LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგას ამერიკაში უნდა, საქართველოსთვის კი ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება

94
433b36a5-goga-bitadze-buducnost-voli-podgorica-eb18-768x461

საკალათბურთო გამოცემა eurohoops.net-მა საქართველოს ნაკრებისა და “ბუდუჩნოსტის” ცენტრ გოგა ბითაძეს ინტერვიუ ჩამოართვა. ქართველმა კალათბურთელმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს ძირითად თემებს.

 

რა აღმოაჩინე ევროლიგაზე თამაშისას?

ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. უმაღლესი დონის მოთამაშეებთან ერთად თამაში ნამდვილად კარგი გამოცდილებაა. ბევრი რამ ვისწავლე. არ ვიცოდი, თუ ამ დონეზე თამაში შემეძლო, ყველაფერი კარგადაა.

ლუკა დონჩიჩის შემდეგ, შენს მიმართაც დიდი მოლოდინი გაჩნდა?

წნეხს არ ვგრძნობ, რადგან თამაშზე ვახდენ კონცენტრაციას და სხვა რამეებზე ფიქრისთვის არ მცალია. უბრალოდ გავდივარ და ვთამაშობ.

ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. რამდენად დაგეხმარნენ ისინი?

ეს ორი კალათბურთელი ჩემთვის სამაგალითონი იყვნენ. ვუყურებდი, როდესაც საქართველოს ნაკრებში გამოდიოდნენ. ბავშვობაში არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ თუ მათ შეძლეს, შანსი მეც მქონდა და მეც შემეძლო.

როდესაც პატარა იყავი, ვის ბაძავდი?

სანამ NBA-ს ყურებას დავიწყებდი, ჩემთვის მაგალითები თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი იყვნენ. რაც NBA-ს ყურება დავიწყე კევინ გარნეტი და ჰაკიმ ოლაჯუონი. მათი პასების უნარი დღემდე მაოცებს.

ამ ეტაპზე ვის გამოარჩევდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში?

ლებრონ ჯეიმსი. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს, ცუდია, რომ „ლეიკერსი“ პლეი ოფში ვერ მოხვდა.

2019 წლის „დრაფტი“ ახლოვდება?..

NBA-ში თამაში ჩემი ოცნებაა. როდესაც მესმის, რომ შესაძლოა დრაფტზე ამიყვანონ, ეს მოტივაციას მმატებს, მეტს ვშრომობ.

ვინც არ გიცნობს, რომელი უნარები გამოგარჩევს?

დისციპლინა და კონკურენტუნარიანობა. ძალიან მოძრავი ვარ და ფართან კარგად ვთამაშობ, კონტაქტს არ გავურბივარ და დაფარებაც შემიძლია. განწყობა და თამაშის სურვილიც ჩემი დადებითი მხარეა.

ვინ მოახდინა შენს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა?

ჩემმა ოჯახმა. დედაჩემმა, ჩემმა დამ და დეიდაჩემმა, რომლებიც ყველაფერში მეხმარებოდნენ. ისინი ყველა ვარჯიშზე დამყვებოდნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ისინი მაძლევდნენ ძალას, მენდობოდნენ და სჯეროდათ იმის, რასაც ვაკეთებდი. ისინი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნველოვანი ადამიანები არიან.

რას ეტყოდი ქართველ გულშემატკივრებს?

დიდი მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები