LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ენის შესწავლა: 5 მითი, რომელიც ახალი ენის ათვისებაში ხელს გიშლით

36
1562573700

ენის შესწავლა ყოველთვის დაკავშირებული იყო გარკვეულ სტერეოტიპებთან და მითებთან. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი სწავლაში თავის წარუმატებლობას სწორედ ამ ცრურწმენებს აბრალებს. მოდი თვალით გადავავლოთ რამდენიმე საკითხს და გავერკვეთ თუ რატომ არ აქვს ამ მითებს კავშირი რეალობასთან.

მითი #1: ენობრივი შესაძლებლობები
ყველაზე საშიში მითი – ეს არის მითი ენობრივ შესაძლებლობებზე. ის რომ საზოგადოება ორ ჯგუფად იყოფა: ჰუმანიტარები და ტექნიკოსები. ანუ თუკი „მათემატიკოსი“ ხარ, რამდენიც არ უნდა ეცადო, ენას ვერ ისწავლი.
არადა სინამდვილეში ეს ერთი დიდი სისულელეა. ტვინში არ არის განცალკევებული ადგილი, რომელიც ენის ფლობაზეა პასუხისმგებელი. დიახ ზოგი ადამიანი უფრო ნიჭიერია და ენის ათვისება უფრო მარტივად შეუძლია. თუმცა, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, დაბადებიდან ყველაზე ნიჭიერი, მომავალში ყველაზე წარმატებულს არ ნიშნავს.

მითი#2: ენის უკეთ შესასწავლად შესაბამისი გარემოა საჭირო
რამდენჯერ გაგვიგია მეგობრებისგან თუ ახლობლებისგან, რომ უცხო ენის შესასწავლად შესაბამის ქვეყანაში წასვლაა საჭირო. სახლში კი ვერა, სახლში არ გამოვა.
არადა რეალობა სულ სხვა სიტუაციას ქმნის. ასობით ემიგრანტის მაგალითი ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყანაში ათობით წლის გატარებაც კი არ არის იმის გარანტია, რომ ენა საშუალო დონეზე მაინც შეისწავლოთ. მიზეზი შესაძლოა განსხვავებული იყოს: ბანალური სიზარმაცით დაწყებული ფსიქოლოგიური ბლოკით დასრულებული.
ამიტომ თუკი ფიქრობთ, რომ საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა ენის შესასწავლად საკმარისი იქნება, ილუზიებით თავს ნუ დაიმშვიდებთ. ენის სწავლა ყველგან ერთნაირი წარმატებითაა შესაძლებელი.

მითი#3: უცხო ენაზე აქცენტის გარეშე საუბარი შეუძლებელია
ამ მითის ბევრ ადამიანს სჯერა და მას ცუდი წარმოთქმის გასამართლებლად იყენებს. საბედნიეროდ, მსგავსი შეხედულება არასწორია. სინამდვილეში უცხო ენაზე აქცენტის გარეშე საუბარი შესაძლებელი და აუცილებელიც კია. ეს არის ის სტანდარტი, რომლისკენაც თავიდანვე უნდა ისწრაფოდეთ.
ამ პრობლემის მოგვარების გასაღები სწავლის მეთოდში იმალება. საქმე ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში წარმოთქმის უნარს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, გრამატიკასა და სიტყვების დაზუთხვაზე მუშაობენ. არადა აქცენტს დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს.
არ შეგეშინდეთ მიბაძოთ ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში წარმატება სწორედ „მსახიობურ“ შესაძლებლობებზე და დეტალების შემჩნევის უნარზეა დამოკიდებული.

მითი#4: იმისათვის რომ ენას ფლობდე, მას 5,10, 20 წელი უნდა სწავლობდე
წარმატება სწავლაზე დახარჯული საათების რაოდენობით არ განისაზღვრება. რამდენი ადამიანი იცით ინგლისურს ლამის 20 წლის განმავლობაში რომ სწავლობს – სკოლაში, უნივერსიტეტში, რეპეტიტორთან, კურსებზე – და საბოლოო ჯამში ორ სიტყვას ძლივს თუ გადააბამს.
არადა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა არა რაოდენობა, არამედ ხარისხია მნიშვნელოვანი. შესაძლოა რეპეტიტორებს 10 წელი მოახმაროთ და არც არაფერი იცოდეთ, ან ერთწლიანი ინტენსიური სწავლის შემდეგ მაგარი შედეგი მიიღოთ. საკუთარ თავს ძალიან მკაფიო მიზანი უნდა დაუსვათ, უპასუხოთ კითხვას – თუ რატომ სწავლობთ ამ ენას და შემდეგ ეფექტური გეგმა შეადგინოთ.

მითი#5: ერთდროულად რამდენიმე ენის სწავლა არ შეიძლება

არადა შეიძლება კი არა, აუცილებელიცაა. თუმცა, გაითვალისწინეთ ერთი რამ. უმჯობესია ჯერ ერთი ენით დაიწყოთ, ის A2 დონემდე მაინც ისწავლოთ და შემდეგ მეორეს შეუდგეთ. ამის გარდა სხვა არანაირი წესი ან რეკომენდაცია არ არსებობს. ისწავლეთ იმდენი ენა რამდენიც გსურთ და თან ისე როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები