LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაისაშვილი: „შემოდგომის ერთა თასი“ უდიდეს გამოცდილებას მოგვცემს

79
120202633-992301264552944-2677401120419670740-n (1)

როგორ ემზადება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასი 2020“-სათვის, აქვს თუ არა გუნდს დანაკლისი და რას ელიან ბორჯღალოსნები „დიდი რვიანისაგან“…
„ფორტუნას“ შეკითხვებს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა უპასუხა.

 

ბატონო ლევან, როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, ბორჯღალოსნები ძალიან მნიშვნელოვან ტურნირში, შემოდგომის ერთა თასი 2020“-ში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც დიდ რვიანსაცუწოდებენ. ტურნირის ფორმატის თანახმად, „6 ერის“ ქვეყნებს დაემატნენ ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები. მოკლედ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ აირჩა საქართველოს ნაკრები ტურნირის მონაწილედ და რა მნიშვნელობა აქვს ამ ტურნირს ჩვენი გუნდისთვის...

ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთის გუნდები ვეღარ თამაშობენ ევროპის ტესტებს. ეს იდეა „ექვსი ერის“ და „მსოფლიო რაგბის“ წარმომადგენლებს გაუჩნდათ. მათ შეიმუშავეს ახალი ტურნირის ფორმატი, რომლის მიხედვითაც 6 ერის ნაკრებებს დაემატებოდა 2 ნაკრები. თავდაპირველად საუბარი იყო ფიჯის და იაპონიის დამატებაზე, თუმცა იაპონელებმა უარი განაცხადეს ტურნირში მონაწილეობაზე და შესაბამისად, ჩვენ მოგვეცა შანსი. საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, თამაში მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან მოგვიწევს და ძალიან დიდ გამოცდილებასაც მივიღებთ. ეს ტურნირი ჩვენთვის შანსია მოკლე ვადაში ვეთამაშოთ ბევრ ძლიერ გუნდს და პროცესში ვიპოვოთ ჩვენი თავი, ჩვენი თამაში და დავიხვეწოთ.

რას ელით შემოდგომის ერთა თასისგან პირადად თქვენ, როგორც ნაკრების მწვრთნელი? რა შედეგის ჩვენება შეგვიძლია ამ ტურნირზე და როგორი მოლოდინი გაქვთ? სხვადასხვა ინტერვიუებში უკვე აღნიშნეთ, რომ ერთი გამარჯვების მოპოვებაც ძალიან კარგი შედეგი იქნება, მთავარი კი გამოცდილების დაგროვებაა.

დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ ტურნირის ფავორიტები ვერ ვიქნებით. მაღალი მოლოდინების გაჩენა ძალიან ძნელია, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული, გულშემატკივარი იმ შედეგს დაელოდება, რა მოლოდინსაც გავაჩენთ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება გუნდის შეთამაშება თამაშიდან თამაშამდე. ჩვეულებრივ ამის საშუალება ნაკლებად გვაქვს, რადგან ტურნირებს შორის დიდი ინტერვალებია, გარდა ამისა მაღალი დონის გუნდებთან თამაში არც ისე ხშირად გვიწევს. თუ ამ ტურნირზე ჩასატარებელ 4 მატჩს შოტლანდიასა და რუსეთთან ჩასატარებელ თამაშებსაც დავუმატებთ გამოდის, რომ დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ გავიზარდოთ თამაშიდან თამაშამდე, გავაანალიზოთ თამაში, აღმოვფხვრათ სუსტი მხარეები. ამ კუთხით ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, თუმცა რაც შეეხება შედეგს ტურნირზე, ახლა რომ გითხრათ ჯგუფში ორ თამაშს მოვიგებთ, რამდენად სერიოზული იქნება ჩემი განაცხადი? ჩვენ ვეცდებით თამაშიდან თამაშამდე ვითამაშოთ უკეთესად და ვაჩვენოთ, რომ რაგბის თამაში შეგვიძლია. იმასაც გეტყვით, რომ არცერთ თამაშს არ შევხვდებით მოუმზადებლები ან გადახალისებული შემადგენლობით.

ვიდრე ამ ძალიან მნიშვნელოვან ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი ელის, 23 ოქტომბერს შოტლანდიის და 1 ნოემბერს რუსეთის წინააღმდეგ. როგორ ემზადებიან ბორჯღალოსნები ამ მატჩებისთვის? თუ არის გუნდში დანაკლისები? როგორი განწყობით ხვდებიან ქართველი მორაგბეები მოახლოებულ მატჩებს?

პირველი თამასი შოტლანდიასთან გვექნება და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ეს თამასი რუსეთთან თამაშის მოსამზადებელ მატჩად განიხილება, რადგან შოტლანდიას აბსოლუტურად უთამაშებლები ვხვდებით. ნაკრების ნაწილი ამ მატჩისთვის საქართველოში ემზადება. საუაბრია საქართველოში ბაზირებულ მოთამაშეებზე, ნაკრების დაახლოებით 45%-ზე. დანარჩენები კი ძირითადად საფრანგეთში იმყოფებიან და იქ ემზადებიან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჯანმრთელადაა, გარკვეული პრობლემები მაინც არის, რადგან საფრანგეთში მყოფთაგან რეალურად ცოტას აქვს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა. ეს პრობლემა ისედაც იდგა ჩვენ წინაშე. ასე რომ შოტლანდიასთან მივიღებთ სათამაშო პრაქტიკას, რუსეთთან თამაში კი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორი მატჩისთვის ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით, ასე იყო იქამდეც, ვიდრე ცნობილი გახდებოდა ჩვენი „შემოდგომის ერთა თასზე“ მონაწილეობის შესახებ.

რაც შეეხება მზადებას, ჯერ გავივლით 14-დღიან შეკრებას საკარანტინე რეჟიმში, შემდეგ უკვე საფრანგეთში გავემგზავრებით, სადაც გვექნება სამდღიანი შეკრება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია პრაქტიკაში გვაქვს. სწორედ აქ შემოგვიერთდებიან საფრანგეთში ბაზირებული მოთამაშეები. ამის შემდეგ გავემგზავრებით შოტლანდიაში. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებით და მზადებას რუსეთთან მატჩისათვის უკვე აქ განვაგრძობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები