LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთგვარი მალამო გახდა ეს სიმღერა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ამ სიმღერით დავბრუნდებით აფხაზეთში“

21
archvadzejinoria (1)

„რადიო დუეტს” აფხაზეთისადმი მიძღვილი გრანდიოზული პროექტის ავტორები, მამა პეტრე კოლხი, დავით არჩვაძე და მურმან ჯინორია სტუმრობდნენ . „ფრთამოტეხილი მაფშალია“ – სიმღერა, რომლის მოსმენა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლის ხილვა უკვე შესაძლებელია , ექსკლუზიურად „არ დაიდარდოს“ რადიო ეთერში დაპრემიერდა.

სატელეფონო ჩართვა ნათია თოდუასთან:

მოგესალმები ნათია, ვსაუბრობთ სიმღერაზე „ფრთამოტეხილი მაფშალია” , ორიოდე სიტყვით მოგვიყევი ამ პროექტზე?

ნათია თოდუა: 

მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ ასეთი დადებითი გამოხმაურება მოყვა ამ სიმღერას და ძალიან ბევრ ადამიანს შეუყვარდა, რაც იყო კიდეც ჩვენი მთავარი მიზანი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ასეთი მშვენიერი სიმღერა შემესრულებინა, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მადლობა ყველას.

ნათია, როგორია სამომავლო გეგმები, შენს შემოქმედებაში, იგეგმება თუ არა ისეთი სიახლე, რომელიც საქართველოს უკავშირდება ?

ახლა გერმანიაში ვარ, გარდა კონცერტებისა დროს ვუთმობ ალბომზე მუშაობას, ჩემი პირველი ალბომი უკვე ხელმისაწვდომი იქნება ცოტა ხანში და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც აუცილებლად მოხდება ამ ალბომის პრეზენტაცია. ბევრი უნდა ვიშრომო, რაც ყველაზე მთავარია არსებობენ ადამიანები, ვინც ელოდება ჩემი ახალი ალბომის მოსმენას.

აღვნიშნავ, რომ გერმანელი გულშემატკივარიც გაამხნევა ახალმა სიმღერამ, როდესაც დაიდო და ნახეს ეს მათთვის ბევრს ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდათ ძალიან ბედნიერები იყვნენ , რადგან ნათია ისევ აქტიურია.

როდის გაჩნდა იდეა, როგორ შეიკრიბეთ, როგორ შეიფუთა ეს ყველაფერი?

პეტრე კოლხი :

მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს ეთერში გაიმართება ამ შესანიშნავი სიმღერის პრემიერა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გულს გაახარებს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოთხოვნა წამოვა, ეჭვი არ მეპარება, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა გახდება . მე არ ვიცი ამ წესებს ვინ ადგენს, მაგრამ დაბეჯითებით ვიცი , რომ უამრავი ადამიანის გული გაახარა ამ სიმღერამ და მათთვის უკვე აღიარებულია, რომ ეს წლის საუკეთესო სიმღერაა. სადაც არ უნდა გადიოდეს კლიპის თუ სიმღერის სახით, ყველა მხრიდან ძალიან დადებითი წერილები მომდის. ერთგვარი მალამო გახდა ეს სიმღერა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის, რომელთათვისაც ჩვენ გვინდოდა ტკივილი თუ სიხარული გაგვეზიარებინა. ყველაზე მეტად ტკივილს, სათქმელს, ლექსი, პოეზია და სიმღერა უხდება და ვფიქრობ ამას ჩვენ ღირსეულად გავართვით თავი. ეს სიმღერა ჩაწერამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა, მე და დათოს ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გვქონდა ზუგდიდში, სადაც მეორე განყოფილებაში რამდენიმე ლექსი წავიკითხე და ერთ-ერთი იყო ეს „ფრთამოტეხილი მაფშალია”, თუმცა ამ ლექსს სათაური არ ჰქონდა და იქ გადაწყვიტა დათომ, რომ ამ ლექსზე სიმღერა შეექმნა.

ჩვენ ერთობლივი რამდენიმე შემოქმედებითი საზღვრარი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ჩვენი ერთობლივი შემოქმედების გვირგვინია. არ ვიცი მომავალში რა შეიქმნება, მაგრამ ვიცი, რომ „ფრთამოეხილი მაფშალია“ ეს ერთგვარი ბილიკი და გზა არის აფხაზეთამდე და ყველა ჩვენგანის გულამდე.

როგორც კი გადაწყდა სიმღერის ჩაწერა, ძალიან ბევრ ადამიანზე მიდგა არჩევანი, ჩვენს უამრავ სახელოვან, ღირსეულ მომღერალს უნდა ემღერა ერთად, იყო დუეტებზე საუბარი, იყო სოლოებიც, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ , რომ ეს სიმღერა არც მეტი არც ნაკლები ნათია თოდუას უნდა შეესრულებინა. არა იმიტომ რომ ის გამარჯვებულია, გერმანიაში მოღვაწეობს და ის არის ყველა ჩვენგანის ვარსკვლავი, არამედ იმიტომ, რომ ნათია არის აფხაზეთიდან დევნილი და სიმბოლური იქნებოდა, რომ ეს ნათიას ემღერა, მით უფრო როდესაც ეძღვნება აფხაზეთს, დაკარგულ ტერიტორიებს, ყველაზე მეტად ალბათ ნათია განიცდის იმ კუთხის, იმ ოდაბადის მდგომაროებას და ამჟამინდელ სიტუაციას, საიდანაც ის იძულებით გადადგილებულია, თუმცა ნათია მთელმა მსოფლიოს გაიცნო როგორც გოგონა აფხაზეთიდან და ეს სიმღერაც გარკვეულწილად სიმბოლოა გამარჯვებული მომღერლის მიერ შესრულებული, რომლის წინაშე დიპლომატიაც, ყოველგვარი მოლაპარაკებაც თუ ომიც არის უძლური და გარკვეულწილად ეს არის ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება, რომლითაც ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, ამ სიმღერით დავბრუნდებით აფხაზეთში !

დათოს იდეა იყო, რომ დუეტში ჩაწერილიყო და ვინ თუ არა მურმან ჯინორია, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის არის უნიჭიერესი, უძვირფასესი მსახიობი. ბატონი მურმანი ცნობილია თავისი ლექსებით, მხატვრული გამოთქმებით თუ სამსახიობო ნიჭით, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბატონი მურმანი ამ სიმღერაში მხოლოდ კი არ მღერის, ან მხოლოდ კი არ კითხულობს, ეს არის ტკივილიც, ნოსტალგიაც, სიხარულიც, წართქმაც, ტირილიც და გალობაც.

მადლობა დათო არჩვაძეს, ნათია თოდუას, ახალ კვარტეტს, თეატრალურ კვარტეტს, ჩვენ რამდენიმე ვერსია გვაქვს ამ სიმღერის. სოხუმის უნივერსიტეტის გვერდში დგომით შევქმენით კლიპიც, სადაც ბატონი მურმანი და ნათია ასრულებენ და ასევე ჩემი პატარა გოგონა სოფია იღებს მონაწილეობას. კლიპის სცენარი შევქმენი მე თვითონ, იმდენად მტკივნეულია აფხაზეთის თემა, რომ ნებისმიერი კუთხით თუ კურსით აფხაზეთი ყოველთვის აქტუალურია და ყოველთვის ძალიან შთამბეჭდავი. ეს კლიპი ავაგე მამა-შვილის ურთიერთობაზე, ეს ალეგორიაა, ანუ აფხაზეთი საქართველოს მიღმა დარჩენილი. ბატონ მურმანს აფხაზეთიდან მისი პატარა ქალიშვილი მოყავს, ამ შემთხვევაში სოფია, რომელიც იზრდება და ხდება ნათია თოდუა, ნათია რომელიც დევნილია აფხაზეთიდან – როგორც ლექსშია ნათვამი ” უსახლკაროს უყურებენ ზიზღით, გული სკდება, რომ დევნილი ქვია“ … ჩვენ ვგეგმავთ რომ ამ სიმღერით და ლექსით მოვეფეროთ აფხაზეთს და როდესაც ნათიას სოლო კონცერტი დაინიშნება აფხაზეთში ის ამ სიმღერას აფხაზურად აუცილებლად შეასრულებს და სიმბოლურია ისიც , რომ კლიპში ბატონი მურმანი და მისი შვილი გამარჯვებული ნათია თოდუა ენგურის ხიდზე ხვდებიან ერთმანეთს, ნათია გადმორბის აფზათიდან , ხვდება მონატრებულ მამამისს და მიუძღვის წინ აფხაზეთისკენ, რადგან მისმა სიმღერამ სასწაული მოახდინა და აფხაზების გულებიც გაათბო.

დათო, მოგვიყევი ვიდეორგოლზე, როგორ შეიქმნა, როგორი იყო გადაღების პროცესი…

დავით არჩვაძე :

კლიპის რეჟისორი ლევან აბულაძეა, ძალიან თანამედროვე კლიპია, არაორდინალური კადრები, უმაღლესი ხარისხი, ერთ დღეში გადავიღეთ, ყველა ლოკაცია ავითვისეთ, დრონი ტექნიკურად გადაცდა საზღვარს, ეს ალბათ საიდუმლოა, რომელიც არც უნდა გამეთქვა, 7 კილომეტრით გადავიდა აფხეთში, დააჯდა ზემოდან რუსულ ბაზას, კიდევ კარგი არ შეამჩნიეს, მშვიდობის მტრედივით გავუშვით …

ბატონო მურმან , მოგვიყევით ამ გრანდიოზულ პროექტზე ?

მურმან ჯინორია:

სიტყვა ძალიან ძნელია რომ წარმოსთქვა, თუ მე მას რაიმე სიუჟეტი არ მოვუნახე და ამ სიუჟეტიდან გამომდინარე რაღაც მელოდიურად არ ვთქვი მგონია რომ ვიტყუები.

ლექსი ერთია, როდესაც დაწერს გალაქტიონი, ბარათაშვილი, ილია და ა.შ. მაგრამ შენ თუ შენი არ ჩადე მაშინ რა ფუნქცია გაქვს. დათო ჩემი დიდი ხნის მეგობარია და რომ მითხრა ასეთი რამ, ვუპასუხე მე ჩემს სპექტაკლებში ან სატელევიზიო დადგმებში ან კინოში რადიოში მიმღერია, მაგრამ… კლიპის გადაღება რომ გადაწყვიტეს გამიხარდა, როგორც მსახიობს , იქ უკვე შემეძლო ის გულის ნადები, ტკივილი, დარდი, მწუხარება გამომეხატა . ეს ჩემი ტკივილია, რომელიც გამოიხატება მელოდიაში, სიტყვაში და ვიზუალში. ხელოვნება ემოციური თუ არ იქნა, ვერ მიდის ადამიანების გულებამდე და თუ ვერ მიდის ადამიანების გულებამდე შენი როგორც ხელოვანის პროფესია უაზროა, ჯობია პოლიტიკოსი იყო და ილაპარაკო და ილაპარაკო. მთავარია თქვა ის , რაც მეორე ადამიანს თვალზე ცრემლს მოადენს. რომ მოვისმინეთ ყველამ ერთად, მოისმინეს ახლობლებმა, ამბობდნენ რომ ცრემლი გვადგებაო , ეს რა ტექსტი , მუსიკა დაიწერაო . ნათია ყველაზე ზუსტი არჩევანია. დიდი მადლობა მამა პეტრეს და დათოს, რომ ასეთ გაჭირვებაში მომახვედრეს , მაგრამ ზეიმია ახლა ეს ჩემთვის, მე ერთი დიდი როლი ვითამაშე.

დათოს ვუთხარი თავიდანვე , რომ შენს ნამუშევრებში ეს განსხვავებული და დასამახსოვრებელი სიმღერა იქნება მეთქი, საეტაპო და ასეც იქნება.

რომელ სტუდიაში ჩაიწერა, ვის ეკუთვნის არანჟირება?

დათო არჩვაძე : მაღალი ხარისხი მივიღეთ, ტრადიციულად , „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა , ზაზამ მოგვიწონა პროექტი და პეკეს, მამუკა ბეგაშვილს უდიდედსი მადლობა სასწაული არანჟირებისთვის . ისეთი ორკესტრია , რომ თვითონ გამღერებს, სიღრმისეული. სერიოზული პროექტი შედგა. დიდი ხანი მოვანდომეთ მუშაობას , ორი ცხოვრება გავიარე ამ სიმღერის შექმნის პროცესში, ისტორიული დღეები იყო, ბატონ მურმანთან ყოფნა ჩვენთვის ღმერთის უდიდესი საჩუქარი იყო. ორი სხვადასხვა კვარტეტი გავერთიანდით ამ სიმღერაში, გავაანსამბლეთ სიმღერის მეორე ნაწილი, ერთხმად შეკრული გუნდი მღერის და ეს არის ყველაზე დიდი მესიჯი, რომ ერთად ვუმღერეთ ჩვენს აფხაზეთს.

უამრავი წერილი მოგვდის , ეს უკვე ჩვენი გამარჯვებაა და ყველაზე დიდი ემოცია იყო, როდესაც ენგურის ხიდზე გადაღების პროცესში ჩავრთეთ „ფრთამოტეხილი მაფშალია“, ბოლო ხმაზე ავუწიეთ და ჯარისკაცებმა, კაცებმა, ცხარე ცრემლით იტირეს, ის ცრემლი ყველაზე დიდი ტაში იყო ჩვენთვის. დიდი მადლობა ზურა ხონელიძეს, აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორს, გვერდით დაგვიდგა, ურთულესია დღესდღეობით ამხელა პროექტის განხორციელება.

ჩვენ აფხაზეთი ჩვენს გულებში უკვე დავიბრუნეთ!

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

ნათია თოდუა, მურმან ჯინორია, დათო არჩვაძე, ქართული კვარტეტი & თეატრალურის კვარტეტი – ფრთამოტეხილი მაფშალია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

მამა პეტრე-კოლხი – აფხაზეთი. პოეზია არ დაიდარდოში

 

მურმან ჯინორია – კაცია და გუნება. პოეზია არ დაიდარდოში

 

მამა პეტრე-კოლხი, მურმან ჯინორია და დათო არჩვაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები