LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სიმღერას ჯემალი მღერის და  თემურ წიკლაურის ხსოვნას უძღვნის” – ზურაბ ჩინჩალაძე, ჯემალ ბერძენიშვილი, კოტე მიქაძე და ხვიჩა ხარაიშვილი პრემიერებით ,,არ დაიდარდოში”

8
jgufi

15 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“  ზურაბ ჩინჩალაძე, ჯემალ ბერძენიშვილი, კოტე მიქაძე და ხვიჩა ხარაიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „შენზე ფიქრში“, „შარა“ და „კაცი“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?

ზურაბ ჩინჩალაძე: ორი წელი ოცნებად მქონდა კოტე მიქაძის გაცნობა, რადგან ძალიან კარგი სიმღერები აქვს და ძალიან კარგად მღერის. რაც შეეხება ხვიჩა ხარაიშვილს, ერთი წელი არც არის, რაც გავიცანი. ადრე ზაზა გოჩიტაშვილთან ვთანამშრომლობდი, მასთან სტუდიაში ვწერდი სიმღერებს. ზაზა ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი და ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ სულ დაკავებულია, არასდროს სცალია. შემდეგ, ხვიჩამ შემომთავაზა თანამშრომლობა, რაც ძალიან გამიხარდა. მე ყოველთვის ხელს ვუწყობ ახალგაზრდებს. ყველა სიმღერა, რომელიც დღეს მოვიტანეთ ხვიჩას გაკეთებულია. შეიძლება ფონოგრამას მე ვწერ და სხვები წერენ, მაგრამ ბოლოს ბალანსს და მასტერინგს ხვიჩა აკეთებს, რაც ყველაზე რთული ნაწილია. ხვიჩა უნიჭიერესი ბიჭია.

ხვიჩა, როგორც ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, თქვენ გაქვთ სტუდია. რამდენი წელია რაც ეს სტუდია არსებობს?

ხვიჩა ხარაიშვილი: დაახლოებით 3 წელია რაც „X – studio“ არსებობს. სტუდიაში მე ვარ ხმის რეჟისორი და მყავს ასევე დამხმარე ხმის რეჟისორი ბატონი ლადო ქორიძე.

როგორია სიმღერისშენზე ფიქრშიშექმნის ისტორია?

ხვიჩა ხარაიშვილი: ამ სიმღერის მუსიკის და არანჟირების ავტორი გახლავთ უნიჭიერესი ავტორ-შემსრულებელი ლანდერ დევიძე. ტექსტი ქალბატონ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის,  პირადად ჩემთვის დაიწერა ეს სიმღერა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. სიმღერა ჩაიწერა ჩემს სტუდიაში და ეძღვნება სიყვარულს.

ბატონო ჯემალ, მოგვიყევით თქვენს სიმღერაზეკაცი“…

ჯემალ ბერძენიშვილი: ბატონმა კოტე მიქაძემ დაწერა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც თემურ წიკლაურის ხსოვნას ეძღვნება. მე მთელი გულით შევასრულე ეს სიმღერა, დანარჩენს უკვე ხალხი შეაფასებს.

კოტე მიქაძე: ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი მსახიობი ჟორა შავგულიძე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და ქართველმა პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ მას ლექსი მიუძღვნა. სახლში მაქვს ბატონი მიხეილის ნამუშევრები, ამას წინათ გადავათვალიერე მისი შემოქმედება და  ამ ლექსს გადავაწყდი. ამეკვიატა მელოდია და დავწერე სიმღერა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ადვილად შეიქმნა ეს ნამუშევარი. ამ სიმღერას რომ ვწერდი, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ყველაზე კარგად ბატონი თემურ წიკლაური შეასრულებდა. ჯემალთან დიდი ხნის, ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ვიცი როგორი პიროვნებაა, როგორი ხმა აქვს და ვიცოდი, რომ გულით იმღერებდა. მოვასმენინე მას ეს სიმღერა და ვუთხარი, რომ თუ ამ სიმღერის შესრულების სურვილი და ხალისი ექნებოდა, ძალიან გამიხარდებოდა. ჯემალი ერთი თვის მერე დამიკავშირდა და მითხრა, რომ იმღერა ეს სიმღერა და ჩანაწერი მომასმენინა. მითხრა თუ მოგეწონება მინდა თემურ წიკლაურის ხსოვნას მივუძღვნათო. ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ჯემალს განსხვავებული და განსაკუთრებული ხმა აქვს, მისი შესრულების მანერა ჩამოჰგავს თემურ წიკლაურისას. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სიმღერას ჯემალი მღერის და  თემურ წიკლაურის ხსოვნას უძღვნის. თემურის გარდა, იმ საოცარ ადამიანებსაც მინდა მივუძღვნა, რომლებიც ჩვენს გვერდით არ არიან, რობერტ ბარძიმაშვილს, ძმებ ებრალიძეებს, ალექსანდრე ბასილაიას… სიმღერას ძალიან ტკივილიანი არანჟირება აქვს, მისი ავტორი ანდრეი ნაზაროვია. სიმღერის ბოლოს, ქალის პარტიას ანდრეის ქალიშვილი ასრულებს.

დღეს კიდევ ერთი ძალიან პოზიტიური და მხიარული სიმღერის  „შარისპრემიერა გვაქვს

ზურაბ ჩინჩალაძე: ეს სიმღერა 1996 წელს არის დაწერილი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ გამეკეთებინა ეს სიმღერა, მე არ მინდოდა, რადგან ახალი სიმღერების დაწერა მირჩევნია ხოლმე. დავწერეთ მე და ნინო ჩხეიძემ. მე არ შემეფერება დიდად ეს სიმღერა, მაგრამ რეჟისორმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს დაწერა სცენარი და  გუშინ კლიპის გადაღებაც დავიწყეთ. საშაყირო სიმღერაა.

 

ხვიჩა ხარაიშვილი – შენზე ფიქრში

 

ჯემალ ბერძენიშვილი – კაცი

 

ზურა ჩინჩალაძე – შარი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯემალ ბერძენიშვილი, კოტე მიქაძე, ხვიჩა ხარაიშვილი & ზურა ჩინჩალაძე – საქართველო ლამაზო. Live

 

ზურა ჩინჩალაძე, ჯემალ ბერძენიშვილი, კოტე მიქაძე და ხვიჩა ხარაიშვილი. “რადიო დუეტი”. 

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები