ჭავჭავაძის ქუჩის სრულად რეაბილიტაცია შეიძლება წელს ვერ განხორციელდეს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუ სამუშაოები დროში გაიწელა, მხოლოდ დაწყებული ნაწილის დასრულება მოხდება. დარჩენილი კი შემდეგ წლებში რეაბილიტირდება.

სამუშაოების პირველი ეტაპი სამ თვეში უნდა დამთავრდეს, თუმცა რეალურად რამდენი ხანი დასჭირდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას არავინ იცის.

„პირველი ეტაპის სამუშაოები ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. განახლდება როგორც საკანალიზაციო, ისე სანიაღვრე სისტემა. ელექტროსადანები, რომელიც ჰაერშია, დაგეგმილია მათი მიწისქვემოთ ჩატანა, მთლიანად იქნება მოწესრიგებული, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქალაქებშია. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს.

ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქსელი, რომელიც არის განთავსებული მიწის ქვემოთ, რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის დაზიანებული.

იგივე მდგომარეობაა მელიქიშვილზე, ამიტომ GWP-სთან ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. როგორც გვეუბნებიან ის მილები, რომელთა ცვლილებაც უნდა განხორციელდეს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე, როდესაც დაიწყება სამუშაოები გაიხსნება ყველაფერი, მერე მარტივი იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ სამუშაოებს ეტაპობრივად გავყოლოდით. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, თუ ვერ მოვასწრებთ იმ შემთხვევაში”, – განაცხადა კალაძემ.

სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე დღეს დაიწყო, რის გამოც მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. დღესვე გამზირი თბილისის მერმა დაათვალიერა.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები