LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ პირველი მოგებისთვის ვემზადებით, სამ დღეში კი…

107
KJR_50781

საქართველოს ნაკრებს ორი შესარჩევი მატჩი ელის. ერთი მარტივი და მეორე რთული. ჯერ შედარებით იოლი თამაში გვაქვს, შინ, აუტსაიდერ გიბრალტართან. სამ დღეში კი გასვლაზე ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიის მქონე დანიასთან. ჩვენი გუნდი ტრადიციულად დიდი დანაკლისით ხვდება მატჩებს. არ არიან წამყვანი ფეხბურთელები, ბევრია პრაქტიკამოკლებული და ა.შ.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ვლადიმირ ვაისს საქართველოს თავკაცის პოსტზე ოფიციალური თამაში არ მოუგია. აქ არ ვგულისხმობთ ერთა ლიგას, რომელმაც იდეაში ამხანაგურები ჩაანაცვლა. ასე რომ, სუსტ გიბრალტართან მოგება პირველი იქნება სლოვაკისთვის. დიდი ვერაფერი შედეგია, მაგრამ ერთა ლიგამ სულზე მოუსწრო.

 

საქართველოს ნაკრები წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის 26 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მათ შორის საბა კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი პაპუნაშვილი. გიორგი აბურჯანია ნაკრებს უკვე შეუერთდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

 

 

ოთარ კიტეიშვილი:
გიბრალტარი და დანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. გიბრალტარს სახლში ვეთამაშებით და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია, მით უმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დავაფასოთ და მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადოთ.

რაც შეეხება დანიას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან რთული მეტოქეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანიელთა წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ვერ ვახერხებთ. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვფიქრობ, რომ გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და გულშემატკივარს კარგ თამაშს უჩვენებენ.

 

 

ნიკა კვეკვესკირი:
ამ შეხვედრებს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით. გასულ ორ შეხვედრაში ნაჩვენებმა შედეგმა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა როგორც ფეხბურთელებში, ისე გულშემატკივრებში. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია და გულშემატკივარი მეტს იმსახურებს.

სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკრების ლიდერები გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. ხვიჩა კვარაცხელიას სახით მიმდინარე შეკრებაზე დებიუტანტი გვყავს და მთელი გუნდის სახელით მას წარმატებას ვუსურვებ.

მომავალ შეხვედრებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გუნდებს დავუპირისპირდებით. დანიის სახით ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, გიბრალტარი კი საპირისპირო. კარგია, რომ გიბრალტარი დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან უპირატესობას გახსნილ და შემტევ თამაშს ვანიჭებთ.

 

გიორგი ხარაიშვილი:
ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები