LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაუკავებიათ თუ გაათავისუფლეს? ქართველი ფეხბურთელები ჩვეულებრივ ვარჯიშობენ

145
10483704_1546554552295553_8282301926997869191_n

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს კონსულმა ანკარაში, კონსტანტინე კოტარიამ განუცხადა.

„წინასწარი დაკავების იზოლატორში, საპატიმროში არავინ არ არის, ფეხბურთელები არიან შეკრების ადგილზე გუნდთან ერთად“, – განაცხადა კონსტანტინე კოტარიამ.

მისი თქმით, სასამართლო გუშინ ჩატარდა, უახლოეს დღეებში კი მორიგი სხდომა გაიმართება. თარიღს კონსული ვერ აკონკრეტებს. უცნობია, როდის გამოცხადდება მოსამართლის განჩინება.

მისივე ინფორმაციით, პირველ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა, სადაც მაღაზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჩივარს არ შეიტანს.

კონსულის თქმით, საკონსულოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც საფეხბურთო გუნდთან, ისე თურქულ სამართალდამცავ ორგანოებთან.

სავარაუდო ქურდობის ფაქტი ერთ-ერთ მაღაზიაში 20 თებერვალს მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ცხინვალის „სპარტაკის“ ხუთმა ფეხბურთელმა სავარაუდოდ ანტალიის სავაჭრო ცენტრში გარკვეული საქონელი მოიპარა.

 

ამასთან, “ცხინვალის” პრეზიდენტი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

“მე, პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი, რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით, რატომღაც, არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას”, – აცხადებს რუხაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები