LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი იტალია: როდესაც კანავარო, დელ პეირო და სხვები ჯარში თამაშობდნენ

247
rue22e05d0e98

„შეიცვალა არა მარტო ფეხბურთი, არამედ მთლიანად სამყარო. როდესაც მატჩამდე ვხედავ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ინსტაგრამზე სელფს დებენ, მინდა ბეისბოლის ბიტა ავიღო და ყბაში მოვცხო“.

„რომას“ კაპიტანი დანიელე დე როსი არავის ბიტა არ ყოფილა, მას ემოციების კონტროლი ეხერხება. მაგრამ ახალგაზრდებზე საკუთარი ემოცია Corriere dello Sport-თან წამოცდა და გამოხმაურება განსხვავებული მოყვა. ზოგმა დროში ჩარჩენილი უწოდა, ზოგმა მართლა ბიტას აღება შეთავაზა, ოღონდ ყბის ნაცვლად ტელეფონის დასამსხვრევად. ამბობდნენ, რომ კაპიტნის უფლებით მას გასახდელში წესები უნდა დაემყარებინა და სოცქსელები აეკრძალა. საუკეთესო ვარიანტი კი – ინსტაგრამ-ტვიტერ-ფეისბუქის ყველა მოყვარული ჯარში გაუშვან, სადაც „ნამდვილ კაცებად“ აქცევენ.

 

90-იან წლებში იტალიაში ფეხბურთელი მარტო თამაშით არ შემოიფარგლებოდა – ერთი წლით არმიაში მიდიოდა. თუმცა ბევრისთვის ჯარი ხანმოკლე ვიზიტებით მთავრდებოდა, მიიღებდნენ უნიფორმას და სროლაში ერთი-ორი ვარჯიში უტარდებოდათ – პროფესიონალ სპორტსმენებს შეღავათები ქონდათ.

„უბრალოდ ვაჩვენებდი, რომ ვითომ ვისროდი, – ყვებოდა დელ პიერო. ცხოვრებაში ერთხელ ვესროლე, თეფშებს. სრული კრახი იყო“.

რობერტო მანჩინი და პაოლო მალდინი 1988 წელს სამხედრო ამსაახურში „სამპდორიას“ და „მილანის“ ძირითადი ფეხბურთელების რანგში მივიდნენ. ნიჭიერ ბიჭებს ჟურნალისტები თან დაყვებოდნენ და გარისკვა არც გუნდებს სურდათ და არც სამხედროებს, ამიტომ ერთადერთი, რაც ახალწვეულებს ევალებოდათ, იტალიის სამხედრო ნაკრებში თამაში იყო.

არ გსმენიათ ამაზე? არადა მთავარ გუნდზე ბევრად წარმატებული ისტორია აქვს. იტალიელ სამხედროებს მსოფლიო ჩემპიონატის 15 მედალი აქვთ: რვა ოქრო, ოთხი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. 1997 წელს პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის სავალდებულო გამოძახება გაუქმდა და ეს ნაკრების შედეგებსაც დაეტყო.
გუნდში, რომელმაც 1987 წელს გადამწყვეტ მატჩში გერმანიას აჯობა, იყვნენ ჩირო ფერარა და ჯანლუკა ვიალი, რომელმაც ორიდან ერთი გოლი შეაგდო. გერმანელების მხარეს ბოდო ილგნერი და ოლივერ ბირჰოფი გამოდიოდნენ.

1995 წლის იტალიის ნაკრებში თამაშობდნენ ნიკოლა ამორუზო (იტალიის სამგზის ჩემპიონი „იუვეს“ რიგებში, 113 გოლი სერია ა-ში), ფრანცესკო ფლაკი (40 გოლი, „სამპდორია“), ფაბიიო გალანტე (300-ზე მეტი მატჩი, თამაშობდა „ინტერში“, „ტორინოსა“ და „ლივორნოში“), მომავალი ევროპის ვიცე-ჩემპიონები სტეფანო ფიორე და მარკო დელვეკიო, ფაბიო კანავარო და ალესანდრო დელ პიერო. მწვრთნელ ჯენარო ოლივიერის უკვე წარმატებული ახალგაზრდების მონდომებასთან პრეტენზია არასოდეს ქონია.

1995 წელს სამხედრო ნაკრებებს შორის მსოფლიო პირველობა რომში ჩატარდა. ფავორიტმა მასპინძლებმა ჯგუფი მარტივად მოიგეს, მეოთხედფინალში კი სენსაცია მოხდა – დელ პიეროს გოლს კვიპროსელებმა ორით უპასუხეს. იტალიელებმა მატჩი შვიდი კაცით ჩაამთავრეს.
წითელი ბარათები მიიღეს დელ პიერომ, კანავარომ, დელვეკიომ და პოვანელიმ. თამაშის შემდეგ გვირაბში რამდენიმე მოთამაშე მსაჯს მივარდა და მათ ეს ფიფას ეგიდით საერთაშორისო კარიერად დაუჯდათ. მათ შორის იყვნენ ფლაკი, ამორუზო და ფიორე.

ოლივიერიმ მაშინ ბიჭებს უთხრა: „თქვენ მაგარი ბიჭები ხართ, წინ დიდი კარიერა გელოდებათ. ჩვენ ვერ მოვიგეთ სამხედრო ჩემპიონატი, მაგრამ თქვენ მოიგებთ ნამდვილს“. 11 წლის შემდეგ კანავარომ და დელ პიერომ ბერლინში მსოფლიო თასი ასწიეს.

როდესაც“სკუადრა აძურიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, სამხედრო ნაკრები უკვე აღარ არსებობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები