LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა: პრეზიდენტს ტალახაძე შეეშალა

307
56262535_719735455088578_9024814277126520832_n

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და შეჯიბრებაც დილიდან დაიწყო.

წამყვანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ტრადიციულად სცენაზე მასპინძელი გუნდი სრული შემადგენლობით ავიდა, რომელთა წარდგენის შემდეგაც მათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა. მან ასევე ტურნირის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს საერთაშორისო არენაზე ნდობის მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას მოგესალმებით. ვფიქრობ, ეს არის დიდი დღე ბათუმისთვის და არის დიდი დღე საქართველოსთვის. ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოიპოვა ამ სპორტის სახეობაში და არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა. ეს არის დამსახურება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვათა შორის, ქალბატონმა პრეზიდენტმა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის, ლაშა ტალახაძის გვარი არასწორად თქვა და ის თალაკვაძედ მოიხსენია.

 

პრეზიდენტის შემდეგ სცენაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ავიდნენ.

ბათუმელებისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მილოცვით დაიწყო თავისი სიტყვა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა. მანვე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სცენაზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო რუსო მიიწვია, რომელსაც ევროპის ფედერაციის 50 წლის იუბელე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატი გახსნილად სწორედ ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. დასკვნით ნაწილში ჩემპიონატში მონაწილე 44 ქვეყნის წარდგენა მოხდა, საბოლოოდ კი გახსნა ანსამბლ „ბათუმის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

 

 

 

ევროპის ჩემპიონატს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 6-13 აპრილს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი მიიღებს.

საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ მასპინძლობს ევროპირველობას – პირველად ეს მოხდა 2015 წელს, თბილისში.

საქართველოს ნაკრები ერთი თვე სწორედ ბათუმში მოემზადა, ჩვენი გუნდი პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. მთავარი ფავორიტი ბუნებრივია ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა: შოთა მიშველაძე (61 კგ.), რამინ შამილიშვილი (61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.), არჩილ მალაყმაძე (73 კგ.), ლომია თებიძე (81 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.), ანტონ პლესნოი (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ლაშა ტალახაძე (+109 კგ.), ირაკლი თურმანიძე (+109 კგ.).
რეზერვი: გიორგი დოკვაძე (55 კგ.), გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.), გიორგი ჩხეიძე (+109 კგ.).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები