…

 

 

გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები – ისე ძლიერ შეგიყვარე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

ნატო გელაშვილი და გიორგი ჭოხონელიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”

ფოტოები 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები