პატარა ესპანურ ქალაქ აროიო დე სან სერვანში (დაახლოებით 4 ათასი მოსახლე), პორტუგალიის საზღვართან ახლოს ცხოვრობს ფრანსისკო ანეგასი. როგორც მილიონობით ბავშვი ისიც ფეხბურთის თამაშზე ოცნებობდა, ამიტომაც მშობლებმა ის ადგილობრივი კლუბის აკადემიაში მიიყვანეს. პირველი გოლები მალე მოვიდა, მწვრთნელები ფრანსისკოს გამოარჩევდნენ და მას პაკიტო შეარქვეს.
მერე ექიმებმა მას გენეტიკური დაავადება აღმოუჩინეს – ეპიფიზალური დისპლაზია.

ის აზიანებს სახსრებსა და ჩონჩხს. ექიმებმა თქვეს, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში დაავადება საყრდენ-მოძრავ სისტემაზე დიდმა დატვირთვამ გამოიწვია.

მშობლებს ურჩიეს ბიჭისთვის ფეხბურთი აეკრძალათ და ოპერაცია გაეკეთებინათ. პაკიტო ახლა მადრიდში დადის არა დედაქალაქის სიმშვენიერის სანახავად, არამედ საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ბიჭი ჯერ კიდევ დიდხანს ივლის ორთოპედიულ პროცედურებზე.

***

2017 წელს „სან სერვანში“ მივიდა ახალაგაზრდა ამბიციური მწვრთნელი ლუისმი პატინიო „ესტრემადურას“ ფილიალიდან. ახალ ადგილზე ის სპორტული დირექტორიც გახდა. „ჩვენ გვყავს საერთო ნათესავები. გავიგე, რომ ბიჭს პრობლემები აქვს“, – უთხრა ლუისმიმ ბლოგს „ჩემი ესპანეთი“.

პაკიტოს ფეხბურთი არ მიუტოვებია. მას სურდა კარში დამდგარიყო, რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა. მაგრამ ლუისმიმ ბიჭს შეთავაზა სხვაგვარად გამხდარიყო გუნდის ნაწილი: „ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ. ის ტიროდა, როდესაც გაიგო, რომ ფეხბურთის გზა დაიკეტა. მაშინ მე მას შევთავაზე ჩემი თანაშემწე გამხდარიყო.“

ბიჭს არ უფიქრია და მაშინვე დათანხმდა.

ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს პაკიტო ვარჯიშებზე ეხმარება: ანთავსებს „ფიშკებს“, დააქვს მსუბუქი ფიგურები, მოაქვს ბურთები. მაგრამ ეს ყველაფერიარ არის: ზოგჯერ პაკიტო ჯანმრთელ ფეხბურთელებს გასძახებს ხოლმე: „სწრაფად, სწრაფად, უფრო ზუსტად“.

ესპანეთის მეხუთე ლიგაში მოთამაშე „სან სერვანის“ ყველა საშინაო მატჩის წინ გასახდელში რიტუალი ტარდება: პაკიტო ფეხბურთელებს ჩამოუვლის და თამაშისთვის განაწყობს. ის ცდილობს გასვლით მატჩებზეც იაროს, მაგრამ სკოლას ბევრი დრო მიაქვს და ზოგჯერ შინ დარჩენა უწევს.

„ჩემთვის ფეხბურთი მთელი ცხოვრებაა. მაგრამ თამაში არ შემიძლია“, – გაუზიარა ბიჭმა თავისი განცდები La Casa del Fútbol-თან ინტერვიუში.

ქალაქთან ახლოსაა მერიდა, სადაც ამავე სახელწოდების გუნდი თამაშობს. რამდენიმე წლის წინ სამწვრთნელო შტაბმა მას უფლება მისცა წინასამატჩო ვარჯიშს და მოთელვას დასწრებოდა. „ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო“, – დაწერა ბიჭმა სოცქსელებში.

„ასაკის გამო მას ჯერ არ შეუძლია მატჩების დროს სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. პაკიტო შორიახლოს ჯდება და მოთამაშეების ყოველ მოძრაობას აკვირდება, რაღაცას კარნახობს“, – ამბობს პატინიო.

 

„ვინ არის ჩემი საყვარელი მოთამაშე? ერთმნიშვნელოვნად კრიშტიანო! კლუბი? რა თქმა უნდა, „მადრიდი“. ჩემი საყვარელი მწვრთნელია ზიდანი. მინდა მისნაირი ვიყო!“, – ამბობდა პაკიტო შარშან.

2018/19 წლების სეზონის დაწყებამდე „სან სერვანმა“ კონტრაქტი გაუგრძელა ლუისმი პატინიოს და ფრანსისკო ანეგასს. რამდენიმე კვირაში კი პაკიტო მორიგ ოპერაციაზე წავიდა. „როგორც ჩანს, ბოლო ჩარევა წარმატებული გამოდგა, და ახლა მას ნორმალური ცხოვრება შეუძლია. მას სურს მწვრთნელი ან ჟურნალისტი გამოვიდეს“, – ამბობს ლუისმი.

ამჟამად ბიჭი რეაბილიტაციის კურსს გადის, ყავარჯნებით გადაადგილდება და გუნდის, აკადემიისგან და ცნობილი ფეხბურთელების გასამხნევებელ სიტყვებს იღებს. ყოველ კვირას მთავარი მწვრთნელი სტუმრად მიდის თანაშემწესთან და ფეხბურთის გაკვეთილს უტარებს.

 

„პაკიტო მაგალითია ჩვენთვის. მან სხვაგვარად დაგვანახა ბევრი რამ. ერთი შეხედვით, მარტივ საბავშვო ოცნებას – ფეხბურთს თამაშს – სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ ხშირად ვწუხვართ რაღაც მოგონილ პრობლემებზე, მაგრამ როდესაც მის ღიმილს ხედავ, ხვდები, რომ ჩვენი განცდები არაფერია“.

ვნახოთ, გავა წლები და იქნებ პაკიტო ახალი ზიდანი გახდეს, ან სულაც აჯობოს კიდეც.

მსგავსი თემები