შესახებ
ნანი ბრეგვაძე – დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს თბილისში.დაამთავრა მუსიკალური სკოლა და ტექნიკუმი, ასევე 1961 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.1956 წელს დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. ჰყავს ქალიშვილი ეკა მამალაძე რომელიც ასევე ცნობილი მომღერალი გახლავთ და შვილიშვილები ნატალია,ლევანი და გიორგი.1959 წელს გამოჩნდა ესტრადაზე, 1959-1964 წლებში- საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს” სოლისტი გახდა.1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა და ამის შემდეგ მიიწვიეს 1964 წელს „ორერას” სოლისტად ,სადაც ნანი 1980 წლამდე მღეროდა. მათთან ერთად შემსრულებელი მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე გამოვიდა.1980 წლიდან დღემდე გამოდის სოლო კონცერტებით, ჩაწერილია აქვს უამრავი დუეტი, მისი გასტროლებისა და ტურნეების რაოდენობის განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია, საგასტროლოდ იყო ყოფილი სსრკ ქვეყნებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში, საოცარი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას რომანსების დედოფალი. არაერთი ქართული მხატვრული ფილმი აქვს გახმოვანებული: „ვერის უბნის მელოდიები”(რეჟ. გ. შენგელაია, 1973), „აურზაური სალხინეთში”(რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975) და სხვ; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში „სამკაული სატრფოსათვის”(1971).ა.შ. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „Потушила я свечу” შეასრულა .გახლავთ უამრავი ჯილდოსა და ორდენის კავალერი სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ქალაქ თბილისისა და ბენალამადენას (ესპანეთი1996) საპატიო მოქალაქე.1990 წელს ის გახლდათ რუსეთში საერთაშრისო კონკურს „რომანსიადას“ ჟურის წევრი.1997 წელს მან შექმნა კომპანია „ნანი“, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა ქართველ მომღერლებს გზის გაკვალვაში.2001 წელს საქართველოში ნანი ბრეგვაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.2002 წლიდან გარკვეული დროის განმავლობაშ ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და ხელმძღვანელობდა საესტრადო მუსიკის, ჯაზის და კულტურის კათედრას მოსკოვის უნივერიტეტში.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წარმატებული კარიერისა რუსეთში, 2008 წლის ომის დროს, ნანი ბრეგვაძემ რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და საქართველოში დაბრუნდა. 2009 წელს კი კიდევ ერთი სოლო კონცერტი შესთავაზა მსმენელს.ბოლო წლებია ნანი აქტიურად ანებივრებს მსმენელს, დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო მისი კონცერტი 2015 წელს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იუბილეს მიუძღვნა.ასევე გამოვიდა მისი პირველი ქართული სოლო ალბომი 2013 წელს. ალბომში შესულია ნანი ბრეგვაძის ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც ახლი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა უნიჭიერესმა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა. ალბომში გარდა CD-სა შედის ნანი ბრეგვაძის ფოტოები, სადაც აღბეჭდილია მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტები.გამორჩეულია მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი 2016 წელს ქალაქ ბათუმში, სადაც ქალიშვილ ეკა მამალაძესთან და შვილიშვილ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად გამოვიდა. მუსიკალურად კონცერტს აფორმებდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.2018 წლის ზაფხულში ჩატარდა გრანდიოზული შოუ „ბლექსი არენაზე”, სადაც საქართელოს სახალხო არტისტი ცნობილ მესაყვირე კრის ბოტთან და ევგენი მიქელაძის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობდა.საქართველოს სსრკ-ს დამსახურებული არტისტი (1968).საქართველოს სახალხო არტისტი (1974).სსრკ-ს დამსახურებული არტისტი (1983).საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998).საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997).მეგობრობის ორდენის კავალერი (რუსეთი) (2008) .პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი (ს, 2010).ოქროს მედლის მფლობელი “პატრონაჟისთვის” (2003) (მეცენატობისთვის).ოქროს ორდენის მფლობელი -„ხელოვნების მსახურებისთვის“.წოდება „საქართველოს საუკუნის მომღერალი“.რუსეთის სამხატვრო აკადემიის უცხოეული საპატიო წევრი.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები