LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი ოკუპანტია” – საღვედეები, რომლითაც დიზაინერი დევნილ ოჯახებს დაეხმარება

3994
eka

ქართველმა დიზაინერმა თათა დემურიშვილმა, ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი ოჯახების დასახმარებლად საღვედეების ხაზი შექმნა.

„რუსეთი ოკუპანტია“, „STOP RUSSIA” – ასეთი წარწერებით ის საღვედეებს უკვე ამზადებს და აცხადებს, რომ გაყიდული თითო პროდუქტიდან 1 ლარი დევნილი ოჯახების დახმარებისთვის გადაირიცხება.

თათა დემურიშვილი „ფორტუნასთან“ ყვება, რომ იდეა სოციალურ ქსელში ნანახი ემოციური პოსტის შემდეგ დაებადა.

 „ფეისბუქზე ვნახე რაღაც პოსტი, ცხინვალიდან დევნილი პატარა ბავშვები იყვნენ ოჯახით. ძალიან შემეცოდნენ, ვიფიქრე, რომ  რაღაც ერთი ხაზი შემექმნა, რითაც ბევრს ვერაფერს, მაგრამ მცირე დახმარებას გავუწევდი. რომ ვიფიქრე რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, გადავწყვიტე, რომ რუსეთი უნდა მეხსენებინა ცუდ კონტექსტში. ღვედი საიდან მოვიფიქრე ნამდვილად ვერ გეტყვით, ალბათ იმიტომ რომ უფრო ხილვადია, ფასიც ისეთი აქვს, რომ ნებისმიერი მძღოლი შეძლებს შეძენას,“ – ამბობს დიზაინერი.

საღვედეების ფასი 7 ლარია. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ოჯახს მოხმარდება შეგროვებული თანხა, რადგან უცნობია, რა რაოდენობის ღვედები გაიყიდება და შესაბამისად, რა ოდენობის თანხა შეგროვდება.

„თუ ბიუჯეტიანი ხაზი გამოდგა, მასშტაბურ დახმარებაზე ვიფიქრებ, თუ 500-600 ლარის ფარგლებში შეგროვდა, მაშინ ერთ კონკრეტულ დევნილ ოჯახს ამოვირჩევთ, რომელსაც მედიკამენტებით და საკვებით დავეხმარებით,“ – განმარტავს თათა დემურიშვილი „ფორტუნასთან“.

რუსეთის თემის გარდა, თათა დემურიშვილს სხვა დიზაინით შექმნილი საღვედეებიც აქვს. როგორც ის ამბობს, ამ საღვედეებიდან შემოსულ თანხასაც, დახმარებისთვის გამოიყენებს.

საღვედეები შეკვეთიდან მაქსიმუმ მეორე სამუშაო დღეს მზადდება. რაც შეეხება მიწოდებას, თუ ვინმეს მსგავსი სერვისით სარგებლობა მოუნდება, შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

„ამ ფასში მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ, თუმცა ჩემი პროდუქციისთვის ისედაც ვსარგებლობ საკურიერო კომპანიით და მათი დახმარებით, ამ სერვისის შეთავაზებაც შეგვიძლია. მიწოდება თბილისის მასშტაბით 4 ლარია,“ – აღნიშნავს ის.

დიზაინერი ფიქრობს, რომ შესაძლოა საღვედეები ბენზინგასამართ სადგურებზეც შეიტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები