LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ უნდა აკეთოთ ის საქმე, რაც ნერვებს გიშლით და ემოციებს გაცლით“ – ანზორ ოდიშარია

10
ანზორი

6 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა პროფესია, კარიერა, მინერალები და დილის რუტინა გახლდათ.

ანზორ ოდიშარია: დღეს ისეთი თემები გვაქვს, რომლებიც ალბათ ყველას აინტერესებს, ფინანსები, პროფესია და ის მნიშვნელოვანი საკითხი თუ როგორ უნდა გავიკვლიოთ გზა კარიერულ მწვერვალზე.

-მაინტერესებს, თქვენთან მოსული ადამიანები, ყველაზე ხშირად რა თემით ინტერესდებიან?

-მათი ინტერესები კომპლექსურია და გეტყვით რატომ. ფინანსები და პარტნიორული ურთიერთობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ ფინანსური პრობლემები გვაქვს, ალბათობა იმისა, რომ პარტნიორულ ურთიერთობებშიც პრობლემები გვქონდეს დიდია. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს, შესაძლებელია პრობლემა გაჩნდეს ორივე სფეროში, ურთიერთობებშიც და ფინანსებშიც. უცნაური ბმა აქვს ამ სფეროებს. თუ მხოლოდ ურთიერთობების კუთხით მოგვმართავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მარტივია ამ ყველაფრის გამოსწორება, ბედის ხაზების გახსნა, ჰარმონიზაცია და ა.შ.

-საკმაოდ პატარა ასაკში გვიწევს პროფესიის არჩევა. როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი პროფესია, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

-არასწორი პროფესიის არჩევამ, შეიძლება დააზიანოს როგორც ჯანმრთელობა, ასევე პარტნიორული ურთიერთობა. ძირითადად, შინაგანი ძახილი და ენერგია მიუთითებს ადამიანს რა არის მისი პროფესია, მისი მისია, ვინ უნდა გამოვიდეს და სად არის მისი ადგილი. ამ კითხვას პასუხი ჩვენს ბავშვობაშიც ეცემა, ჩვენს ინტერესებზე მიუთითებს თუ რას ვთამაშობთ, რაზე გვაქვს მიპყრობილი ყურადღება, რა არის ჩვენი ინტერესის საგანი. ასეთ დროს, მშობლის დაკვირვებულ თვალს არ უნდა გამოეპაროს თუ რა მიმართულების თამაშს ანიჭებს შვილი უპირატესობას.

-აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ცუდად ერევიან შვილის პროფესიულ არჩევანში…

-ნამდვილად, ხშირად მშობლების ზეწოლით ხდება კონკრეტული პროფესიის არჩევა და შემდეგ ამის გამო შვილები იტანჯებიან. არასწორია ისიც, როდესაც მშობლები აგრესიული ფორმით აიძულებენ შვილებს მეცადინეობას, უყვირიან. ეს ნიშნავს, რომ მშობელს არ ყოფნის ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად აუხსნას კონკრეტული საგნის თუ ინფორმაციის სწავლის მნიშვნელობა. როგორც ყველას, ბავშვსაც სჭირდება მოტივაცია სწავლისთვის. როდესაც ბავშვი იწყებს განვითარებას, თუ სწორად არ მოხდა მისი მონაცემების გამოყენება და შეფასება, ის ვერ მოახერხებს ბოლომდე იყოს ბედნიერი თავისი პროფესიით, თუნდაც იპოვოს თავისი მიმართულება. ბედნიერების უნარიც ისევე ისწავლება, როგორც სიყვარული, ფინანსების კეთილდღეობის უნარი და ასევე ისწავლება უნარი თუ როგორ ვისწავლოთ. ნუმეროლოგია, ასტროლოგია, ეზოთერიკა ადამიანებს უადვილებენ სიტუაციას, რომ იპოვონ შესაფერისი პროფესია, გაიგონ რისი რესურსი აქვთ. ჩვენ ამას ადამიანის ტიპაჟზე და მოქმედებებზე ზედმეტი დაკვირვების გარეშე ვხედავთ, ადამიანის ენერგეტიკაშია აღწერილი თუ რა უნარ-თვისებები აქვს. დამიჯერეთ, არ უნდა აკეთოთ ის საქმე, რაც ნერვებს გიშლით და ემოციებს გაცლით.

 -როგორც ვიცი, გარკვეული ნაბიჯების გადადგმისას მნიშვნელოვანია სწორი, შესაფერისი თარიღის შერჩევა…

-ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ამ ყველაფერს არ ვითვალისწინებთ, სამწუხაროდ, დგება ისეთი შედეგები, რომელიც არ გვსურდა, რომ დამდგარიყო.

-მინერალები რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად გვეხმარება წარმატების მიღწევაში?

-მინერალები და ენერგეტიკული დამხმარეები წამალივითაა. მინერალებს აქვთ გამაძლიერებელი ენერგია. ენერგია არის ის, რაც სამყაროს მართავს. თუ სწორად შევარჩევთ თილისმას, თუ ვიპოვით ქვას, რომელიც ჩვენია, რომელიც გვეხმარება წარმატების მიღწევაში, საოცრებები დატრიალდება ჩვენს ცხოვრებაში. ადამიანები 10-15 წელი ელიან, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი დადგეს მათ ცხოვრებაში, ერთი სწორი მინერალი და მათი ბედისწერა იწყებს გამოსწორებას. რა თქმა უნდა, მინერალები და თილისმები არ არის წარმატების გარანტია, მაგრამ ისინი ეხმარებიან ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ადამიანები ზოგჯერ იმდენად არიან დაზიანებულნი, რომ თილისმების და მინერალების ზემოქმედება უშედეგოა.

-არასწორად შერჩეულ მინერალს შესაძლოა ცუდი ზემოქმედება ჰქონდეს ადამიანზე?

-რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ ადამიანს, რომელსაც მოჭარბებული აქვს ენერგია, მივცემთ ისეთ მინერალს, რომელიც ენერგიას კიდევ უფრო გააქტიურებს, ეს ენერგია უკვე მის შიგნით დაიწყებს „ბრძოლას“ და შეიძლება ადამიანი ცუდ შედეგამდე მიიყვანოს. თუ ადამიანი არასწორ მინერალს ატარებს, შეიძლება არასწორი მიმართულებით წავიდეს მისი ცხოვრება.

-ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ხარება და ვიცი, არის კონკრეტული რიტუალები, რომელთა ჩატარებაც დაგვეხმარება ვიყოთ გახარებულები, ბედნიერები და სიყვარულით სავსეები…

-თვითონ სახელიც როგორი საინტერესოა „ხარება“, სიხარულთან, ბედნიერებასთან, რაღაც ისეთ მოვლენასთან ასოცირდება, რომლითაც შეგვიძლია პოზიტიური ენერგია შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ ამ პერიოდში ტაძრებში ტარდება სპეციალური განწმენდის რიტუალები, ტარდება შვიდგზის ზეთის ცხება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული წმენდაა და დაგროვილ ნეგატივს აშორებს. ყველას ვურჩევ, ამ ღვთისმსახურებაში ჩაერთონ. გარდა ამისა, კარგია ხის დარგვა, ხე ახალი სიცოცხლეა, აფიქსირებს შენს ძალას, ენერგიას. განსაკუთრებით კარგია თუ ალუბლის ხეს დარგავთ. დღეს, 6 აპრილს შემდეგი რიტუალის ჩატარებაც შეგიძლიათ…(რიტუალი იხილეთ ვიდეოში). აქვე, მინდა, რომ დილის რიტუალებზე ვისაუბროთ. დილა არის ის მონაკვეთი, როცა ჩვენ პირველ ენერგიას ვიღებთ და ვივსებით ენერგიით, რომელიც მთელი დღის მანძილზე მოგვყვება. არაფრით არ შეიძლება დილით უეცრად ჩავეხუტოთ ვინმეს, თუნდაც ეს ჩვენთვის საყვარელი ადამიანი იყოს. პირველი ენერგია ცოტახნით უნდა დარჩეს ჩვენთან, არ უნდა მოხდეს ამის გაზიარება. დამიჯერეთ, ეს ძალიან დიდი ზემოქმედებაა, რადგან დილის პერიოდში, ორგანიზმიდან გამოდის ტოქსინები, ცუდი ენერგია და სხეულზე, კანზეა განთავსებული. დილით, პირველ რიგში, აუცილებელია ხელ-პირის, სხეულის განბანა და ამ დროს უნდა ვთქვათ შემდეგი წინადადება „ძილის დროს მიღებული ნეგატივი, მთელი დღის მანძილზე დაგროვილი ენერგია, დაე წაიღოს წყალმა, ჩამორეცხოს, გამწმინდოს, გამამთლიანოს“. როგორც კი ამ რუტინას ჩაატარებთ, ჩაის, ყავის, წყლის თუ სხვა სასმლის მიღებისას აუცილებელია ჩაატაროთ შემდეგი რიტუალი…(რიტუალი იხილეთ ვიდეოში). ადამიანის აურა 20-30 სმ-ში ვრცელდება, როცა ამ სფეროში ვიღაც შემოდის, ის ღიზიანდება, ამიტომ თავდაცვის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია ტანსაცმლის ჩაცმისას, ნებისმიერ სამოსს კონკრეტული დამცავი ფუნქცია მივანიჭოთ. თქვენი სამოსი შეიძლება იყოს აბჯარი, ენერგეტიკული დამცავი გარსი. სახლიდან გასვლისას, როგორც კი სახლის ზღურბლს გადავალთ აუცილებლად უნდა წარმოვთქვათ შემდეგი სიტყვები „ჩემო ანგელოზო, იყავი ჩემთან, ჩემს მცველად და მფარველად, წამოდი ჩემთან ერთად“, თქვენ ამით თქვენს მფარველ ძალებს იხმობთ. დაუშვებელია, დილით კონფლიქტი, რაც არ უნდა მოხდეს, კონფლიქტში არ შეხვიდეთ. როცა წყნარ, ჰარმონიულ დილის წესს დანერგავთ, თქვენი ცხოვრებაც წყნარი, მშვიდი იქნება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეექვსე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები