ქართული კლუბები ევროპას მოედნენ და საერთო ჯამში მშვენიერი შედეგიც მივიღეთ. წინა დღით „საბურთალოს: მოულოდნელი და ძალზე სასიამოვნო გამარჯვების შემდეგ, სამი ქართული გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე ჩაერთო და ორმა – „დინამომ“ და „ჩიხურამ“ დიდი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპისკენ. დასანანია, „ტორპედოს“ ამბავი, რომ არა ბოლო დროს განვითარებული უსიამოვნო მოვლენები, ქუთათურებსაც ბევრად დიდი შანსი ექნებოდათ, თუმცა უშანსოდ „იმერლები არც ახლა არიან.

 

“ტორპედო” სტუმრად “ორდაბასისთან” 0:1 დამარცხდა.
კახა ჩხეტიანმა მოედანზე თავიდან ჩამოყალიბებული გუნდი გაიყვანა. თან, “ტორპედოს” ზივზივაძე და დოლიძეც ვერ დაეხმარნენ.
ალბათ სიცხის გამო იყო, რომ მომენტები იშვიათად იქმნებოდა.
ერთადერთი გოლი კი მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე გავიდა. კუთხურისას გამოსვლაზე კვასხვაძე შეცდა და იერლანოვმა თავით გოლი გაიტანა.

ორდაბასი – ტორპედო 1:0

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ფონიავა (მოსიაშვილი 86), ცინცაძე, ნადარია, ჩოგაძე (კობახიძე 68), ციცქიშვილი, კაპანაძე (ცეცხლაძე 76)

გოლი: იერლანოვი (65)

კახა ცხადაძე („ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი):

„ჩვენ პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ. მთავარია, რომ კარი უგოლოდ შევინახეთ და თავად გავიტანეთ. ველოდით, რომ მოწინააღმდეგე დაცვაში ჩაჯდებოდა და ამას თავდაუზოგავად გააკეთებდა. მათ ძალიან ჭკვიანი და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ადვილი თამაში იქნებოდა, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, ვიცოდი კიდეც, რომ რთული თამაში გველოდა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კარში ბევრჯერ დავარტყით და ბევრი კუთხური მოვიპოვეთ. მაგრამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ“, – ამბობს ცხადაძე.

კახა ჩხეტიანი („ტორპედო“):

„პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
ფეხბურთელების დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ”.

საინტერესოა, რომ კახა ჩხეტიანი რუსულს კარგად ფლობს, მაგრამ მედიასთან მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა. ამის გამო ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რატომ საუბრობდა ქართულად, რაზეც ჩხეტიანმა უპასუხა:

„იმიტომ, რომ უძველესი და ძალიან ლამაზი ენაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მშობლიურ ენას პატივს ვცემ და ამიტომ ვლაპარაკობ ქართულად“.

„ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს, 21:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

თბილისის “დინამომ” ანდორას “ენგორდანი” 6:0 გაანადგურა.
თავიდანვე გამოჩნდა, რომ მეტოქე კლასში სხვაობა ძალიან დიდია და საბოლოოდ „დინამომ“ უპრობლემოდ გაიმარჯვა, რითაც მომდევნო ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გაინაღდა.

დინამო – ენგორდანი 6:0
გოლები: 1:0 ნინუა (6), კუხიანიძე (21), 3:0 ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69, პენ), 5:0 კუხიანიძე (71), 6:0 ზარია (80)

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, კუხიანიძე (ქარდავა 76), შენგელია (დაფე 63) , პაპავა (ზარია 58), ქიმაძე, კუტალია, ნინუა, ქავთარაძე

ფელის ვისენტე (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი):

„ყოველთვის კონკრეტულ შეხვედრაზე ვფიქრობთ. დღეს დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ. ახლა საპასუხო მატჩზე ვკონცენტრირდებით. ვეცდებით, ის მატჩიც მოვიგოთ.
მოდუნებას არ ვაპირებთ, შეიძლება ცვლილებებიც იყოს, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, დავაკვირდებით, ვინ რა კონდიციაში იქნება.
არ არის გამორიცხული, დღევანდელი შედეგიდან გამომდინარე, საპასუხო მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ითამაშონ.
ახალმოსული ფეხბურთელების ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. 18 ივლისს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და შესაძლოა, მანამდე ახალი მოთამაშეები დავიმატოთ, თუმცა ეს შემადგენლობაც ძლიერია.

“ენგორდანისა” და “დინამოს” საპასუხო დაპირისპირება 18 ივლისს, 21:30 საათზე დაიწყება.

 

საჩხერის “ჩიხურამ” სტუმრად “ფოლას” 2:1 მოუგო.

ანგარიში მასპინძლებმა პენალტით გახსნეს.
მეორე ტაიმში “ჩიხურამ” უფრო მწვავედ შეუტია და რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი სარდალიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც მაისაშვილის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ყველას დაასწრო.
86-ე წუთზე კი დეკანოიძე საჯარიმოში წაააციეს, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და კორიფაძემ „ჩიხურას” გამარჯვება მოუტანა.

ფოლა – ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 სინანი (23, პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), კორიფაძე (86, პენ)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 77), კორიფაძე, დეკანოიძე (კაშია 90), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (კაშია 65)

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები