22 ივნისს 1986 წლის მექსიკის მუნდიალის ლეგენდარული მეოთხედფინალი შედგა: არგენტინა – ინგლისი. იმ დღეს მეხიკო სიცხისგან იწვოდა, ამის გარეშეც “აცტეკაზე” მაგარი ცეცხლი დაინთებოდა. ფოლკლენდის კონფლიქტი ჯერ ისევ მძაფრად რჩებოდა მეხსიერებაში (258 ბრიტანელი და 649 არგენტინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა), ამიტომ ორივე მხარისთვის ეს დაპირისპირება მაქსიმალურად პრინციპული იყო.

შესაძლოა ამანაც მისცა ბიძგი ლეგენდარულ არგენტინელს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ეთამაშა ფეხბურთის ისტორიაში. მთელი პირველი ტაიმი ტერორში ყავდა ინგლისელთა დაცვა, მეორე ტაიმში კი გაიტანა კიდეც: 51-ე წუთზე “ღმერთის ხელით” სკანდალური გოლი შეაგდო.

სამ წუთში კი ნამდვილი სასწაული შექმნა.

ექტორ ენრიკემ მოედნის ცენტრში მიუგორა ბურთი, მარადონა დაიძრა. სანამ საჯარიმომდე მიაღწევდა ბერდსლი, რიდი, ბუტჩერი და ფენვიკი მოიშორა. მეკარე შილტონთან დარჩენილმა, ცრუ მოძრაობით გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

“მარადონა! გენიოსი, გენიოსი, გენიოსი! გოოოლ! ტირილი მინდა, ო დიადო, გაუმარჯოს ფეხბურთს! აი ეს არის გოლი! დიეგოლი! მარადონა! – ჭკუაზე არ იყო ურუგვაელი კომენტატორი ვიკტორ უგო მორალესი.

 

ავტობიოგრაფიაში “მე ვარ დიეგო”, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, მარადონამ აღწერა, როგორ მოახერხა ამ სასწაული გაკეთება.

“საქმე ასე იყო: დავიწყე ცენტრიდან, გავედი მარჯვნივ, გავძვერი ბერდსლის და რიდის შორს და წავედი, კარამდე საკმაოდ რჩებოდა… ცენტრისკენ გადავინაცვლე, ბუტჩერს გავცდი და აქ ვალდანო დამეხმარა, რადგან ბოლო მცველი ფენვიკი ჩემზე არ მოდიოდა. ველოდებოდი ამას  როდის იზამდა, რომ ვალდანოსთვის პასი მიმეცა და ისიც ერთი ერთზე დარჩებოდა შილტონთან… კინაღამ მომცელა ამ ფენვიკმა. გავაგრძელე წინ წასვლა და ჩემ წინ მარტო შილტონია… ის ისევ იმ ადგილზე იდგა, როგორც “უემბლის” ეპიზოდში (საუბარია 1980 წელს ინგლისი-არგენტინის ამხანაგურ მატჩზე). იგივე გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ღმერთი დამეხმარა… ისე გავაკეთე, რომ შილტონი ჩემ ფინტზე წამოეგო. თითქმის პირით ხაზთან მივედი და ბურთი კარში შევაგორე… ამ დროს ბუტჩერი ისევ დამეწია და ფეხებში ჩამიხტა, მაგრამ უკვე არაფერს აღარ ქონდა მნიშვნელობა, მე ხომ მთელი ცხოვრების გოლი გავიტანე”.

“რამხენი აღფრთოვანებაა, რამდენი პატივია მისთვის, მაგრამ მე რომ ის გადაცემა არ გამეკეთებია, ამ გოლს ხომ ვერ გაიტანდა” – ამბობდა ენრიკე.
ის ხშირად ხუმრობდა ამ თემაზე. ერთხელ ისიც კი თქვა, მარადონას ალბათ მოკლავდნენ ასეთი პასის მერე რომ არ გაეტანაო.
ან თუდაც ეს – ისეთი პასი მივეცი, მერე გატანას რაღა უნდოდაო.

 

მარადონას წარმოუდგენელი გოლი ინგლისელებმაც დააფასეს და ვარსკვლავებმა გარი ლინეკერმა, კრის უოდლიმ თავიანთი აღფრთოვანება არ დამალეს.
საინტერესოდ აღწერს იმ ეპიზოდს პიტერ რიდი, ერთ-ერთი, რომელიც მაშინ მარადონამ მოატყუა.

“ახლაც კი, 30 წელიწადზე მეტია გასული და უდიდეს იმედგაცრუებას ვგრძნობ, რომ მაშინ მარადონა არ შევაჩერე. შემეძლო გავმხადარიყავი ის, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გააჩერა, გამეჩერებინა ის, ვინც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატიდან გააგდო. სიზმრებში ჯერ ისევ მივსდევ მარადონას. მაგრამ როგორც არ უნდა ვცადო, არაფერი არ გამომდის”, – გამოტყდა რიდი.

2002 წელს ფიფას ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვით გულშემატკივრებმა მარადონას გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი XX საუკუნის ყველაზე ლამაზ გოლად აღიარეს.

მსგავსი თემები