,,გამბედაობა და სიმამაცე სჭირდება პარტნიორული ურთიერთობის დაწყებასაც და დასრულებასაც“ - ანზორ ოდიშარია

13 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობა იყო. რადიოს მსმენელმა საინტერესო რჩევები მიიღო პირად ურთიერთობებზე. ანზორ ოდიშარიამ მსმენელს კვირის პროგნოზიც გააცნო.

 როგორ უნდა დავიწყოთ ან დავასრულოთ სასიყვარულო ურთიერთობა?

-გამბედაობა ძალისხმევა და სიმამაცე სჭირდება პარტნიორული ურთიერთობის დაწყებასაც და დასრულებასაც. ხშირად ტკივილის მომტანი და პრობლემური ურთიერთობის დასრულებაც უჭირთ ადამიანებს, რადგან არ ყოფნით ძალა, ეშინიათ. ხშირად ადამიანები ეჩვევიან ასეთ პრობლემატურ ურთიერთობას და ამ ურთიერთობის გადარჩენაზე უფრო არიან კონცენტრირებულნი ვიდრე ცხოვრებით ტკბობაზე, ბედნიერებაზე, რომანტიკაზე და ა.შ.

ზოგიერთ ადამიანს მარტო დარჩენის შიში აქვს, ზოგი კი შვილების გამო ეგუება მსგავს სიტუაციას. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

-როცა ურთიერთობის დასრულების დროა და ჩვენ არ ვასრულებთ მას, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო პრობლემური ხდება, რადგან ჩვენ უფრო ღრმად ჩავდივართ ამ ურთიერთობაში. ურთიერთობა უნდა დასრულდეს პირველივე ეტაპზე, როცა ხედავ, რომ ეს ის არ არის, რაც შენ გჭირდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სწორი მოლოდინები, რადგან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მეუღლე ვალდებულია ფინანსურად უზრუნველყოს მისი პარტნიორი, განსაკუთრებული ძალა და მხარდაჭერა დაანახოს, იყოს და არსებობდეს მხოლოდ მისთვის. როცა ურთიერთობა ვალდებულებებზე გადადის, იქ ურთიერთობა მთავრდება და სწორედ ეს არის წყვილების ძირითადი პრობლემა. თუ მე სურვილი მაქვს, რომ შენ ბედნიერი იყო, მე თუ სურვილი მაქვს, რომ შენ გაგახარო, ისედაც გაგახარებ, მაგრამ შენ არ უნდა გამხადო ვალდებული. როცა რაღაცას აკეთებ, პირველ რიგში შენ უნდა გიხაროდეს. ხშირად ამბობენ პარტნიორზე შეიცვალაო, არ შეცვლილა ის ასეთი იყო. კარგი მოვლენების სიხშირე იმიტომ შემცირდა თქვენს ურთიერთობაში, რომ წინ წამოიჭრა ვალდებულებები, კონფლიქტები და ის მიხვდა, რომ ისეთი არ ხართ, როგორიც ეგონეთ. თუ ჩვენ სწორად ვხვდებით, რისთვის არის საჭირო პარტნიორი, მაშინ ეს პრობლემები არ იქნება. პარტნიორი არის იმისთვის, რომ ჩვენ, ორივემ დამოუკიდებლად მივანიჭოთ ბედნიერება ერთმანეთს, გავაძლიეროთ ერთმანეთი, წავიყვანოთ წინ ჩვენი თანაცხოვრება და ვიყოთ ჰარმონიულები. ურთიერთობაში დათმობები შესაძლებელია, უბრალოდ ორივე მხარემ თანაბრად უნდა დათმოს რაღაცები. სამწუხაროდ, ძირითადად შემთხვევებში, ძალიან მაღალი ეგოიზმით გამოირჩევიან ადამიანები და ეგოიზმი კი კლავს სიყვარულს.

როგორ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი სწორად?

-პირველ რიგში, ჩვენ ვიკვლევთ კონკრეტული ადამიანის მშობლების გამოცდილებას, მერე ვიგებთ თუ რა უნდათ ურთიერთობისგან. ხშირ შემთხვევაში, ცუდი თვისებები აქვთ ადამიანებს, რომელთაც ურთიერთობაში ოფიციალური სტატუსები სჭირდებათ, რადგან ამ სტატუსებს უფრო დამჭერი მნიშვნელობა აქვთ. სიყვარული ძლიერდება ურთიერთ დახმარებით, მხარდაჭერით, განვითარებით და ა.შ. თუ მხოლოდ შენ ვითარდები, მხოლოდ შენ მიდიხარ წინ და შენი მეორე ნახევარი უკან რჩება, რა თქმა უნდა, იქ პრობლემა იქნება. მნიშვნელოვანია, ერთობლივი გაზრდა და განვითარება. პარტნიორული ურთიერთობის დროს, უნდა ვიცოდეთ რა უნდა ჩვენგან მეორე ნახევარს, რატომ ვუყვარვართ. უბრალოდ არავის არავინ არ უყვარს, უყვარს რაღაცის გამო, უყვარს, რადგან მას აქვს რაღაც ისეთი, რაც თვითონ უნდა, ისეთია, როგორიც თვითონ უნდა. ნახეთ, რა უცნაურია, უყვარს, რადგან ისეთია, როგორიც თვითონ უნდოდა, რომ ყოფილიყო, როგორსაც თვითონ ეძებდა და არა ისეთი, როგორიც არის. ქალების და მამაკაცების კრიტერიუმები ძალიან განსხვავებულია. მამაკაცი სათავისოდ არჩევს პარტნიორს, ქალბატონი საზოგადოდ. ქალს რომ მამაკაცი მოეწონოს, ის სხვებისთვისაც კარგი და მოსაწონი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქალბატონი ბრაზდება და ურთიერთობის დასრულება სურს, ბღალავს მამაკაცის სტატუსს, მეგობრებთან იწყებს საუბარს, რომ არ არის ისეთი, როგორიც ეგონა. კაცისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად ზრუნავს მასზე ქალი, რამდენად უყვარს,  რამდენად კომფორტულია, რამდენად ერთგულია. კონფლიქტი ურთიერთობაში ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ჩვენ გვიჭირს ვთქვათ რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს.

ახსენეთ, რომ პარტნიორის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მათი მშობლების გამოცდილებას. რამდენად მოქმედებს ჩვენზე მშობლების გამოცდილება?

-გვინდა ჩვენ ეს თუ არა, მშობლების გამოცდილება მოქმედებს, საგვარეულო პროგრამები ძალიან აქტიურად მუშაობს. მთავარია, რომელი ენერგეტიკა არის გააქტიურებული ჩვენთან. რაც უფრო დიდია ოჯახი, მით უფრო ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ საგვარეულომ ზემოქმედება მოახდინოს ჩვენზე. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი მემკვიდრეობა შვილებზე გადავა, ამიტომ უნდა შეიკავონ თავი კონფლიქტებისგან, გაუგებრობებისგან და ა.შ.

მშობლები ხშირად უხეშად ერევიან შვილების არჩევანში და იწუნებენ შვილების პარტნიორებს

-უცნაურია, რომ ამ შემთხვევაში მშობლები თითქმის არასდროს ცდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა შვილს ხელი უნდა შეუშალოს, ეს მისი არჩევანია და ეს მან თავად უნდა გამოცადოს. მშობელი არ უნდა ჩაერიოს შვილის არჩევანში, რადგან ეს საოცარი ვალდებულების აღებას ნიშნავს. ყველა რთულ ოჯახს შეუძლია გახდეს ბედნიერი, ერთმანეთის მხარდაჭერით, სწორი გაანალიზებით და ა.შ. შეუთავსებელი წყვილიც კი შეიძლება შეეთავსოს ერთმანეთს.

ორი ადამიანის ურთიერთობის გარეთ გატანა და მეგობრებში განხილვა რამდენად სწორია?

-როცა ასეთი რამ იწყება, ურთიერთობას უკვე პრობლემები აქვს. თუ შენ გჭირდება, რომ პრობლემები მეგობრებთან განიხილო, ესე იგი ჯანმრთელი ურთიერთობა არ გაქვთ. მეგობრებმა შეიძლება მხარი დაგიჭირონ, რჩევები მოგცენ, ერთად განიხილოთ მდგომარეობის გამოსწორების გზები, ეს შესაძლებელია მაგრამ, თქვენი საუბარი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, ეს არ უნდა იყოს ჭორაობა.

ხშირად ადამიანები უბრალოდ ერთობიან სხვის პრობლემებზე, უბრალოდ განიხილავენ სხვადასხვა თემებს და არ ცდილობენ დახმარებას

-როცა შენ ადამიანი მოგმართავს თხოვნით, შენგან რჩევის მიღება სურს და შენ ამ სიტუაციას ბოროტად განიხილავ, დიდია ალბათობა იმის, რომ თავად აღმოჩნდე მსგავს სიტუაციაში

კვირის პროგნოზი:

ეს კვირა განსაკუთრებული პერიოდია სურვილების ასრულებისთვის და მიზნების მიღწევისთვის, ეს პერიოდი 17 აპრილამდე გრძელდება და გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს დრო. ცაზე ხდება ისეთი მოვლენა, რომელიც იშვიათია. ამ ერთ კვირაში ჩვენ შეგვიძლია ვაფორმიროთ ჩვენი ცხოვრების მომდევნო 12 წელი. ჩვენ შეგვიძლია ვაფორმიროთ ჩვენი სურვილი, დავხატოთ, დავწეროთ, შევქმნათ ვიზუალური ან ვერბალური სურათი. ეს სურათი უნდა განვათავსოთ ისეთ ადგილას, რომ ხშირად ვხედავდეთ და ხშირად გვახსენდებოდეს.

14 აპრილი კარგი დღეა საკუთარი შინაგანი კონფლიქტების, ემოციების, გადაუწყვეტელი ამბების მოსაგვარებლად. მავნე ჩვევების მოსაშორებლად. შეგვიძლია დავასრულოთ ურთიერთობები, რომლებიც ხელს გვიშლის, ეს კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ შემდეგი რიტუალის დახმარებით… (რიტუალი იხილეთ ვიდეოში) ძალიან კარგია თუ დაკავდებით სპორტით, დაიწყებთ ფიზიკურ აქტივობას. თუ ახალი ურთიერთობის სურვილი გაქვთ, ამ დღეს უნდა განუცხადოთ სამყაროს, უნდა უთხრათ და თქვენი სიტყვები უნდა იყოს აშკარა, რომ თქვენ მზად ხართ დაიწყოთ პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობა.

15 აპრილი შედარებით მძიმე ნეგატიური დღეა. ამ დღეს ძალიან მატულობს ემოციები და დიდი რისკია ავარიული შემთხვევების. უმჯობესია თუ ამ დღეს არ იმგზავრებთ. თუ გიწევთ შორ გზაზე გადაადგილება, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საკუთარ აზრებს, ფიქრებს მოუყარეთ თავი. ამ დღეს უმნიშვნელოვანესია სიმშვიდე. მიუხედავად უარყოფითისა, ძალიან კარგი დღეა პიროვნული განვითარებისთვის. ის აგრესიული ენერგია, რომელიც სამყაროშია, შეგვიძლია სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ამ დღეს შესაძლებელია ისეთი მოლაპარაკება, რომელიც აქამდე შეუძლებელი იყო. კარგი იქნება თუ 15 აპრილს ლურჯ სანთელს დაანთებთ, შინაგანი კონფლიქტების, ემოციების განულებისთვის. ამ დღეს კარგია ლაბრადორიტის ქვის და მთის ბროლის ტარება.

16 აპრილს გვაქვს სავსემთვარეობის ენერგიის მატება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დღე. 16 აპრილის ჩვენ უკვე უნდა მოვახერხოთ დამშვიდება, რელაქსაცია. უმჯობესია ისეთი გამაჯანსაღებელი პოროცედურების ჩატარება, რომელიც საკუთარი სხეულის, ორგანიზმის გასაწმენდად, დეტოქსისთვის გამოიყენება. ამ დღეს ძალიან კარგია დასვენება. არ უნდა ავყვეთ სავსე მთვარის ბოროტ ზრახვებს.

 17 აპრილს გამძაფრებულია ინტუიცია, შეგრძნებები, აღქმა, სამყარო სხვანაირად გვესაუბრება. თუ ჩვენ ამ დღეს გაცნობიერებულ კითხვას დავსვავთ, გარემოსგან აუცილებლად მივიღებთ პასუხს. შეიძლება გარკვეული ინფორმაცია სიზმრის მეშვეობით ან ინტუიციურად მოვიდეს ჩვენამდე. თუ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, 17 აპრილი იდეალური დღეა.

18 აპრილი ნუმეროლოგიური დღეა, არის ბედის ბორბალი. მას აქვს დიდი ემოციური ფონი.  ამ პერიოდში პოლიტიკური ამბებიც ქაოტური, აგრესიული იქნება. 18 აპრილს განსაკუთრებულად უნდა ვაკონტროლოთ ემოციები.

19 აპრილს ჩვენ გვიწევს შინაგანი ჰარმონიის აღდგენა. იდეალური პერიოდია მოგზაურობისთვის, გადადგილებისთვის. 19 აპრილს შინაგანი ჰარმონია მოდის. კარგი დღეა შენაძენებისთვის და კონკრეტული მიზნების მიღწევისთვის.

20 აპრილი სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდია. ვნების კვირაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ჩავიდეთ სულიერებაში, უნდა განვიცადოთ და შევიგრძნოთ ეს პერიოდი. სწორად აღვიქვათ სად ვართ, რატომ ვართ და რა ხდება ჩვენს ირგვლივ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეშვიდე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად