„თუ  გსურთ, იყოთ წარმატებული, აუცილებლად უნდა დასძლიოთ მარცხის შიში... შიშების დასამარცხებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს...“ - ეზოთერიკოსი ვენგო ლომთაძე

8 ივნისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას “გზაჯვარედინი“ ფსიქოლოგი, ეზოთერიკოსი, ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე სტუმრობდა, რომელმაც სოციალურ შიშებზე, ამ შიშების გავლენებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.

ვენგო ლომთაძე: ადამიანებს ჩვენდა უნებურად ხშირად გვაწუხებს სოციალური შიშები, რომ რაღაც არ გამოგვივა, რაღაცას ვერ შევძლებთ. ამ შიშების გამო ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება ხელიდან გაგვისხლტეს. ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღე მოდის შესაძლებლობა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალოთ. სამყარო კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული საქმისთვის გამოარჩევს. თუ შენ ხარ შეუპოვარი, მიზანსწრაფული, გონიერი, იცავ იმ პრინციპებს, რაც ეზოთერიკაშია და არა მარტო, მაშინ სამყარო ძალიან დიდი საქმეების შესასრულებლად გირჩევს. აღნიშნული შიშები მარცხის განცდასთან არის დაკავშირებული. ადამიანებს არ გვსურს, რომ დავმარცხდეთ და ჩვენი მარცხი სხვებმა დაინახონ. არსებობს ძალიან დიდი კვლევა წარმატებული ადამიანების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ ჰქონდათ მარცხისადმი, ეს მათთვის ჩვეულებრივი მომენტი იყო, ისინი მარცხს როგორც გაკვეთილს ისე აღიქვამდნენ, ამიტომ თუ თქვენ გსურთ, იყოთ წარმატებული, აუცილებლად უნდა დასძლიოთ მარცხის შიში. ხშირად ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს იმიტომ არ ვდგამთ, რომ სხვების თვალით ვაფასებთ საკუთარ თავს, ვფიქრობთ, სხვა რას იტყვის, რას იფიქრებს და ა.შ. ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი თავი გვავიწყდება, გვავიწყდება თუ ვინ ვართ ჩვენ და რა გვსურს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უფრო ბედნიერები არიან ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად უსმენენ საკუთარ თავს, უფრო მეტად აყენებენ წინ და მეტად მუშაობენ საკუთარ თავზე. ყოველთვის უფრო მაღალი სტრესის მაჩვენებელი აქვთ ადამიანებს, რომლებიც მეტად ითვალისწინებენ სხვებს, გარემოებებს, წესებს, ჩარჩოებს და ა.შ. ასეთი ადამიანები უფრო მეტად კიცხავენ საკუთარ თავს, სჯიან და ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რაც მათ აზიანებთ. ჩვენთვის ყოველი დღე, ყველაფერი გაკვეთილია, ნელ-ნელა ვიწრთობით და ამ გამოწრთობისას თუ არ წავიქეცით, თუ არ გვეტკინა, ისე ვერ განვვითარდებით.

ჩვენი მსმენელები ხშირად გვეკითხებიან რჩევას ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით, რადგან მათ კონკრეტული შიშები აბრკოლებთ და უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს, უნდა გარისკონ ამ ნაბიჯის გადადგმა?

ეს საკითხი ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომელთა პირადი მონაცემების მიხედვითაც, ნაკლებ სასურველია მათი გამგზავრება, რადგან მათი კარმა, მათი ამოცანები საქართველოში წყდება. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი დაბადების კოდის მიხედვით, უცხოეთში უფრო კარგად ახერხებენ საკუთარი გზის პოვნას. ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს შესაძლებელია თუ არა მისი წასვლა და რამდენად სასარგებლო იქნება ეს მისთვის. ასეთ დროს უმჯობესია პროფესიონალის კონსულტაცია, რადგან როდესაც საზღვარს გარეთ გავდივართ, ვქორწინდებით ვიცვლით სამსახურს, ეს პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ბედისწერაზე, ცვლის ძალიან ბევრ რამეს, რადგან გადავდივართ სრულიად ახალ სივრცეში.

როგორ უნდა დავიწყოთ დღე?

გაღვიძებისას ყველაზე დიდი წვდომა გვაქვს ჩვენს ენერგეტიკასთან, ფსიქიკასთან, ამიტომ ამ დროს ეფექტურია შემდეგი ფრაზების თქმა, მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ჯანმრთელი, მე გადავლახე ჩემი შიშები, ჩემი ორგანიზმი არის თვით განახლებადი სისტემა და ა.შ. ამ დროს უნდა ვთქვათ, ის ყველაფერი, რაც გვჭირდება, ოღონდ ეს აფირმაციები აწმყო დროში უნდა იყოს ნათქვამი. დილაობით, გაღვიძებისთანავე ასეთი ფრაზების თქმა ყველაზე ეფექტური გზაა რაღაცების შესაცვლელად.

ალბათ, გარკვეული პერიოდი სჭირდება ხომ ამ ყველაფრის მოქმედებას, შედეგის დანახვას?

ადამიანი ერთ კვირაში უკვე ნახავს ამ ყველაფრის შედეგს.

თუ ადამიანი აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ბევრი წინაღობა ექმნება ცხოვრებაში, ასეთ დროს რასთან გვაქვს საქმე, ეს საგვარეულო, რთულად გამოსასწორებელი პრობლემაა თუ უბრალოდ დრო არის საჭირო შედეგის დასანახად?

ადამიანმა პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ გარემო, რომელშიც ის იმყოფება, კარგია ეს თუ ცუდი, არის მისი ბურთიც და მოედანიც, ამიტომაც არ უნდა გაექცეს მას. პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენს ირგვლივაა, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ცვლილებების პროცესი.

ხშირად ადამიანს შეიძლება არ მოსწონდეს თავისი მდგომარეობა, მაგრამ შეცვლას მაინც არ ცდილობდეს…

თუ ადამიანს თავად არ აქვს სურვილი, მას ვერც ეზოთერიკოსი და ვერც ფსიქოლოგი ვერ დაეხმარება.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვერ ვეხმარებით ჩვენს ახლობელ ადამიანებს, ვერ ვცვლით მათ და თანდათან უფრო გვირთულდება მათთან ურთიერთობა?

ასეთ დროს უმჯობესია ამ ადამიანს გაეცალოთ, რა თქმა უნდა, თუ არის ამის შესაძლებლობა, თუმცა ოჯახი არის სისტემა და ამ სისტემიდან ერთი ადამიანის გამოყოფა, ხშირად სხვა პრობლემებს აჩენს, ჩნდება დანაკლისი, რომელიც შევსებას საჭიროებს. ზრდასრულ ადამიანს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავად გააკეთოს არჩევანი, წავიდეს საკუთარ გზაზე. ჩვენ უნდა შევამციროთ მცდელობა და მივცეთ ამ ადამიანს საშუალება თავად დაეხმაროს საკუთარ თავს. სჯობს, ვაცადოთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა.

კიდევ რა შეგვიძლია ვურჩიოთ საზოგადოებას შიშების დასამარცხებლად?

რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე მეთოდი შიშების დასამარცხებლად. ძალიან ბევრ კულტურაში ხშირად სტუმრობენ ხოლმე სასაფლაოებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და რომ ეს დრო მთლიანად საკუთარ თავს, საკუთარ ბედნიერებას უნდა დავუთმოთ. სადაც შიშია, იქ ბედნიერება საფუძვლიანად ვერასდროს მოიკიდებს ფეხს. სიფრთხილე სხვა რამ არის, შიში სხვა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეთხუთმეტე გადაცემა. სტუმრად ეზოთერიკოსი-ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე.