LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს გვერდზე ჩემზე ნიჭიერი მუსიკოსები უნდა იყვნენ – ეს არის ჩემი დევიზი“ – გიორგი სუხიტაშვილი

2
1-76

Ardaidardo.Ge
გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იყო. როგორც აღმოჩნდა მონატრებული რესპონდენტის შემოქმედებაში არაერთი სასიამოვნო სიახლეა – კინომუსიკასთან დაკავშირებული პროექტი, შავ-თეთრი კლიპი, რომლის გადაღებაც უკვე დასრულდა და ბავშვთა სტუდია „ვივო“, რომელიც მომღერალმა მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა.

გიორგი მოგესალმები, როგორ მოიცალე, რომ მოახერხე და მოხვედი?

მიჭირს ხოლმე, თან უარს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ მიყვარს თქვენთან სტუმრობა, მიყვარს ერთია და თან როგორც მომღერალს გჭირდება კიდეც, რათა შენი ნამუშევარი, რასაც აკეთებ მსმენელამდე მიიტანო. ცოტა გაგვეწელა, მაგრამ როგორც ხედავ მაინც მოხერხდა.

ალბომზე მუშაობაზე რას გვეტყვი?

ეს არის პროექტი, რამდენად მიიღებს ალბომის სახეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ პროექტი 10-15 სიმღერისგან უნდა შედგეს და ეს იქნება ქართული კინომუსიკა, ძალიან ბევრი ცნობილი კომპოზიტორის ჩვენთვის საყვარელი სიმღერები. ამ სიმღერებს არ აქვს ასაკი, არ არის კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი, ეს არის ყველასთვის, ვისაც როგორ მოესმინება ისე უნდა მოისმინოს, ზოგს მოეწონება, ზოგს არა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემი ვალია ქართულ მუსიკაში ჩემი ვერსია გავაკეთო. სიმღერა მაშინ უფრო ცოცხლობს, როდესაც სხვადასხვა ვერსიებით აკეთებენ, სიმღერის კონსერვაციას არ ვემხრობი. კომპოზიტორებს ან მათ მემკვიდრეებს სულ ვთხოვ, რომ თუ გვინდა ამ კონკრეტულმა კომპოზიტორმა იცოცხლოს და განაგრძოს თანამედროვეობაში არსებობა, აუცილებელია კომპოზიციებზე სხვადასხვა თაობებმა იმუშაონ. ეს არის ჩემი იდეა და ინიციატივა, მყავს ბენდი, სახლში ვაკეთებ მონახაზს და შემდეგ სარეპეტიციოში ბიჭებთან ერთად ხორცს ვასხამ იდეას. სამი კომპოზიცია უკვე მზად არის, მგონია რომ ცუდი ხარიხსი არ არის და სულ ვამბობ ხოლმე, ჩემს გვერდზე ჩემზე ნიჭიერი მუსიკოსები უნდა იყვნენ – ეს არის ჩემი დევიზი.

„ვივოდან“ სოლოკარიერაზე გადასვლა „ჯეოსტარს“ უკავშირდება?

არა, „ჯეოსტარი“ არ იყო მიზეზი, ამის მიზეზი იყო დათუნა მგელაძის ტრამვა, გვახსოვს ავარიაში მოყვა 2008 წელს, დიდხანს ვერ ახერხებდა აქტიურად ჩართვას, ჯამში ოთხნი ვიყავით ჯგუფში და ერთ ერთი წევრი ასევე გამოეთიშა ჯგუფს. იმ წელს თან თეატრალური დავამთავრე, დიდი ვაკუუმი იყო. ასევე, 2008 წლის ომის პერიოდი იყო, ჩემამდე ოთხი სეზონი იყო გასული „ჯეოსტარის“, მაგრამ არ გამჩენია ჩართვის სურვილი, 2008-ში კი მინდოდა ქართლიდანაც ყოფილიყო მომღერალი წარმომადგენელი და სწორედ ამიტომაც ჩავერთე. პოლიფონია დღემდე მიყვარს, დღემდე მენატრება და უამრავ ჯგუფთან ვთანამშრომლობ, რომ ეს პოლიფონიის მცდელობა შევივსო. „ვივო” კონკრეტული პროექტებისთვის იკრიბება, ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო კონცერტისთვის შევიკრიბეთ და ორი კომპოზიცია გავაკეთეთ. ასევე ლელა წურწუმიას სოლო კონცერტისთვისაც შევიკრიბეთ და ერთი სიმღერა შევასრულეთ. მომავალში არ ვიცი რა იქნება, არაფერს გამოვრიცხავ ცხოვრებაში.

ჯგუფს დიდი პროფესიონალი გედგათ სათავეში…

მე და ზაზა დღემდე ვთანამშრომლობთ, ახალი ამბავი წამოვიწყეთ, ზოგადად მუსიკასთან და ბავშვებთან მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი გამოცდილება სჭირდება. დიდი ჭიდაობით შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთა სტუდია გავაკეთოთ და იმასაც დავარქვით „ვივო“, რადგან ეს სახელი ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს. ჩემი აზრით, თუ ბავშვს სმენა არ აქვს, მშობელს უნდა უთხრა და მისცე არჩევანი, იქნებ მას უნდა, რომ ბავშვმა კომუნიკაცია ისწავლოს, სტუდიაში ბევრი სხვა თვისებების შეძენა შეიძლება, უამრავ რამეს სწავლობს ბავშვი, არ არის აუცილებელი ყველა მომღერალი გამოვიდეს.

მოგვიყევი კლიპზე, რომელსაც ერთი წელია იღებ და ფეხიც იღრძე ამ პროცესში…

კიდევ კარგი გადაღებების შემდეგ ვიღრძე და არა პროცესში. ეს კლიპი დავიწყეთ შარშან ზამთარში, გვინდოდა რომ ძალიან კარგი გამოსულიყო, ჩემი მეგობარი გვანცა მეფარიშვილი იღებს, სიმღერაზე „აჩრდილივით სულ თან დაგდევ”. მონტაჟი დაიწყება უკვე მალე, საველე სამუშაოებმა ჩაიარა და სტუდიურზე გადავდივართ, შავ-თეთრი იქნება კლიპი დანარჩენს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი უკვე სოციალური ქსელიდან და ტელევიზიიდან შეიტყობს.

„მიმღერე რამე“ გიორგი სუხიტაშვილი და „ეს ბენდის“ შესრულებით, რომლის ექსკლუზივიც „დაიდარდოს” ეკუთვნის, მომიყევი ამ ნამუშევარზე…

ახალი კინოპროექტის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია „მიმღერე რამე”, ჩემი ბენდი ოთხი ძირითადი წევრისგან შედგება, ამ კონკრეტულ კომპოზიციაში საყვირზე ლევან კემულარია უკრავს, მასთან ბევრი წელია ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ. ბენდს აქვს ძალიან კარგი თვისება, მოქნილია, შეგვიძლია რომ ოთხიდან გავხდეთ ათი, შემდეგ გავხდეთ ორი და ა.შ. იმედი მაქვს მსმენელი ძალიან შეიყვარებს ამ ვერსიას, ემოციურად ძალიან კარგი სიმღერაა. ძალიან კარგი შემადგენლობა მყავს და ძალიან მიხარია და მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. აქვე მინდა აღვნიშნო და მსმენელს ვუთხრა, რომ შეუძლიათ „დააშაზამონ“ სიმღერები და ნებისმიერ პლატფორმაზე მოძებნონ, გაოფიციალურებულია, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩემი ალბომი და ყველა ნამუშევარი, სინქრონიზირდება მსოფლიოსთან. მე ვიცავ უფლებებს და სხვებსაც მოვუწოდებ არ მოიპარონ, ქავერის გაკეთებისთვის გამოითხოვონ უფლება.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ…

 

გიორგი სუხიტაშვილი & S-Band – მიმღერე რამე


გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი სუხიტაშვილი – ტრიალებს. Live


გიორგი სუხიტაშვილი. I ნაწილი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

გიორგი სუხიტაშვილი. II ნაწილი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები