LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიცენზიებზე შეგვიძლია არ ვინერვიულოთ”: რაში წაადგა ავთო ჭრიკიშვილს კარანტინი

124
FORTUNA.GE (46)

როგორ გაატარა კარანტინის პერიოდი, როგორ მიდის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია და რა მნიშვნელოვანი ტურნირები ელის წინ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს? „ფორტუნას“ კითხვებს მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ძიუდოისტმა ავთო ჭრიკიშვილმა უპასუხა.

 

რამდენადაც ცნობილია, ხელზე ოპერაცია ჩაგიტარდათ. როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი და როდის შეძლებთ ტატამზე დაბრუნებას?

დიახ, დაახლოებით თვენახევრის წინ ხელზე ოპერაცია ჩამიტარდა. რეაბილიტაცია ნორმალურად მიმდინარეობს. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ვარჯიშის დაწყებას შევძლებ. ბუნებრივია, დრო დამჭირდება ფორმაში ჩასადგომად, თუმცა ჯერჯერობით შეჯიბრებები არ გვაქვს და დრო მექნება ამისათვის.

ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ: კარანტინის პერიოდი როგორ გაატარეთ?

ბევრი ნამდვილად არ მივარჯიშია (იცინის), უფრო მშობლის როლში ვიყავი, ვიდრე სპორტსმენის, რადგან მე და ჩემი მეუღლე ორ ბავშვთან ერთად მარტოები ვიყავით. თუ კარანტინს რაიმე დადებითი ჰქონდა, ერთადერთი ისაა, რომ ოჯახთან ბევრი დრო გავატარე. საღამოობით ბავშვებს ვასეირნებდით და ალბათ ეს იყო ჩვენი ვარჯიში.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, დაიწყეს თუ არა ვარჯიში ქართველმა ძიუდოისტებმა?

ჩემი მეგობრები, ნაკრების წევრები სულ ვარჯიშობდნენ და არ გაჩერებულან. სახლის პირობებში ყველა ვარჯიშობდა, როგორც შეეძლო. ოფიციალურად როდის მიეცემათ ვარჯიშის უფლება, ზუსტად არ ვიცი. დიდი ალბათობით, ეს მომავალი კვირიდან მოხდება. როგორც მოგეხსენებათ, ძიუდო კონტაქტური სპორტია და ამიტომ ჩვენ სულ ბოლოს მოგვეცემა სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარების საშუალება.

ავთო, რომელიმე კონკრეტული დიდი ტურნირი თუ არის დაგეგმილი წელს, რისთვისაც ძიუდოისტები ემზადებიან? მაგალითად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი. აი მაგალითად ჭიდაობაში წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება…

წელს ევროპის ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო. ჯერ ევროპის ჩემპიონატი ტარდება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი. წელს ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონატი ვეღარ მოესწრება, ევროპის ჩემპიონატი სავარაუდოდ ნოემბერში გაიმართება. თუმცა ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფედერაციას გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება. სხვა ტურნირები კი არა, შესაძლოა ოლიმპიადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და მომავალ წელსაც არ გაიმართოს, თუ ვითარება არ გამოსწორდა.

მინდა გკითხოთ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებზე. რამდენი ლიცენზია აქვს მოპოვებული ნაკრებს ამ დროისათვის და თქვენი აზრით კიდევ რამდენი ლიცენზიის მოპოვება შეგვიძლია?

როგორც ვიცი, ძიუდოში ლიცენზიები უკვე ყველა წონით კატეგორიაში გვაქვს და თანაც არაერთი. ასე რომ, ლიცენზიის გარეშე არ დავრჩებით. ერთადერთი 73 კილოგრამში იყო პრობლემა, შავის (ლაშა შავდათუაშვილი) ტრავმის გამო პრობლემა ჰქონდა, თუმცა აქაც გვაქვს ლიცენზია. ჩვენთან ჭიდაობისგან განსხვავებული სიტუაციაა, ჩვენთან ყველა შეჯიბრზე შეგიძლია გარკვეული ქულების აღება და ლიცენზიის მოპოვებაც უფრო იოლია. ასე რომ, ძიუდოს ლიცენზიებზე შეგვიძლია არ ვინერვიულოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები