LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი სცენიდან მეღვინეობამდე

9
chonas-marani

„ჭონას მარანი“ არის ჭონიშვილების საგვარეულო მარანი, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში. ოჯახს გააჩნია ნატურალური ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობებს და დაფუძნებულია კახურ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე, რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებასა და დავარგებას.

ღვინო იწარმოება საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნიდან. ვენახის მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. ვენახის მოვლა, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება და ბოთლში ჩამოსხმა – ხორციელდება ოჯახის წევრების მიერ.

“ჭონას მარნის” დამაარსებელი, მეპატრონე და სულისჩამდგმელი კი  მიხეილ ჭონიშვილი გახლავთ.

მეღვინეობით დაინტერესება ბავშვობიდანვე დაიწყო, რადგან ოჯახში მრავალ თაობას ჰქონდა ღვინის დაყენების ტრადიცია. მეღვინეობას  სერიოზულად 2010 წლიდან შეუდგა.გააშენა  საკუთარი ვენახი და დაიწყო  მარანში საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნის დაწურვა. რაც შეეხება განათლებას, გარკვეული ცოდნა ამ მხრივ  ოჯახიდანაც მოყვებოდა, ასევე ეცნებოდა ლიტერატურას . გაიარა მეღვინეობა-მევენახეობის კურსები ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ეს  იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ დღესაც განაგრძობს ამ კუთხით განათლების მიღებას.

ბოთლის ეტიკეტი და “ჭონას მარნის” ემბლემა ანას მეღვინე მიხეილ ჭონიშვილის მეუღლის შემოქმედებაა. ანა პროფესიით მხატვარია და შესაბამისად ამ საპატიო მისიის შესრულებაც მას ხვდა წილად.

ვენახი გაშენებულია წინანდლის მიკრო ზონაში, სოფელ კურდღელაურში, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. მისი ფართობი შეადგენს 2 ჰექტარს. ვენახის მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. გაშენებული ჯიშები ზუსტად მიესადაგება ამ კონკრეტული ზონისთვის დამახასიათებელ გარემოს და ნიადაგის შემადგენლობას.

გაშენებული ჯიშები: კახური მწვანე, რქაწითელი, საფერავი

ჭონას მარნის ვენახებში, რთველი იწყება სექტემბრის ბოლოს. რთველის დაწყებამდე მოწმდება ყურძნის სიმწიფე და ირჩევა ყურძნის დასაკრეფად ოპტიმალური პერიოდი. დაკრეფილი ყურძენი ტრანსპორტირდება ვენახიდან მარანში ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული მტევნის მთლიანობა. ამის შემდეგ ხდება სპეციალური საწნეხი აპარატით ყურძნის დაწურვა ქვევრებში.

დაწურვის შემდეგ იწყება ფერმენტაციის (დუღილის) პერიოდი, როდესაც ხდება შაქრის გარდაქმნა სპირტად. ეს პროცესი მთლიანად ორგანული, ველური საფუარის მეშვეობით მიმდინარეობს. დუღილის პროცესში ხდება ჭაჭის ინტენსიური „დარევა“ ქვევრებში, რაც ხელს უწყობს შაქრის დაშლასა და ფენილური ნაერთების, სასარგებლო ტანინების გადასვლას ღვინოში. პირველადი და მეორადი დუღილის დასრულების შემდეგ მოწმდება ღვინო ლაბორატორიულად, რათა განისაზღვროს მისი პარამეტრები.

ფერმენტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ხდება ქვევრის პირამდე გადავსება, დალუქვა და დამარხვა ლამით – გაზაფხულამდე.

გამოზამთრების შემდეგ, აპრილის პირველ დეკადაში ხდება ქვევრის გახსნა, ღვინის დაგემოვნება, ხელმეორე ანალიზი, ჭაჭიდან მოცილება და ბუნებრივად გაფილტრული ღვინის გადაღება სუფთა ქვევრებში, რის შემდეგაც 4-5 თვე ხდება ღვინის საბოლოოდ დაწმენდა და ჩამოსასხმელად გამზადება.

ღვინის ჩამოსხმა ტრადიციულად ხდება ქართული მრავალხმიანი სიმღერის თანხლებით, რაც ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილია და თან სდევს ღვინის დეგუსტაციას, ჭონას მარნის მფლობელი ასევე ანსამბლ ალილოს წევრი და მეორე ხმა გახლავთ, შესაბამისად ღვინის ხასიათი ქართული სულით და სიმღერის სიყვარულით არის გაჯერებული.

ამ ეტაპზე სამი სახეობის ღვინოს აწარმოებს – რქაწითელს , მწვანეს და რქაწითელისა და მწვანეს კუპაჟს.

იგეგმება ჭონას მარნის ღვინის ექსპორტზე გატანაც.

რქაწითელი

ქარვისფერი მშრალი ღვინო, დაყენებულია წინანდლის ზონაში მოყვანილი ყურძნისგან, რაც ითვლება ერთერთ საუკეთესო მიკროზონად თეთრი და ქარვისფერი ღვინოებისთვის. ღვინო დაყენებულია ტრადიციული კახური ტექნოლოგიით – ქვევრში ჭაჭაზე დავარგებით. ღვინო მდიდარია ტანინებით, რაც მის სხეულს ძლიერსა და დაბალანსებულს ხდის. ღვინოს აღენიშნება მწიფე ხილის – გარგრის, მსხლის, კომშის, ასევე თაფლის არომატები.

ეს ღვინო შესანიშნავია – შემწვარ ხორცთან, ფრინველთან, ასევე ყველთან, მოხალულ თხილთან და ნიგოზთან.

ღვინო ინახება გრილ ადგილას მუდმივ ტემპერატურაზე 14-15 გრადუსზე.

მწვანე

ქარვისფერი ღვინო, დაყენებულია წინანდლის მიკრო-ზონაში მოწეული კახური მწვანე-ს ჯიშის ყურძნიდან, რაც ერთერთი საუკეთესო ზონაა ამ ჯიშისთვის. ღვინო დაყენებულია ტრადიციული კახური მეთოდით, ქვევრში ჭაჭაზე დავარგებით. ღვინო მდიდარია სასარგებლო ტანინებით. მას აღენიშნება მდიდარი არომატი. მასში თავმოყრილია როგორც მწიფე ხილის ასევე ციტრუსისა და პიტნის არომატები, რაც მის სხეულს ძლიერსა და საინტერესოს ხდის.

შესანიშნავია როგორც შემწვარსა და მოხარშულ ხორცთან, ასევე ყველთან, თევზთან და ბოსტნეულთან.

მწვანე & რქაწითელი

ქარვისფერი მშრალი ღვინო, დაყენებულია წინანდლის მიკრო-ზონაში მოწეული კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძნისგან. ღვინო დაყენებულია ქვევრში, კახური ტრადიციული ტექნოლოგიით – ჭაჭაზე დავარგებით. ღვინო მდიდარია სასარგებლო ტანინებით, რაც მის სხეულს ძლეირსა და დაბალანსებულს ხდის. ამ ღვინოში თავმოყრილია როგორც რქაწითელის, ასვე კახური მწვანესთვის დამახასიათებელი არომატები. აღენიშნება როგორც მწიფე ხილის, ასევე პიტნისა და ტარხუნის გრილი ტონები

ღვინო უხდება შემწვარ, მოხარშულ ხორცს, ასევე შემწვარ თევზსა და ყველს.

შეინახეთ და მიირთვით გრილ ტემპერატურაზე 15-16 გრადუსზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები