LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24:10 – საქართველომ ქარში ესპანეთი გაანიავა: მეორე მოგება რაგბი ევროპაზე

52057006_2086075728156182_4955855135268929536_n

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველომ ბოლო პერიოდში მოღონიერებული და მადაზე მოსული ესპანეთი დაამარცხა – 24:10.

ექსპერიმენტებისა და ახალი სახეების საქართველომ თავისი ფავორიტობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მაგრამ თავისი არც ესპანეთს არ უნდა დავუკარგოთ. ეს ის ესპანეთი აღარ არის, ადრე რომ მარტივად ვუგებდით. პირინეელები თანდათან მსოფლიო თასისკენ იყურებიან, იქ მოხვედრაზე ოცნებობენ და ამისკენ ნაბიჯებიც გადაუდგამთ, რაც მათ თამაშში უკვე შეიმჩნევა. ოღონდ საქმე ისაა, რომ ჯერ საქართველომდე ჯერ კიდევ საკმაოდ უკლიათ. ჩვენ კი დავინახეთ, რომ ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად, რესურსიც გვაქვს და მოგებაც სისხლში გვაქვს გამჯდარი.

მომდევნო საშინაო მატჩს ბორჯღალოსნები 10 მარტს ქუთაისში გერმანიასთან (16:00 სთ) გამართავენ. თუმცა მანამდე ბელგიასთან 2 მარტს ბრიუსელში გვიწევს თამაში (18:00 სთ), ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს კრასნოდარში, რუსეთთან ჯახით დავასრულებთ (16:00 სთ).

 

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე დათო გიგაურმა ლელო დადო, ამჯერად თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩვენი ნაკრები 7:0 დაწინაურდა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერა და ანგარიში 7:5 გახდა.

30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გააფუჭა და ტაიმიც 12:5 მორჩა.

მეორე ტაიმში კარგა ხანს ანგარიში უცვლელი იყო, ამგარიშიდან გამომდინარე კიდევ ერთი ლელო გვჭირდებოდა, რადგან მეტოქე ახლოს აღარ მოგვეშვა. ეს ამოცანა მეორე ნახევრის 24-ე წუთზე შესრულდა – მოწინააღმდეგის ხაზზე ჯაჯგურით ლელოთი შევედით. აბჟანდაძის გარდასახვა ბოლო წამს ქარმა წააიღო და 17:5 დარჩა.

ეს იყო და დარჩენილი დრო ჩვენს იერიშებში გაილია.

დაახლოებით სამ წუთში მარჯვენა ფრთაზე ცუცქირიძემ ირბინა, ვერავინ გააჩერა და კიდეზე ლელო დადოო რომ გვეგონა, აღმოჩნდა, რომ მანამდე გაუვარდა და ლელო არ ყოფილა.
სამაგიეროდ 31-ე წუთზე დებიუტანტმა ქერდიყოშვილა მიითვალა თავისი პირველი ლელო ნაკრებში – 22:5.

თამაში ამ ანგარიშისკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს სტუმრებმა ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 24:10.

ერთი კვირის წინ რუმინეთთან კლუჟში მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა.

შერკინების სამივე ხაზში კი თითო ცვლილება მოხდა: მარჯვენა ბურჯად თამაში ლევან ჩილაჩავამ დაიწყო, რომელიც კლუჟში მარაქაფაში იყო; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდა, რომელიც რუმინეთში ასევე მარქაფაში იყო; მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილიც.

 

ბორჯღალოსანთა კვართი ესპანეთთან პირველად ორმა მორაგბემ მოირგო. ისინი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვნენ. ერთ-ერთი მათგანი “ლელო-სარასენსის” მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილია, რომელიც გუნდთან ერთად ნოემბრის თიბისი რაგბის სერიების დროსაც ვარჯიშობდა, ხოლო მეორე “ორიაკის” 22 წლის მესამეხაზელი გიორგი ჯავახიაა, რომელმაც პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან ჩილაჩავა გახდა:

“მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ასეთ ამინდში რომ მოვიდნენ და ბოლომდე დაგვიჭირეს მხარი. ახალგაზრდებმა გუნდში ახალი სისხლი შემოიტანეს, რაც ძალიან რაც კარგია განვითარებისთვის. ესპანეთი კი პროგრესირებადი გუნდია, ჩვენ მეორე ტაიმში უფრო დავალაგეთ თამაში, თუმცა ასეთ ამინდში ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორი ჩანაფიქრიც იყო”.

ეს იყო ესპანეთთან მე-20, საიუბილეო შეხვედრა, რომლის წინ, ესპანეთთან ბალანსი 15-3-ზე გვქონდა (+ერთი ფრე), დრევანდელ მატჩამდე გავუტანეთ 80 ლელო და მივიღეთ 29, ხოლო ქულათა თანაფარდობა 590/280-ზე იყო.
ესპანეთს ურთიერთშეხვედრებისას ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს ვძლიეთ 60:0 და მაშინ ერთ თამაშში ყველაზე ბევრი, 9 ლელო გავიტანეთ. 2013 წელს „ლომებთან“ ყველაზე მეტი, 61 ქულა ავიღეთ და 61:18 დავამარცხეთ, ხოლო „ავჭალაზე“, ერთადერთხელ ვეთამაშეთ და 2014 წლის „თბილისის თასზე“ 23:13 მოვიგეთ.

წელს ჩვენი გუნდი შინ კიდევ სამ თამაშს გამართავს – ერთს რაგბი ევროპაზე და ორსაც აგვისტოში, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები