LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: როგორია ტრანსპორტის ამუშავების პირველი დღე

3436
FORTUNA. GE

დიდი ხნის მოლოდინისა და გარკვეული პროტესტის შემდეგ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ხალხმრავლობიდან გამომდინარე ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველია და ამიტომაც მაქსიმალურად გაჭიანურდა მისი ამუშავება. ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადება თითქმის ყველა დონეზე გაკეთდა – ისაუბრეს პრემიერმა, მერიამ, ექიმებმა… გაიცა რეკომენდაციები და დაწესდა გარკვეული შეზღუდვა-პირობები: მგზავრი უნდა იყოს პირბადით, “მარშუტკებში” ხალხი ფეხზე აღარ უნდა დადგეს, მეტროში გაკონტროლდება მგზავრთა რაოდენობა და ა.შ.

დღეს ტრანსპორტი თბილისის ქუჩებში ისევ გავიდა. და რა ხდება რეალურად?

დიდად სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ დაგვხვდა.

ჯერ ერთი აშკარად ძალიან მცირე რაოდენობით მოძრაობს ტრანსპორტი, განსაკუთრებით მიკროავტობუსი. კორონამდე ბევრად მეტი დადიოდა და უფრო მოკლე ინტერვალით. თუ ასე გაგრძელდა, ამას ტრანსპორტის სრულფასოვნად ამუშავებას ვერ დავარქმევთ. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა ხდებოდა ადრე “მარშუტკებში”, ხალხი უბრალოდ ვერ ეტეოდა და ნაკლები რაოდენობის მანქანებით კიდევ უფრო დისკომფორტი შეიქმნება.
ჩვენი ჟურნალისტი “მარშუტკას” დიდხანს ელოდა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე. მეორე მხრივ “გადავამოწმეთ” “მარშუტკის” მუშაობა გარეუბანში და იქაც თითო-ოროლა თუ დადიოდა. არადა, დიდ გარეუბნებში (დიდი დიღომი, გლდანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი, თემქა-მუხიანი და ა.შ.) თითზე ჩამოსათვლელი 16-ადგილიანი “მარშუტკა” ნამდვილად არავის ეყოფა.

პირბადიანი მგზავრები. როგორც პირველმა დღემ აჩვენა, უკიდურესი აუცილებლობა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში პირბადის გარეშეც იმგზავრეს მოქალაქეებმა. და ეს ჩვენმა ჟურნალისტმა საკუთარი თვალით იხილა. მგზავრები ავტობუსში ასვლის შემდეგაც იკეთებდნენ (ისწორებდნენ) პირბადეს, შენიშვნის მიმცემი კი არავინ ყოფილა.

მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლით (ძირითადად გარეთ), ავტობუსებში მერიის წარმომადგენლები არ ყოფილან, რომლებიც გაჟღერებულ რეკომენდაცია-წესებს გააკონტროლებენ.

ცხადია ჯერ სათანადოდ არც საპატრულო პოლიციაა ჩართული.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით არც მგზავრთა სიმრავლე შეინიშნება. ეს თბილისის მერიაშიც დაგვიდასტურეს:

“მთელი დღის განმავლობაში მონიტორინგს ვახორციელებთ და ავტობუსებში, მეტროში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ჯერჯეობით ხალხმრავლობა არ შეინიშნება. გადატვირთული არ ყოფილა, დაველოდოთ პიკის საათს და ვნახოთ რა იქნება. ამ ეტაპზე მგზავრების საკმაოდ ზომიერი რაოდენობაა და არ არის გადატვირთული ტრანსპორტი” – გვითხრეს თბილისის მერიის პრეს სამსახურში.

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს ერთხელაც შეეხო ტრანსპორტის თემას და აღნიშნა, რომ წესები მაქსიმალურად არის დაცული, პირბადის გარეშე ერთი მგზავრიც არ მგზავრობს და შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.

თუ პარასკევი, ანუ პირველი დღე, ერთგვარი ექსპერიმენტია და თავადაც დაკვირვების რეჟიმში არიან, კიდევ გასაგებია, მაგრამ ფაქტია ამ პირველმა დღემ კითხვები გააჩინა და იმედი ვიქონიოთ, რომ თუნდაც ორშაბათიდან ყველაფერი სათანადო დონეზე იქნება: ტრანსპორტის რაოდენობაც, კონტროლი გონივრულ ჩარჩოებში და რაც მთავარია ტრანსპორტის მთავარი ფუნქციაც შესრულდება – ხალხი მოახერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.

მოკლედ, ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ… ცოტა “მარშუტკა”, ცოტაც უპირბადეობა და ცოტა მგზავრები…

დანარჩენს უახლოესი დღეები გვაჩვენებს.

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები