LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩი არველაძე: მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და გავიმარჯვებთ

73
FORTUNA.GE (15)

რას ფიქრობს საქართველოს ნაკრების შანსებზე, როგორ აფასებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს და რას ელის 12 ნოემბრის მატჩისაგან – რადიო „ფორტუნას“ კითხვებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი აჩი არველაძე პასუხობს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ბოლო სამი შეხვედრა შეაჯამა.

აჩი, პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუმრობისათვის. ვიდრე სხვა კითხვებზე გადავიდოდეთ, მინდა გკითხოთ როგორ გრძნობს თავს შოთა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა?

გმადლობთ, შოთა უკვე კარგად გრძნობს თავს. ტაშკენტში გაემგზავრა და საქმეს უკვე შეუდგა, გუშინ პირველი ვარჯიშიც ჩაუტარა გუნდს.

აჩი, საქართველოს ნაკრებმა ბოლო ერთ კვირაში 3 შეხვედრა გამართა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ბელარუსთან მატჩი იყო. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თამაშს, რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რა ასპექტებს ხედავთ, რაც გამოსასწორებელია? ვლადიმირ ვაისს გულშემატკივრის ნაწილი აკრიტიკებს ზოგი შემადგენლობის, ზოგი კი ტაქტიკის გამო…

დავიწყოთ ბელარუსთან მატჩით, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმ შედეგით დასრულდა, რა შედეგსაც ამდენი ხანი ველოდით. გასაგები მიზეზების გამო რასაკვირველია შეგვეძლო გვეთქვა, რომ იყო უკეთესი თამაშის მოლოდინი, მაგრამ ჩემი აზრით ამ თამაშში მთავარი იყო შედეგი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაღაც პრობლემებზე ლაპარაკი არც ლამაზია და არც მნიშვნელოვანი, ამ თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შედეგი და შედეგი მიღწეულია. რასაკვირველია მე, როგორც ამ სფეროში ჩახედულ ადამიანს, გამიჩნდა რაღაც მოსაზრებები, ვიფიქრე ხომ არ ჯობდა ასე ან ისე, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ვფიქრობ დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

სომხეთთან თამაშიც მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი ქვეჯგუფისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ 12 ნოემბერს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების გაკეთება, ამა თუ იმ ფეხბურთელის დასვენება ან გარკვეულ ასპექტებზე აქცენტის გაკეთება უწევს მწვრთნელს. რასაკვირველია, აქაც არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს ფეხბურთს ყოველთვის თან სდევდა, ვინმეს შეიძლება მწვრთნელის დაყენებული შემადგენლობა ან ტაქტიკური მონახაზი არ მოეწონოს, უკმაყოფილო იყოს რამით, თუმცა ეს ბუნებრივია.

მინდა აღვნიშნო, რომ მესამე მატჩზე ძალიან დამწყდა გული. მოგება ნამდვილად შეგვეძლო, რომ არა აბსურდული პენალტი. ძალიან დაგვჩაგრეს, მაკედონიასთან მოგებით შეგვეძლო ამ ქვეჯგუფიდანაც გამარჯვებულები გავსულიყავით. თუმცა უკვე ვერაფერს ვერ შევცვლით. წინ გველის 12 ნოემბრის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მწყობრში შეხვდება ამ თამაშს.

ამ სამი თამაშიდან სანახაობრივი თვალსაზრისით სომხეთთან თამაში გამოირჩა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის 12 ნოემბერს და ამ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. მაკედონიელებთან თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უკეთესი გუნდი ვართ, უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და ის ფაქტიც, რომ მატჩი საქართველოშია, ჩვენზე დადებითად იმოქმედებს.

ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ ფრედ 1:1 ვითამაშეთ. ბოლოს საქართველოს ნაკრებს 6 ფეხბურთელი აკლდა, თუმცა გუნდი მთლიანობაში კარგად გამოიყურებოდა. რას გვეტყვით მეტოქის შესახებ, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები?

დანაკლისი ჩრდილოეთ მაკედონიასაც ჰქონდა, მათ 3-4 ძალიან კარგი ფეხბურთელი აკლდათ, რომლებიც სერია ა-სა და ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობენ. თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობითაც რომ იყოს მოედანზე, ვფიქრობ ჩვენი ნაკრები მაინც უკეთესია. ეს არის დაახლოებით ჩვენი დონის გუნდი, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ გარკვეული უპირატესობები გაგვაჩნია. ამ ორმა თამაშმა გარკვეული წარმოდგენა ჩვენს ნაკრებსაც შეუქმნა მათზე და პირიქით, მაკედონიელებსაც ექნებათ გარკვეული წარმოდგენა ჩვენზე. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და გამარჯვება ნამდვილად შეგვიძლია. მით უმეტეს, რომ შინ ვთამაშობთ. აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ბელარუსზე ბევრად კარგი გუნდია და რთული ბრძოლა გველის.

მინდა გკითხოთ 12 ნოემბრის მატჩზე გულშემატკივრის დასწრება-არდასწრებასთან დაკავშირებით. პირადად თქვენი პოზიცია როგორია? ყველამ ვიცით, რომ გულშემატკივარი, რომელიც ბელარუსთან მატჩს „დინამო არენაზე“ ვერ დაესწრო, სტადიონთან შეიკრიბა. ხომ არ აჯობებდა გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის ტრიბუნებზე დაშვება დისტანციის დაცვის, პირბადის გამოყენების და სხვა რეკომენდაციების დაცვის ფონზე?

რასაკვირველია, მე როგორც ყოფილი ფეხბურთელი და გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ სტადიონზე მაყურებელი დაუშვან, რადგან ეს გაცილებით დიდი სტიმულია ჩვენი ფეხბურთელებისთვის. თუ 10 000 ადამიანი სტადიონთან შეიკრიბა, ტრიბუნებზე დაშვების აკრძალვას უკვე აზრი აღარ აქვს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველები არ ვართ ისეთი მოწესრიგებულები, რომ გულშემატკივრის სტადიონზე შეშვების პროცესის ორგანიზება იოლი იყოს. ამისათვის ყველა იარუსის გულშემატკივარი სტადიონზე სხვადასხვა, მათთვის მითითებულ დროს უნდა გამოცხადდეს. მნიშვნელოვანია პროცესის ორგანიზება ისე, რომ არ შეიქმნას მრავალრიცხოვანი რიგები. გვესმის, რომ ეს რთული იქნება, თუ უყურებთ რა ხდება გარშემო, ხალხი მაინცდამაინც არ იცავს რეკომენდაციებს, ყველა არ ითვალისწინებს თხოვნას, არ იკეთებს პირბადეს… როცა ქვეყანაში 10 შემთხვევა იყო, ყველა შინ ვისხედით, ახლა ათასამდე შემთხვევაა დღეში და თითქოს ხალხს ეს აღარ აღელვებს. ამიტომ არ ვიცი, ვერ გეტყვით, იქნებ გამართლებულიცაა, რომ მაყურებელი არ არის დაშვებული. არ ვიცი, რომელია სწორი მიდგომა. თუმცა სურვილი რასაკვირველია მაქვს, რომ გულშემატკივარი სტადიონზე იყოს, რადგან ეს ამ მატჩის დროს ჩვენი ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები