ვაჟა აზარაშვილი

ვაჟა აზარაშვილი – დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.

1961 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988);  1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა; ავტორია: სიმფონია(1966, სამ ნაწილად), 2 სავიოლინო კონცერტი(სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის(1973), 2 ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის “მუსკომედიის” სცენაზე(1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), 2 პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის;

მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: „თბილისური ლირიკული”, „სიმღერა თბილისზე”, „სიმღერა მეტეხზე”, პოპულარულია მისი სიმღერები: „მუსიკა”,„დღეები მიდიან”, „პატარა გოგო”, „მზე ჩემი მეგობარია”, „ისევ წვიმს”, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება”, „დინამო, დინამო” და სხვ;

მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: „ორერა”, „რერო”, „ივერია”, „თეატრონი” და სხვა. პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

რეკლამა: 0:05