LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ კვაშალი: „ჯუჯები“ ძალიან უყვართ ბავშვებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს, ბევრი კონცერტები გვაქვს…

8
ნუგზარ-კვაშალი

18 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნუგზარ კვაშალი სტუმრობდა, რომელმაც ფართო საზოგადოებას 17 წლის წინ ჩაწერილი ნამუშევარი პირველად წარუდგინა.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი კონცერტი ჩაატარეთ, უახლოეს მომავალში კიდევ თუ იგეგმება რაიმე ღონისძიება?

რა თქმა უნდა, კონცერტები იყო, „ჯუჯები“ ძალიან უყვართ ბავშვებს და ყოფილ ბავშვებსაც, მშობლებს, ბებია-ბაბუებს. ბევრი კონცერტები გვაქვს მე და ვახოს, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი მეგობრები, ბესო კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურა კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ჩვენი პროდიუსერი, თამაზ ქაჯაია და ა.შ. ვიყავით სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, კახეთში, ყველგან. ასაკში კონცერტის ჩატარება ცოტა უფრო ჭირს, ეს კილომეტრები, წასვლა და მერე უკან დაბრუნება. პასპორტში უკვე აღარ ვიხედებით, რადგან გვეშინია ციფრების, რომელიც იქ არის (იცინის).

როგორ შეაჯამებდით 2022 წელს, როგორი წელი აღმოჩნდა თქვენთვის?

ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმ მხრივ, რომ ბევრი ჩემი ახლობელი, საყვარელი ადამიანი წავიდა, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და ყველაფერს ახალი სიცოცხლე ფარავს. ჩემმა პატარა შვილიშვილმა, თინათინმა, რომელიც ახლა 8 თვის არის, საერთოდ ახალი სიცოცხლე შემოიტანა ჩემს ოჯახში.

ძალიან მოულოდნელად გამოგვაკლდა მამუკა ონაშვილი… როგორ გაიხსენებდით მას, ცხოვრებაშიც ისეთივე მხიარული იყო, როგორც სცენაზე?

უნიკალური კაცი იყო, მხიარულს ვერ ვიტყვი, რაღაც საოცრება იყო. მე მამამისის, გენოს მეგობარი ვიყავი. გენო რომ გავიცანი, მამუკა 8-9 წლის იქნებოდა. მუსიკას მან აზიარა, რადგან თვითონ ფანტასტიკურად მღეროდა, ფანტასტიკური თამადა იყო, ისევე როგორც მამუკა. მამუკას რომ შეხედავდი, მთლიანად გული იყო, როგორი სიტყვა-პასუხი, როგორი იუმორი, როგორი სადღეგრძელოები ჰქონდა. ბოლოს წონის გამო დეპრესია ჰქონდა, რადგან მოძრაობა უჭირდა და დაჯდა და ხატვა დაიწყო და ისიც კარგად გამოუვიდა, ძალიან კარგად ხატავდა, რადგან პროფესიით რესტავრატორი იყო.

ჩვენს ეთერში ძალიან მოთხოვნადია სიმღერა „ნიღბები“, განსაკუთრებულად უყვარს მსმენელს და მინდა, რომ ამ სიმღერის ისტორია მოგვიყვეთ.

ეს არის ჯემალ ბაღაშვილის ლექსზე შექმნილი ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა მიუზიკლიდან „ფიროსმანი“. სხვათა შორის, მე ვიყავი წამყვანი მიუზიკლის, მქონდა როლი, სადაც ლექსებით ველაპარაკებოდი ფიროსმანს, ლადო ასათიანის ლექსებით ვხსნიდი ამ მშვენიერ და უნიკალურ სპექტაკლს. ეს სიმღერა ფიროსმანის ბედსა და იღბალზეა შექმნილი. ეს სიმღერა დღემდე აქტუალურია, რადგან ფანტასტიკური, უნიკალური ტექსტი აქვს, იგავ-არაკია.

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა ჩემმა მეგობარმა, მაესტრო ჯემალ სეფიაშვილმა, უნიკალურმა და უნიჭიერესმა პიროვნებამ დაწერა. ეს იყო გოდერძი ბუკიას საფესტივალო პროგრამა. ერთ-ერთი საფესტივალო სიმღერა ეხებოდა სიყვარულს, მოფერებას, გახსენებას მისი ახლობლების. მე და ჩემმა ძმამ ეს სიმღერა დაახლოებით 17 წლის წინ ჩავწერეთ და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა ხობში რაღაც პატარა საღამოზე. ამის მერე, საერთოდ არსად გაჟღერებულა, ეს დისკი  მე მქონდა და 7 წლის წინ, ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, მინდოდა, რომ გამეჟღერებინა, მაგრამ დღეს მომეცა ამის შესაძლებლობა.

 

ნუგზარ კვაშალი & ალეკო კვაშალი – გოლვაფირო, გენაცვალე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები