LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ კობლიაშვილი: „ნაკრები ვარჯიშს სავარაუდოდ თვის ბოლოს განაახლებს“

153
78827361-1237156956492409-352664983059824640-n

როგორ გაატარა კარანტინის პერიოდი, რომელი ტურნირისათვის ემზადება განსაკუთრებით და როდისთვის ელოდებიან ქართველი მოჭიდავეები ვარჯიშის განახლების ნებართვას – საინტერესო კითხვებზე „ფორტუნას“ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ევროპის ჩემპიონმა რობერტ კობლიაშვილმა უპასუხა.

 

პირველ რიგში, მინდა მადლობა გითხრათ სტუმრობისათვის. ვიდრე სხვა აქტუალურ კითხვებზე გადავიდოდეთ, გვითხარით, როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი? როგორ ემზადებოდით ამ დროის განმავლობაში და ნაკრების სხვა წევრებს თუ ეკონტაქტებოდით?

კარანტინის პერიოდში სხვების მსგავსად, მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და სახლის პირობებში ვემზადებოდი. შინ მომზადება აუცილებელი იყო ფორმის მეტ-ნაკლებად შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებთან კონტაქტს, ამ დროის განმავლობაში მათთან კონტაქტი არ მქონია.

განაახლეთ თუ არა ვარჯიში? სპორტის ზოგიერთ სახეობაში ვარჯიშები უკვე განახლდა, ფეხბურთში კი უკვე ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიც ტარდება. რა ვითარებაა ჭიდაობაში?

სამწუხაროდ, ჩვენთვის ჯერჯერობით ვარჯიშის განახლების უფლება არ მოუციათ. მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს, რომ შეკრებას მალე ჩავატარებთ და უკვე ერთად მოვემზადებით. ალბათ დაახლოებით თვის ბოლოსთვის უკვე უნდა მოგვცენ ვარჯიშის ნება.

მინდა გკითხოთ იმ მნიშვნელოვან ტურნირებზე, რომლებიც წელს ყველაფრის მიუხედავად, ალბათ მაინც ჩატარდება. როდის შეიძლება გაიმართოს ტურნირები, კულუარული ინფორმაცია მაინც თუ გაქვთ?

როგორც მოგეხსენებათ, წლის ყველაზე მნიშვნლეოვანი სპორტული ტურნირი ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ყოფილიყო, თუმცა თამაშები ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო ერთი წლით გადაიდო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ფედერაციას წელს უფროსებში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება სურს, თუმცა ტურნირი ჩატარდება თუ არა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოში მიიღებენ. თუ ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელი იქნება, სავარაუდოდ, ეს ტურნირი წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

სალიცენზიო ტურნირების შესახებ რას გვეტყვით, რამდენ ტურნირზე შეეძლებათ ქართველ სპორტსმენებს ლიცენზიებისათვის ბრძოლა და რამდენი ლიცენზია გვაქვს ამ დროისათვის?

ამ დროისათვის როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს 2-2 ანუ ჯამში 4 ლიცენზია აქვს მოპოვებული. ორივე სახეობაში კიდევ 4-4 წონით კატეგორიაში გვაქვს მოსაპოვებელი ლიცენზიები. ბოლო სალიცენზიო ტურნირები ოლიმპიადამდე მარტსა და აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოლიმპიადის მსგავსად, ამ ტურნირებმაც ერთი წლის ვადით გადაიწია და ისინი მომავალი წლის მარტსა და აპრილში ჩატარდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ლიცენზიების მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ და მთელი გუნდით გავემგზავროთ ტოკიოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები