LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლატინი დაიჭირეს: საქმე ყატარს ეხება და სარკოზიც ფიგურირებს

316
4334

საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

Mediapart -ის ცნობით, დაკავება ნანტერეში (პარიზთან ახლოს) მოხდა ყატარისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საქმის ძიებასთან დაკავშირებით.

Le Monde-ის ინფორმაციით, 63 წლის ფრანგი ჯერ პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გამოიძახეს ჩვენებისთვის, რომლის შემდეგ დაკავება მოხდა.

საფრანგეთის ფინანსური პროკურატურა იძიებს არასახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების აქტიური და პასიური მოსყიდვის ფაქტებს.

პლატინისთან ერთად დააკავეს სოფი დიონი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ექს-მრჩეველი, ასევე ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის გენერალური მდივანი კლოდ გეანი.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე პლატინი შვეიცარიაში შეხვდა ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ამტკიცებდნენ, რომ პლატინიმ ეს სარკოზის თხოვნით გააკეთა.

პოლიციას ასევე აინტერესებს 2010 წლის 23 ნოემბრის ელისეის მინდვრებზე გამართული მიღება. მას ესწრებოდნენ ნიკოლა სარკოზი, მიშელ პლატინი, ყატარის ამჟამინდელი ემირი ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანი, ასევე იმდროინდელი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰამად ბენ ჯასიმი. ღონისძიებას პლატინისთან ერთად დაკავებული დიონი და გეანიც ესწრებოდნენ.

მანამდე პლატინიმ აღიარა, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს მხარი დაუჭირა ყატარის კანდიდატურას. ფრანგს ამ საქმეზე უკვე აქვს ჩვენება მიცემული 2017 წლის დეკემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები