LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპას მთავარი მეტოქით იწყებს: ხვალ თბილისში რუმინეთთან

104
84163326-2728163203947428-2453510014984257536-o

საქართველოს ნაკრები ახალ სეზონს იწყებს. ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან, 1 თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს – რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე ის ბორჯღალოსნებმა 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები მას 8-ჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხეს. შარშან გუნდებმა რუმინეთში, კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 დაამარცხა.

 

ძველები, გამოცდილები

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

ლევან მაისაშვილმა არჩევანი ნაცად მორაგბეებზე შეაჩერა. რუმინეთთან მატჩს და ზოგადად რაგბი ევროპას გამოტოვებს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

საქართველოს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. გამოცდილი ბურჯი ნაკრების კვართით მე-60 შეხვედრას ჩაატარებს. მასთან ერთად შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და ნოდარ ჭეიშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე იწყებენ. აღსანიშნავია, რომ სამივე მესამეხაზელი 23 წლისაა, ჭეიშვილმა და ცუცქირიძემ (ტრავმა) კი 2019 წლის მსოფლიო თასი გამოტოვეს და ნაკრებს ახლა უბრუნდებიან.

9 ნომრად თამაშს იწყებს ასევე 23 წლის ვასილ ლობჟანიძე და ის უკვე 50-ე კეპს მოიხვეჭს. მგეზავად მას ახალგაზრდა თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი კვესელაძისა და დავით კაჭარავას დუეტს ვიხილავთ. კაჭისთვის ეს 120-ე სანაკრებო მატჩი იქნება. ფრთებზე თამაშს ალექსანდრე თოდუა და მირიან მოდებაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც მე-80 კეპს მოიხვეჭს.

მე-80-ე სანაკრებო მატჩია შალვა სუთიაშვილისთვისაც, რომელიც მეორე ხაზის მარქაფაშია. მესამე ხაზში შეცვლაზე ბექა საღინაძე შევა, ხოლო პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილს, გიორგი მელიქიძეს და გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ.

9 ნომრის მარქაფა გელა აფრასიძეა, ხაზის თამაშს კი ლაშა მალაღურაძე და სოსო მათიაშვილი გააძლიერებენ.

 

წინასამატჩო პრესკონფერენცია

გუნდებმა „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი:
„ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ გვაქვს, რადგან დროის მცირე მონაკვეთში სიახლეების დანერგვა რთულია. ვეცდებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუ ჩვენს დავალებებს ხარისხიანად შევასრულებთ, მეტოქე გუნდებს სერიოზულ საფრთხეებს შევუქმნით. გვსურს, გვქონდეს მრავალფეროვანი შეტევები, რაც რთული წასაკითხი იქნება დაცვისთვის.
რუმინეთი ტრადიციულად ძლიერია შერკინებასა და მოლში. გვაქვს ამის გამოცდილება. როცა ამ კუთხით არ დავაფასეთ, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს“.

მიხეილ ნარიაშვილი (კაპიტანი):
„ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, თუმცა ჩვენთვის მათი უმეტესობა ნაცნობი სახეა. ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ის, რომ ამ მწვრთნელებს დიდი ხანია ვიცნობთ, ამ პროცესში დაგვეხმარა. რუმინეთთან მძიმე და რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ამისათვის მზად ვართ“.

 

ენდი რობინსონი (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც შოტლანდიის ნაკრებს ვწვრთნიდი, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ვეთამაშეთ. მაშინ საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შერკინება და ფორვარდები ყავდა. ორივე გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ მათ არა მხოლოდ მოახერხეს ამ უძლიერესი შერკინების შენარჩუნება, არამედ განავითარეს უკანა ხაზის თამაში. დარწმუნებული ვარ, არაერთ საინტერესო შეტევას, ასევე მობილურ შერკინებასა და მოლს ვიხილავთ“.

 

 

უკეთესები ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა

„შევარდენზე“ ტრადიციული ღია ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი:
„განვლილი მსოფლიო თასის შემდეგ, ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ვეცდებით გულშემატკივარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. როგორც წესი, პირველ მატჩს ყოველთვის ახლავს ტექნიკური წუნი და ვცდილობთ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა და ამის დამტკიცებას ვეცდებით. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფავორიტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება, თუმცა ეს ჩვენთვის გამოწვევაა“.

შალვა მამუკაშვილი:
„რუმინეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და მისგან გარკვეულ სიახლეებს ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ. ვეცდებით ვაჩვენოთ შემტევი, სანახაობრივი თამაში, რასაც დიდი ხანია ჩვენგან გულშემატკივარი ელის“.

დავით კაჭარავა:
„საფრანგეთის 3-დღიანი შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოკლე პერიოდში მატჩისთვის სრულფასოვანი მომზადება ძალიან რთულია. მსოფლიო თასის შემდეგ პირველ შეხვედრას ვატარებთ, თანაც თბილისში და ვფიქრობ მაყურებელი მრავლად მოვა. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები